არჩეულ მასალაზე გადასვლა

მალავის ტბაზე ძმა კანოეში ზის და ვიდეოფაილებს ტვირთავს კრების შეხვედრებისთვის.

2020 წლის 29 დეკემბერი
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან

ძმები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ დაშორებულ ტერიტორიებზე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ჩაატარონ კრების შეხვედრები

ძმები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ დაშორებულ ტერიტორიებზე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ჩაატარონ კრების შეხვედრები

პანდემიის გამო მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეები კრების შეხვედრების ჩასატარებლად სხვადასხვა ტექნოლოგიას იყენებენ. მაგრამ დაშორებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ და-ძმებს, რომელთაც ინტერნეტზე ხელი ადვილად არ მიუწვდებათ, განსაკუთრებული ძალისხმევის ფასად უჯდებათ სულიერი განრიგის მიყოლა. პარალელურად, ისინი იმაზეც ზრუნავენ, რომ ზედმიწევნით დაიცვან კოვიდ-19-თან დაკავშირებული უსაფრთხოების რეგულაციები. განვიხილოთ აფრიკის ორი ქვეყნის მაგალითი.

მალავი

ბევრ და-ძმას არ აქვს ინტერნეტთან წვდომა, რის გამოც მათ არ შეუძლიათ „ზუმის“ აპლიკაციის გამოყენება. ყოველკვირა მალავის ფილიალი ყველა კრების უხუცესებს უგზავნის შეხვედრების ვიდეოჩანაწერს მობილური ინტერნეტის მეშვეობით. შემდეგ კი უხუცესები მიღებულ ფაილებს თავიანთი კრების მაუწყებლებს აწვდიან.

ამ მეთოდის გამოყენება არც ისე ადვილი აღმოჩნდა ჩაროს კრების მაუწყებლებისთვის, რომლებიც ჩრდილოეთ მალავის მაღალმთიან რაიონში, მალავის ტბასთან ახლოს ცხოვრობენ. ამ ტერიტორიაზე მთების გამო მობილური კავშირი ჩახშობილია. ამიტომ უხუცესს კილომეტრების გავლა უწევს იმ ადგილამდე მისასვლელად, სადაც კარგი დაჭერაა, რათა ფილიალიდან გამოგზავნილი ფაილები ჩამოტვირთოს. შემდეგ ის უკან ბრუნდება და მთებში მცხოვრები ყველა მაუწყებლის სახლთან სათითაოდ მიდის, რომ შეძლოს მათთვის შეხვედრების ფაილების გადაგზავნა ბლუთუზით (მონაცემთა გადაცემის უსადენო ტექნოლოგია).

არც ისე დიდი ხნის წინ უხუცესებმა შეიტყვეს, რომ უფრო ძლიერი სიგნალის მიღება გაცილებით ახლოს, მალავის ტბაზე იყო შესაძლებელი. ამ ამბავმა ისინი ძალიან გაახარა. ძმები კანოეთი მიდიან ტბაზე და როგორც კი მთებს გასცდებიან, შეუძლიათ ვიდეოფაილების ჩამოტვირთვა. ასეთი სახით უხუცესები ბევრ დროს ზოგავენ.

მოზამბიკი

ჩრდილოეთ მოზამბიკის დაშორებულ ტერიტორიებზე მდებარე კრებებში სარაიონო ზედამხედველები მოხსენებებს ტელეფონების მეშვეობით გადასცემენ. ვინაიდან ვიდეოკონფერენციის მეშვეობით შეხვედრების ჩატარება ხშირ შემთხვევაში შეუძლებელია, სარაიონო ზედამხედველებს მოხსენებების წარმოთქმის დროს წინ ტელეფონები უდევთ; თითო მობილურით თითო ოჯახი უსმენს პროგრამას.

სარაიონო ზედამხედველი ძმა ალეკ კაზავე წარმოთქვამს მოხსენებას. თითო მობილურით თითო ოჯახი უსმენს შეხვედრას.

ზოგი მაუწყებელი იმდენად შორს ცხოვრობს, რომ მათ სახლთან ახლოს არ არის ფიჭური ქსელის დაფარვა. კრების შეხვედრის დრო რომ ახლოვდება, და-ძმები ეკალბარდებიანი გზის გავლით მიდიან ისეთ ადგილამდე, სადაც სიგნალი იჭერს. შემდეგ იქვე სხდებიან და ტელეფონებით ისმენენ პროგრამას.

ძმა იოჰანე ვენიო, რომელიც ამ ტერიტორიაზე სარაიონო ზედამხედველად მსახურობს, ამბობს: „ბევრი და-ძმა კრების შეხვედრებზე დასასწრებად ძალიან დიდ მანძილს გადის, რადგან მათ კარგად ესმით კრების შეხვედრების ფასი“. ასეთი სახით, იზოლაციის მიუხედავად, და-ძმები სულიერ სიმტკიცეს ინარჩუნებენ. კიდევ ერთი სარაიონო ზედამხედველი, ძმა კარლოს კორტეზეო, აღნიშნავს: „ისეთი შეგრძნება გვაქვს, თითქოს და-ძმები ისევ ერთად ვართ დარბაზში, კომენტარებს ვაკეთებთ და სიმღერებს ვმღერით. აშკარად ვხედავთ იეჰოვას ხელს, რადგან, პანდემიის მიუხედავად, ის კვლავაც აწვდის სულიერ საზრდოს თავის ხალხს“ (იოანე 21:17).