2019 წლის 11 ოქტომბერი
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან
2019 წლიური შეხვედრის მნიშვნელოვანი ფრაგმენტები
შაბათს, 2019 წლის 5 ოქტომბერს, „პენსილვანიის საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოებამ“ ყოველწლიური შეხვედრა ჩაატარა ქალაქ ნიუბურგში (აშშ, ნიუ-იორკი) მდებარე იეჰოვას მოწმეთა საკონგრესო დარბაზში. შეხვედრის ოფიციალური ნაწილის შემდეგ ხელმძღვანელმა საბჭომ სულიერად გამამხნევებელი პროგრამა წარუდგინა აუდიტორიას, რომელიც 20 679 ადამიანისგან შედგებოდა. მათ რიცხვში შედიოდნენ ის და-ძმებიც, რომლებიც ტრანსლაციით ისმენდნენ პროგრამას სხვადასხვა ადგილიდან. გთავაზობთ თითოეული ნაწილის მოკლე მიმოხილვას. a
„ერთი გყავთ წინამძღოლი — ქრისტე“
შეხვედრა გახსნა პროგრამის თავმჯდომარემ, ძმა გერიტ ლოშმა. მისი მოხსენება დაფუძნებული იყო მათეს 23:10-ზე. მან შეგვახსენა, რომ ჩვენი წინამძღოლი იესო ქრისტეა და არა რომელიმე ადამიანი.
იეჰოვამ „სამადლო საქმით“ ბევრი ანუგეშა
ძმა სტივენ ლეტმა ხაზი გაუსვა იმას, თუ რამდენად მნივშნელოვანია სიხარულით გაცემა. სიკეთისა და გულუხვობის გამოვლენის ერთ-ერთი საშუალება „სამადლო საქმეში“ მონაწილეობაა. ძმა ლეტმა წარადგინა მოკლე ანგარიში 2018—2019 სამსახურებრივ წლებში სტიქიური უბედურებებით გამოწვეული ზარალის შესახებ და აღნიშნა, რა გაკეთდა დაზარალებულთა დასახმარებლად. სტიქია შეეხო ჩვენს 900 000 თანამორწმუნეს; დაინგრა ან დაზიანდა 700-ზე მეტი სამეფო დარბაზი და ჩვენი და-ძმების 15 000 სახლი. იეჰოვას მოწმეებმა მთლიანობაში „სამადლო საქმეში“ 49,5 მილიონი დოლარი დახარჯეს.
შეხვედრის ამ ნაწილში ნაჩვენები იყო არაერთი ვიდეო, რომლებშიც დაზარალებული და-ძმები გამოხატავდნენ უდიდეს მადლიერებას გაწეული დახმარებისთვის.
ჩვენი ღვთის ხელი ჩვენს სასიკეთოდაა ... „ავდგეთ და ავაშენოთ“ | ვიდეო
ამ ვიდეოში ნათქვამი იყო, რომ იეჰოვას მოწმეები 80 000 შენობა-ნაგებობის მოვლაზე ზრუნავენ მთელი მსოფლიო მასშტაბით. მასში აგრეთვე ახსნილი იყო, თუ რა მეთოდებს ვიყენებთ თეოკრატიულის საქმიანობისთვის განკუთვნილი შენობების მოსავლელად, შესაკეთებლად, გასაფართოებლად და ასაშენებლად.
რამდენიმე საკუთრების შესყიდვა | ვიდეო
ამ ვიდეოში წარმოდგენილი იყო არქივიდან ამოღებული ინტერვიუები სამ ძმასთან, რომლებიც მონაწილეობდნენ შეერთებული შტატების ფილიალისა და მთავარი სამმართველოს შენობების შერჩევასა და შესყიდვაში. ეს ძმები იყვნენ: მაქს ლარსონი, ჯორჯ ქოუჩი და გილბერტ ნაზაროვი. სამივე ძმა იხსენებდა, თუ როგორ ხედავდნენ იეჰოვას ხელს სხვადასხვა საკუთრების შესყიდვების საქმეში.
ახალი სამშენებლო პროექტი | ვიდეო
ვიდეოში გაკეთდა განცხადება იმის თაობაზე, რომ იგეგმება მედია განყოფილების გადატანა ახალ შენობა-ნაგებობაში, რომელიც განთავსდება რამაპოში (ნიუ-იორკი). ეს ადგილი 3 კილომეტრითაა დაშორებული მსოფლიო მთავარი სამმართველოდან. გეგმის მიხედვით, მშენებლობა დაიწყება 2022 წელს და დასრულდება 2026 წლის დეკემბერში. მშენებლობის ყველაზე აქტიურ ფაზაში ყოველდღიურად საჭირო იქნება 1 500 მოხალისე.
განცხადებების შევსების ახალი მეთოდი | ვიდეო
ამ ვიდეოში აღნიშნული იყო, რომ 2020 წლის იანვრიდან მსახურების გაფართოებით დაინტერესებულ მაუწყებლებს შეეძლებათ, jw.org-ზე შეავსონ განცხადებები და განხილვისთვის თავიანთი კრების უხუცესთა საბჭოს გადაუგზავნონ.
JW.ORG-ზე განთავსებულ აუდიო ფაილებზე წვდომის ახალი საშუალება
JW.ORG-ზე განთავსებული აუდიო მასალა შეგიძლიათ ჩართოთ იმ მოწყობილობებით, რომელთაც აქვთ Amazon Alexa-ს ან Google Assistant-ის მხარდაჭერა.
თავდასხმა ჩრდილოეთიდან მოვა
ძმა დეივიდ სპლეინმა დაწვრილებით ახსნა იოელის მე-2 თავში ჩაწერილი წინასწარმეტყველება კალიების შემოსევასთან დაკავშირებით. ერთი სული გვაქვს, როდის განვიხილავთ წინასწარმეტყველების ამ ახალ გაგებას „საგუშაგო კოშკის“ სასწავლო სტატიაში.
შევისწავლოთ ბიბლია სასწავლო ბიბლიის გამოყენებით
ძმა სამუელ ჰერდმა ისაუბრა ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ სასწავლო გამოცემის მნიშვნელოვან მხარეებზე, რომელიც დღემდე მხოლოდ ელექტრონული ფორმატით იყო ხელმისაწვდომი. შემდეგ მან გამოაცხადა, რომ გამოიცა „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ სასწავლო გამოცემის ბეჭდური ვერსია „მათედან“ „საქმეების“ ჩათვლით. მაუწყებლებს შეუძლიათ გამოიწერონ ეს პუბლიკაცია თავიანთ კრებებში.
საქმე გვაქვს საკეთებელი!
ძმა ენტონი მორისმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დავალება სასიხარულო ცნობის ქადაგებაა. ხელმძღვანელი საბჭო ორგანიზებას უწევს სამქადაგებლო საქმეს და სულიერ საზრდოს აწვდის ღვთის ხალხს. ძმა მორისმა 1976 წლის 15 ნოემბრის „საგუშაგო კოშკიდან“ მოიყვანა ციტატა, სადაც ეწერა: „დიდი გასაჭირის მოსვლისას ქადაგების საქმე კულმინაციურ წერტილამდე იქნება მიღწეული. უფალ იესოს მოსვლა კაცობრიობის გასასამართლებლად მოულოდნელი იქნება ყველასთვის, იეჰოვას ხალხისთვისაც კი, რადგან ისინი იმ დროს ქადაგების საქმით ისე იქნებიან დაკავებულნი, როგორც არასდროს!“
რის უნდა გვეშინოდეს?
ძმა მარკ სანდერსონმა ახსნა იესოს წინასწარმეტყველება, რომლის თანახმადაც, ღვთის ხალხს შეიძულებს „ყველა ხალხი“ (მათე 24:9). თუმცა მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ჩვენ ადამიანის კი არა, იეჰოვასი უნდა გვეშინოდეს (ფსალმუნი 111:10).
წარმოდგენილი ვიდეო ყველა დამსწრის გულს შეეხო; მასში აღწერილი იყო ის, თუ როგორ გადალახეს რუსეთში მცხოვრებმა და-ძმებმა დევნის შიში. ამ მოხსენებამ და ვიდეომ მოუწოდა იეჰოვას ყველა მსახურს, რომ იგივე სულისკვეთება განივითარონ.
ფხიზლობთ ყველაფერში?
ძმა ჯეფრი ჯექსონმა ისაუბრა იმაზე, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ „ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში“ მოცემული ის მუხლები, სადაც სიტყვა „სიფხიზლეა“ ნახსენები. მან აგრეთვე ახსნა, თუ რამდენად აუცილებელია, კვლავაც ვიფხიზლოთ ყველაფერში (სიტყვასიტყვით „ვიფხიზლოთ სრულად“) ამ ბოლო დღეებში (1 პეტრე 1:13).
მიიტანთ გულთან ახლოს?
ძმა კენეთ კუკმა გამოაცხადა 2020 წლის ყოველწლიური მუხლი, მათეს 28:19: „ამიტომ წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ... მონათლეთ ისინი“. მან ხაზი გაუსვა იმას, თუ რამდენად აუცილებელია, დავეხმაროთ ჭეშმარიტებას მოწყურებულ ადამიანებს, თავი მიუძღვნან იეჰოვას და მოინათლონ.
ყოველწლიური შეხვედრის მსგავსი სულიერი ღონისძიებები აღგვძრავს, კვლავაც დიდი მონდომებით ვემსახუროთ იეჰოვას.
a წლიური შეხვედრის სრული პროგრამის ვიდეოჩანაწერი განთავსდება jw.org-ზე 2020 წლის იანვარში