2020 წლის 16 აპრილი
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან
2020 წლის გახსენების საღამო — აფრიკა
პროგრამა გადაიცემოდა ტელე და რადიომაუწყებლობის მეშვეობით
2020 წლის ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამო განსაკუთრებული იყო ჩვენი თეოკრატიული მსახურების ისტორიაში. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა გახსენების საღამოს პროგრამა ტელევიზიისა და რადიოსადგურების მეშვეობით რამდენიმე ენაზე არაერთ ადგილას გადაიცემოდა აფრიკის მასშტაბით.
ასეთი სახით, 407 000-ზე მეტ მაუწყებელს მიეცა შესაძლებლობა, ეყურებინა გახსენების საღამოს პროგრამა. ამასთანავე, მოხსენება მოისმინა ჭეშმარიტებით დაინტერესებულმა უამრავმა ადამიანმა. მართალია, უცნობია, ზუსტად რამდენმა ადამიანმა მოისმინა გახსენების საღამოს მოხსენება, თუმცა ცნობილია, რომ იმ ტერიტორიებზე, სადაც პროგრამა მაუწყებლობის მეშვეობით გადაიცემოდა, მთლიანობაში მოსახლეობის რაოდენობა 150 მილიონს აჭარბებს.
COVID-19-ის პანდემიის გამო მთელ მსოფლიოში გახსენების საღამოს პროგრამა ვიდეოკონფერენციის მეშვეობით ჩატარდა. თუმცა აფრიკაში ბევრი მაუწყებელი ისეთ ტერიტორიებზე ცხოვრობს, სადაც ინტერნეტმომსახურება ძალიან ძვირია, რის გამოც მათთვის მაუწყებლობის ვებგვერდიდან ყურება და ვიდეოფაილების ჩამოტვირთვა სირთულეს წარმოადგენს. ამიტომ ხელმძღვანელი საბჭოს ზედამხედველობით ზოგიერთმა ფილიალმა მოლაპარაკებები აწარმოა სამაუწყებლო კომპანიებთან, რომლებიც, ადგილობრივი თუ სახელმწიფო მაუწყებლობით და რადიოსადგურების მეშვეობით, გახსენების საღამოს პროგრამას გადასცემდნენ ხელმისაწვდომ ფასად.
გახსენების საღამომდე 11-მა ფილიალმა — ანგოლის, ბენინის, განას, ზამბიას, ზიმბაბვეს, კამერუნის, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის, კოტ-დ’ივუარის, მალავის და სენეგალის ფილიალებმა ხელშეკრულებები გააფორმეს სამაუწყებლო კომპანიებთან, რის შედეგადაც გახსენების საღამოს მოხსენება საზოგადოებრივი მაუწყებლობით გადაიცემოდა 36-ზე მეტ ტერიტორიაზე 16 ქვეყნის მასშტაბით.
ანგოლა
მთლიანობაში ექვსი რადიოსადგური დასთანხმდა ძმებს, რომ გახსენების საღამოს პროგრამას ექვს ენაზე გადასცემდნენ. ეს ენებია: იბინდა, კიკონგო, კიმბუნდუ, ნიანეკა, პორტუგალიური და მბუნდუ. პროგრამა რადიომაუწყებლობით ქვეყნის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებშიც გადაიცა.
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
ერთ ბიბლიის შემსწავლელს გადაწყვეტილი ჰქონდა, მარტოს ეყურებინა გახსენების საღამოს პროგრამა, რადგან ოჯახისგან წინააღმდეგობას ხვდებოდა. ის მოხსენების მოსასმენად ემზადებოდა, როცა მამამ მისაღები ოთახიდან გამოსძახა: „დაიწყო!“. გოგონა ოთახში შევიდა, სადაც მთელი ოჯახი გახსენების საღამოს პროგრამის მოსასმენად ტელევიზორის წინ შეკრებილიყო. გოგონა ძალიან გაოცებული და ბედნიერი იყო. ამ ბიბლიის შემსწავლელის ოჯახში სულ ათმა ადამიანმა მოისმინა მოხსენება.
ქალაქ ლუენასთან ახლოს მდებარე ერთ-ერთი სოფლის მაცხოვრებელმა ასეთი რამ თქვა: „ჩვენმა მღვდლებმა არაფერი გააკეთეს, მაგრამ თქვენ, კორონავირუსის პანდემიის დროსაც არ წყვეტთ ღვთის თაყვანისცემას. ჩვენ აუცილებლად შემოგიერთდებით“.
განა
სახელმწიფო სატელევიზიო სადგური დასთანხმდა ძმებს, რომ გადასცემდა გახსენების საღამოს პროგრამას ტვი ენაზე. მათ წინასწარ რეკლამაც კი გაუშვეს, რითაც საზოგადოებას მოუწოდეს, ეყურებინათ გახსენების საღამოსთვის. გახსენების საღამოს პროგრამის გარდა, სატელევიზიო არხმა გაუშვა ვიდეორგოლები: „რატომ მოკვდა იესო?“ და „რატომ უშვებს ღმერთი ტანჯვას?“; აგრეთვე მუსიკალური კლიპები: „წინ ვხედავთ სამოთხეს“ და „ეს დრო ნანატრი“.
სენეგალი
ერთმა დამ თქვა: „ხალხმა ტელევიზიისა და რადიოს მეშვეობით გაიცნო იეჰოვა. დაუჯერებელია! რამხელა კურთხევაა! ძალიან ბედნიერები ვართ! ასეთია ჩვენი ღმერთი, იეჰოვა!“.
ერთმა დამ კი აღნიშნა: «როცა გავიგე, რომ გახსენების საღამოს პროგრამა ტელევიზიით გადაიცემოდა, გავიფიქრე: „მართალია, კორონავირუსის გამო მოსაწვევების კამპანია არ გამოგვივიდა, მაგრამ ახლა გვეძლევა ხალხის მოწვევის შესაძლებლობა“. სასწრაფოდ დავუკავშირდი მათ, ვისაც ბიბლიას ვასწავლიდი, ვისთანაც განმეორებითი მონახულებები მქონდა და ზოგადად ყველა ნაცნობს, რომლებიც არ იყვნენ იეჰოვას მოწმეები და ვუთხარი, რომ ეყურებინათ ამ გადაცემისთვის. ცხრა ადამიანმა, რომელთაც ბიბლიას ვასწავლიდი, ოჯახის წევრებთან ერთად უყურა გახსენების საღამოს პროგრამას. ერთმა ჩემმა ბიძაშვილმა, რომელმაც ზიგუინჩორში უყურა პროგრამას, მკითხა, შეიძლებოდა თუ არა, რომ ამ თემაზე უფრო მეტი გვესაუბრა. მე, რაღა თქმა უნდა, სიხარულით დავთანხმდი».
გახსენების საღამოს პროგრამის ტელე და რადიომაუწყებლობით გადაცემა კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ იეჰოვასთვის „ყველაფერი შესაძლებელია“ (მათე 19:26).