არჩეულ მასალაზე გადასვლა

7 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ, 2023
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან

100 წელი პორტუგალიურ ენაზე „საგუშაგო კოშკის“ გამოცემიდან

100 წელი პორტუგალიურ ენაზე „საგუშაგო კოშკის“ გამოცემიდან

1923 წელს ძმა ჯორჯ იანგი ბრაზილიაში ჩავიდა, რათა იქ ფილიალი გაეხსნა და სამქადაგებლო საქმისთვის ორგანიზება გაეწია. იმ პერიოდში მხოლოდ ინგლისურ ენაზე იყო ხელმისაწვდომი „სიონის საგუშაგო კოშკი და ქრისტეს მოსვლის მაცნე“ („საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ“). მალევე ძმა ჯორჯმა ორგანიზება გაუწია, რომ „საგუშაგო კოშკი“ პორტუგალიურ ენაზე ეთარგმნათ და შემდეგ ადგილობრივ სტამბაში დაებეჭდათ. პორტუგალიურ ენაზე „საგუშაგო კოშკის“ პირველი გამოცემა 1923 წლის ოქტომბერში დაიბეჭდა. 3 წლის შემდეგ იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო მთავარი სამმართველოდან (ბრუკლინი, ნიუ-იორკი, აშშ) ბრაზილიის ფილიალში საბეჭდი მანქანა გაგზავნეს, რამაც ძმებს შესაძლებლობა მისცა, თავად დაებეჭდათ ჟურნალები.

მარცხნივ: პირველი საბეჭდი მანქანა ბრაზილიის ფილიალში. მარჯვნივ: ბრაზილიის ფილიალში პორტუგალიურ ენაზე დაბეჭდილი „საგუშაგო კოშკის“ პირველი გამოცემა.

1925 წელს პორტუგალიაში დაბეჭდილი „საგუშაგო კოშკის“ პირველი გამოცემა

1925 წელს, ბრაზილიაში პორტუგალიურ ენაზე „საგუშაგო კოშკის“ პირველი გამოცემიდან 2 წლის შემდეგ, ძმებმა პორტუგალიაშიც დაიწყეს „საგუშაგო კოშკის“ ევროპულ პორტუგალიურზე თარგმნა. თუმცა მთარგმნელობითი საქმიანობა დიდხანს არ გაგრძელებულა. 1933 წელს პორტუგალიაში დიქტატორული რეჟიმი დამყარდა და მოწმეების დევნა დაიწყო. მომდევნო ათწლეულების განმავლობაში პორტუგალიელი და-ძმები ბრაზილიაში გამოცემულ „საგუშაგო კოშკს“ იყენებდნენ. ერთი და იზაბელი, რომელიც პორტუგალიაში ამ რეჟიმის დროს ცხოვრობდა, აღნიშნავს: „ყურადღებას გრამატიკულ შეცდომებსა თუ სიტყვების ზუსტ მნიშვნელობებს კი არ ვაქცევდი, არამედ იმას, თუ რისი თქმა სურდა იეჰოვას ჩემთვის. ძალიან მადლიერი ვარ ბრაზილიელი და-ძმების, რომლებიც პორტუგალიურ ენაზე გვიგზავნიდნენ პუბლიკაციებს მაშინ, როცა ისინი ჩვენს ქვეყანაში არ იყო ხელმისაწვდომი“.

1961 წელს, როდესაც ინგლისურ ენაზე „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ერთ ტომად გამოიცა, მისი თარგმნის ნებართვა კიდევ ექვს ენაზე გაიცა, მათ შორის პორტუგალიურზე. მართალია, ეს სირთულეებთან იყო დაკავშირებული, მაგრამ ბრაზილიაში პორტუგალიური მთარგმნელობითი ჯგუფი ცდილობდა, თარგმნისას ისეთი სიტყვები და ფრაზები გამოეყენებინა, რომლებსაც ყველა პორტუგალიურენოვანი გაიგებდა. ათწლეულების მანძილზე ისინი ამ მიდგომას იყენებდნენ „საგუშაგო კოშკის“ თარგმნის დროსაც. თუმცა 2017 წელს ნებართვა გაიცა, რომ „საგუშაგო კოშკი“ როგორც პორტუგალიურ (ბრაზილია), ისე პორტუგალიურ (პორტუგალია) ენებზე ეთარგმნათ.

და-ძმები „საგუშაგო კოშკის“ დახმარებით სასიხარულო ცნობას ავრცელებენ (ზემოთ მარცხნიდან საათის ისრის მიმართულებით: ანგოლა, ბრაზილია, პორტუგალია და მოზამბიკი).

დღესდღეისობით მთელ მსოფლიოში 1,2 მილიონი პორტუგალიურენოვანი მაუწყებელია და დაახლოებით 260 მილიონი ადამიანი საუბრობს ამ ენაზე. ვლოცულობთ, რომ უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს „ღვთის დიდებული საქმეების შესახებ“ (საქმეები 2:11).