2019 წლის 30 დეკემბერი
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან
ციკლონ „იდაის“ შემდეგ იეჰოვას მოწმეებმა დაზარალებულთა დახმარების ფართომასშტაბიანი პროექტი წამოიწყეს
2019 წლის მარტში აფრიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპირო ზოლს ციკლონმა „იდაიმ“ გადაუარა. მალავის, მოზამბიკისა და ზიმბამბვეს ფილიალებმა დაუყოვნებლივ ჩამოაყალიბეს სტიქიური უბედურებებით დაზარალებულთა დახმარების 14 კომიტეტი იმ მიზნით, რომ და-ძმებისთვის სათანადო დახმარება დროულად გაეწიათ. ჩვენმა და-ძმებმა აღნიშნული სამი ქვეყნის მასშტაბით დაზიანებული 1 434 სახლიდან უკვე აღადგინეს ან შეაკეთეს 650 სახლი. დაზიანებული 29 სამეფო დარბაზიდან ხელახლა ააშენეს 8 და შეაკეთეს 10 სამეფო დარბაზი.
ბოლო 9 თვის განმავლობაში 3 500-ზე მეტმა და-ძმამ მიიღო მონაწილეობა ფართომასშტაბიან დახმარების პროგრამაში. აქედან ზოგ მოხალისეს შორი მანძილიდან მოუწია ჩამოსვლა. ისინი ჩამოვიდნენ აფრიკის ქვეყნებიდან, აგრეთვე ბრაზილიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან და შეერთებული შტატებიდან. გამოცდილმა მოხალისეებმა ადგილობრივ ძმებს ასწავლეს ზოგიერთი ხელობა, მაგალითად, კედლის ამოყვანა და სადურგლო საქმე.
მოზამბიკში, მანიკისა და სოფალის პროვინციებში ციკლონმა „იდაიმ“ ჩვენს და-ძმებს მოსავლის დაახლოებით 70 პროცენტი გაუნადგურა. ფილიალის ხელმძღვანელობით სტიქიური უბედურებებით დაზარალებულთა დახმარების კომიტეტმა ამ პროვინციებში 430 ტონამდე საკვები დაარიგა. დახმარების კომიტეტმა ისეთი საკვები შეარჩია, რასაც იქაური მოსახლეობა მიირთმევდა, რაც მოიცავდა სიმინდის ფქვილს, ლობიოს, ზეთს, მარილს და შაქარს. გარდა ამისა, მათ დაარიგეს 5 ტონა პომიდვრის, სიმინდისა და ბრინჯის თესლი.
მალავის ფილიალის გეგმით, დაზარალებულთა დახმარების სამუშაოები მალავიში 2020 წლის თებერვლისთვის უნდა დამთავრდეს. მოზამბიკის ფილიალი კი 2020 წლის იანვრისთვის გეგმავს აღნიშნული სამუშაოების დასრულებას. ზიმბაბვემ 2019 წლის სექტემბერში დაასრულა ამგვარი სამუშაოები. მთლიანობაში ამ ფართომასშტაბიანი ოპერაციების შესასრულებლად დაახლოებით 4 მილიონი ამერიკული დოლარია საჭირო.
ტრენტ ედსონი, ზიმბაბვეს ფილიალის კომიტეტის წევრი, რომელიც მსახურობს სტიქიური უბედურებებით დაზარალებულთა დახმარების განყოფილებაში, ამბობს: და-ძმები, რომელთა სახლებიც ხელახლა ააშენეს, სიხარულისგან ცას ეწივნენ. ადგილობრივი თუ სხვა ქვეყნიდან ჩამოსული და-ძმების მზრუნველობა და სიყვარული, დიდი დამოწმება იყო გარშემომყოფთათვის. ბევრს სურდა დაზარალებულთა დახმარება. ისინი მზად იყვნენ ნებისმიერი საქმის შესასრულებლად“.
მადლობას ვუხდით იეჰოვას გასაჭირში გამოვლენილი ძმური სიყვარულისთვის იმ 10 000-ზე მეტ და-ძმასთან ერთად, ვინც სამხრეთ-აღმოსავლეთ აფრიკაში სტიქიის შედეგად დაზარალდა.
მოხალისეებმა ხელახლა ააშენეს ძმა ველოსი მბენდერას და მისი მეუღლის, და ესინალა მბენდერას სახლი. ისინი მალავიში, ქოლონგ ონჯოის კრებაში არიან.
ძმა ნეემია ტიგერი და მისი მეუღლე, და ფატიმა სენგამი ტიგერი, დგანან თავიანთი ახალი სახლის წინ ზიმბამბვეში.
ძმა ვითნეს ჯაბუ და ძმა ავგუსტინე კამაძი, რომლებიც სარაიონო ზედამხედველებად მსახურობენ, ინახულებენ მალავიში, ნჩალოში მცხოვრებ ერთ ოჯახს, რომლის სახლიც სტიქიამ დააზიანა.
ძმები ცლიან სიმინდის მარცვალს, რომლებიც უნდა დაურიგდეს მოზამბიკელ ძმებს.
ძმებმა კანოეებით უნდა გადაკვეთონ მდინარე შირე, რათა დახმარება მიუტანონ საზღვართან მცხოვრებ ძმებს მოზამბიკში.
და-ძმებს მიაქვთ მალაველი თანაქრისტიანებისგან გამოგზავნილი დახმარება სოფელ ტენგანში (მოზამბიკი) არსებულ სამეფო დარბაზში, საიდანაც მოხდება მათი გადანაწილება დაზარალებულთათვის.
და-ძმები სოფელ ტენგანის (მოზამბიკი) სამეფო დარბაზში იღებენ დახმარებას.