2020 წლის 31 აგვისტო
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან
2020 სამსახურებრივი წლის მნიშვნელოვანი მოვლენები
2020 სამსახურებრივი წლის განმავლობაში მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეები უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ. თუმცა ამ სირთულეების ფონზე გამოჩნდა, რომ და-ძმებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, ბოლომდე შეინარჩუნონ ერთგულება და ერთიანობა.
ყველაზე დიდი სირთულე კორონავირუსის პანდემიამ გამოიწვია. მრავალი წელია, მსოფლიო მსგავსი პრობლემის წინაშე არ მდგარა.
პანდემიასთან გასამკლავებლად იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციამ დაუყოვნებლივ მიიღო ზომები. მათ ახალი მეთოდები შეიმუშავეს, რათა კვლავ გაეგრძელებინათ ერთად ღვთის თაყვანისცემა, ერთმანეთის გამხნევება და სასიხარულო ცნობის ქადაგება.
მოდი შევიხსენოთ ამ უჩვეულო სამსახურებრივ წელს მომხდარი რამდენიმე „კარგი ამბავი“ (იგავები 15:30).
ბიბლიის გამოცემები
სამსახურებრივი წლის განმავლობაში მთლიანად ან ნაწილობრივ გამოიცა ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ 36 ენაზე. კორონავირუსის პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვების გამო სპეციალური შეხვედრები ვიდეოკონფერენციების მეშვეობით ჩატარდა, სადაც გამოცხადდა ბიბლიის გამოცემების შესახებ. ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ მთლიანად ან ნაწილობრივ ახლა უკვე ხელმისაწვდომია 193 ენაზე.
ხელმძღვანელი საბჭოს ანგარიშები
2020 წლის 18 მარტიდან ხელმძღვანელი საბჭოს წევრები ყოველთვიურად გვაწვდიან პანდემიასთან დაკავშირებულ სპეციალურ ანგარიშს, რომელიც ხელმისაწვდომია ვებგვერდზე jw.org და JW ბიბლიოთეკაში.
როგორც ძმა სტივენ ლეტმა აღნიშნა პირველ ანგარიშში, მართალია, პანდემიამ გარკვეული სტრესი შეგვიქმნა, მაგრამ ეს „აშკარად მეტყველებს იმაზე, რომ ასე ახლოს ბოლო დღეების დასასრულთან არასდროს ვყოფილვართ. შეიძლება ითქვას, რომ ბოლო დღეების მიწურულის მიწურულს ვართ!“.
მიუხედავად იმისა, რომ დროის ეს მონაკვეთი ძალიან რთული ასატანია, ძმა სტივენმა აღნიშნა: „იეჰოვას ხალხს პანიკის საფუძველი არა გვაქვს“.
თითოეულ ანგარიშში წარმოდგენილია გამამხნევებელი ამბები მთელი მსოფლიოდან. ამ ანგარიშებიდან ჩანს, რა გონივრულია, ხელმძღვანელი საბჭოს მითითებების გათვალისწინება. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბევრჯერ შეაქეს ჩვენი მსოფლიო საძმო იმისთვის, რომ ჩვენ მყისიერ და გონივრულ რეაგირებას ვახდენთ პანდემიაზე.
განსაკუთრებული გახსენების საღამო
უკვე ათწლეულებია, რაც იეჰოვას მოწმეები ყოველწლიურად აღნიშნავენ უფლის გახსენების საღამოს. ამ წელს მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში შეკრებები არ იყო რეკომენდირებული ან ნებართული. ამიტომ გახსენების საღამოზე დამსწრეებმა თავად იზრუნეს სიმბოლოების მომზადებაზე და მოხსენებას ვიდეოკონფერენციის მეშვეობით უყურეს.
ზოგ ადგილას შეუძლებელი იყო გახსენების საღამოს პროგრამის ჩატარება ვიდეოკონფერენციის მეშვეობით, მაგალითად, აფრიკის 11 ფილიალის ტერიტორიაზე. ამიტომ ამ ფილიალებმა მოლაპარაკებები აწარმოეს სამაუწყებლო კომპანიებთან, რათა გახსენების საღამოს პროგრამა ტელე და რადიომაუწყებლობის მეშვეობით გადაცემულიყო. შედეგად, 407 000-ზე მეტ მაუწყებელს და ჭეშმარიტებით დაინტერესებულ უამრავ ადამიანს მიეცა შესაძლებლობა, მოესმინა გახსენების საღამოს პროგრამა.
კრების შეხვედრები ტელე და რადიოუმაწყებლობის მეშვეობით
ხელმძღვანელი საბჭოს ნებართვით ზოგიერთმა ფილიალმა გადაწყვიტა, გახსენების საღამოს პროგრამის მსგავსად, კრების შეხვედრებიც ტელე და რადიომაწყებლობის მეშვეობით გადაცემულიყო. ასეთი სახით, ეკონომიკურად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქვეყნებში მცხოვრებ მაუწყებლებს შესაძლებლობა მიეცათ, მოესმინათ ყოველკვირეული კრების შეხვედრები რადიოსა და ტელევიზიის მეშვეობით. ამ საშუალებით დღემდე სარგებლობს 23 ფილიალი, რომლებიც ხელმძღვანელობენ სამქადაგებლო საქმიანობას აფრიკაში, ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და სამხრეთ ამერიკაში.
სტიქიური უბედურებებით დაზარალებულთა დახმარების კომიტეტები
COVID-19 პანდემიის გამო ბევრ ჩვენს და-ძმას უჭირს საკვებისა და აუცილებელი ნივთების შეძენა. მსოფლიო მასშტაბით ჩამოყალიბდა სტიქიური უბედურებებით დაზარალებულთა დახმარების 400-ზე მეტი კომიტეტი, რათა დახმარება აღმოუჩინონ იმ ტერიტორიებზე მცხოვრებ მაუწყებლებს, სადაც ადგილობრივი ძმები ვერ ახერხებენ მათ ფიზიკურ საჭიროებებზე ზრუნვას. ხელმძღვანელი საბჭოს გადაწყვეტილებით 2020 სამსახურებრივი წლის განმავლობაში პანდემიის შედეგად დაზარალებული 330 000-ზე მეტი მაუწყებლის საჭიროებებისთვის გამოიყო 18 მილიონ აშშ დოლარზე მეტი.
რეგიონული კონგრესები ვიდეოკონფერენციის მეშვეობით
იეჰოვას მოწმეთა ისტორიაში წელს პირველად რეგიონული კონგრესის პროგრამას და-ძმებმა ინტერნეტის მეშვეობით უყურეს. წინასწარ მოხდა კონგრესის ყველა ვიდეოსა და მოხსენების ჩაწერა. მოხსენებები ხელმძღვანელი საბჭოს წევრებმა და მათმა დამხმარეებმა წარმოთქვეს. შემდეგ კი ეს ვიდეოჩანაწერები 500-ზე მეტ ენაზე ითარგმნა. წლევანდელი რეგიონული კონგრესის პროგრამა განთავსდა ვებგვერდზე jw.org და JW ბიბლიოთეკაში; მაუწყებლებსა თუ დაინტერესებულებს სახლებიდან შეეძლოთ პროგრამის ყურება.
დევნები არ წყდება
ზოგ ქვეყანაში ჩვენს და-ძმებს კორონავირუსით გამოწვეული სირთულეების გარდა სასტიკ დევნასთან უწევთ გამკლავება.
რუსეთში ბოლო ერთი წლის განმავლობაში სამართალდამცავებმა ასობით იეჰოვას მოწმის სახლში მოაწყვეს უკანონო რეიდები და ბევრი მათგანი დააპატიმრეს. დღესდღეობით რუსეთში 42 და-ძმაა დაპატიმრებული, ყირიმში კი — 2. მას შემდეგ, რაც 2017 წელს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით აიკრძალა იეჰოვას მოწმეების საქმიანობა რუსეთში, ჩვენი და-ძმების 1 000-ზე მეტ სახლში მოეწყო რეიდები.
ყველაზე მეტი იეჰოვას მოწმე დაპატიმრებულია ერიტრეაში. ამჟამად 52 და-ძმა იმყოფება პატიმრობაში. დაპატიმრებულთა შორის არიან პაულუს ეიასუ, ისააკ მოგოსი და ნეგედე ტეკლემარიამი, რომლებიც 1994 წლის 17 სექტემბრიდან იმყოფებიან გისოსებს მიღმა სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო. მათ გარდა კიდევ 26 და-ძმაა დაპატიმრებული 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში.
განუწყვეტლივ ვლოცულობთ ყველა მათგანზე, რომ არ დაკარგონ სიმხნევე. ვიცით, რომ განსაცდელების ატანით ისინი ღმერთს ერთგულებას უმტკიცებენ (გამოცხადება 2:10).
შეუპოვრობა და მოთმინება
გასული სამსახურებრივი წლის განმავლობაში მთელ მსოფლიოში მცხოვრებმა იეჰოვას მოწმეებმა ღვთის ერთგულება იმითაც დაამტკიცეს, რომ ქადაგების ალტერნატიულ მეთოდებს მიმართავდნენ, ეძებდნენ ახალ გზებს ერთმანეთის გასამხნევებლად, გულისყურით ეკიდებოდნენ ხელმძღვანელი საბჭოს მითითებებსა და ემორჩილებოდნენ ხელისუფლების რეგულაციებს.
ღვთისადმი ერთგულების დამამტკიცებელი საქმეებიდან აშკარად ჩანს, რომ ჩვენს და-ძმებს ძლიერ უყვართ შემოქმედი. ერთგულება, რომელსაც ისინი დღეს ავლენენ, დაეხმარება მათ, უფრო დიდი განსაცდელები აიტანონ მომავალში (იაკობი 1:2, 3).