2020 წლის 22 აპრილი
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან
2020 წლის გახსენების საღამო — აზია
იაპონიასა და სამხრეთ კორეაში მცხოვრებმა ხანდაზმულმა და-ძმებმა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემების მიუხედავად გახსენების საღამოს პროგრამა მოისმინეს
პანდემიის გამო სამედიცინო დაწესებულებებსა თუ მოხუცებულთა თავშესაფრებში მცხოვრები და-ძმებისთვის ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს აღნიშვნა დიდ სირთულეს წარმოადგენდა. ასეთ დაწესებულებებში მყოფებს ეკრძალებათ შენობის დატოვება და მათთან დროებით მნახველებიც არ დაიშვებიან. ამის მიუხედავად, ადგილობრივი უხუცესების დახმარებით ასეთ დაწესებულებებში მყოფმა ყველა მოწმემ შეძლო გახსენების საღამოს პროგრამის მოსმენა.
სამხრეთი კორეა
ქალაქ ნაჯუში მცხოვრებ 91 და 88 წლის დებს, ლი იომ-სუნის და ვონ აე-სუნის, თავიანთ 96 წლის დაინტერესებულ ქალბატონთან ერთად ძალიან სურდათ გახსენების საღამოს აღნიშვნა. მოხუცებულთა თავშესაფრის ერთ-ერთი ექიმი იეჰოვას მოწმეა. მან ჯერ სახლიდან მოუსმინა გახსენების საღამოს მოხსენებას თავის კრებასთან ერთად, შემდეგ კი თავშესაფარში დაბრუნდა და ამ ქალბატონებს ვებგვერდზე, jw.org, მოასმენინა გახსენების საღამოს პროგრამა; ამ ძმას არც სიმბოლოების მიტანა დავიწყებია მათთვის.
ქალაქ იიჯონბუში ძმა ჩოი ია-ჩეოლი მუშაობს მოხუცებულთა თავშესაფარში, სადაც 14 ხანდაზმული იეჰოვას მოწმე ცხოვრობს. პანდემიის მიუხედავად, ძმამ მოახერხა იქ მცხოვრები და-ძმებისთვის და ჭეშმარიტებით დაინტერესებული ადამიანებისთვის სტრიმინგით გახსენების საღამოს პროგრამის ჩვენება. დამსწრეთაგან ზოგმა ბიბლიის შესწავლა დაიწყო.
ქალაქ ჩხონანში მცხოვრები 59 წლის და კიმ ტე-სუნს ხუთი წლის წინ სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ცოტა ხნის წინ ის ძლიერი ტკივილების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს. მასთან ერთად პალატაში იმყოფება კიდევ ერთი და, 69 წლის კიმ იონგ-მი, რომელსაც ავთვისებიანი სიმსივნე აქვს. ამ პანდემიის დროს დები საავადმყოფოს ვერ დატოვებდნენ. თუმცა ადგილობრივი უხუცესების დახმარებით ორივე დამ შეძლო გახსენების საღამოს მოხსენების მოსმენა თავიანთ კრებასთან ერთად ვიდეოკონფერენციის საშუალებით.
ამ დებმა უხუცესებს სამადლობელი წერილი მისწერეს: „დიდი მადლობა, რომ დაგვეხმარეთ, დავსწრებოდით გახსენების საღამოს და დავმტკბარიყავით და-ძმებთან ურთიერთობით პანდემიისა და ჩვენი ავადმყოფობის მიუხედავად“.
იაპონია
იაპონიაში, მიეს პრეფექტურაში მცხოვრები 70 წლის და მიეკო ფუივარა საავადმყოფოში დააწვინეს. ვინაიდან საავადმყოფოში მისთვის ინტერნეტი არ იყო ხელმისაწვდომი, და მიეკო ვერ შეძლებდა ვიდეოკონფერენციის საშუალებით თავის კრებასთან ერთად გახსენების საღამოს აღნიშვნას. თუმცა კრების უხუცესმა და მისმა მეუღლემ მას მობილურზე წინასწარ გაუგზავნეს გახსენების საღამოს მოხსენება, რამაც საშუალება მისცა დას საავადმყოფოს პალატიდან მოესმინა პროგრამა ინტერნეტის გარეშეც.
ქალაქ ზამაში, კანაგავას პრეფექტურაში მცხოვრები 102 წლის იუკი ტაკეუჩი მოხუცებულთა თავშესაფარში ცხოვრობს. გახსენების საღამოს წინ მას სიძემ და ქალიშვილმა გაუგზავნეს პური და ღვინო, რამაც დას საშუალება მისცა, მათთან ერთად საღამოს პროგრამა ტელეფონით მოესმინა.
იუკის სიძემ, ძმა მიმურამ აღნიშნა: „ჩემი სიდედრი 1954 წელს მოინათლა და მას შემდეგ არასოდეს გამოუტოვებია ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამო. მიუხედავად იმისა, რომ წელს გახსენების საღამო უჩვეულო პირობებში აღინიშნა, იუკი ძალიან კმაყოფილია, რომ მასზე დასწრება წელსაც შეძლო“.
დარწმუნებულნი ვართ, რომ იეჰოვას მხედველობიდან არ გამორჩენია, თუ რამხელა ძალისხმევა მოახმარეს ამ და-ძმებმა, მოესმინათ გახსენების საღამოს პროგრამა ადგილობრივი უხუცესების დახმარებით (ებრაელები 6:10).