2020 წლის 10 აპრილი
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან
2020 წლის გახსენების საღამო შეერთებული შტატების ბეთელში
2020 წლის 7 აპრილს, კორონავირუსის პანდემიის პირობებში, იეჰოვას მოწმეებმა მთელ მსოფლიოში აღნიშნეს იესო ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამო. როგორც ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, ძმა სტივენ ლეტმა თქვა, „მსოფლიოში გავრცელებული ვერანაირი ვირუსი თუ პანდემია ვერ გაგვინელებს მადლიერებას იეჰოვასა და იესოს მიმართ და ვერც გახსენების საღამოს აღნიშვნის ხალისს დაგვაკარგვინებს“. როგორ გამართლდა ეს სიტყვები წელს?
ეს გახლავთ პირველი სტატია სტატიათა ახალი სერიიდან, რომელიც განთავსდება ახალი ამბების განყოფილებაში. ამ სტატიათა სერიიდან შეიტყობთ, თუ როგორ აღნიშნეს და-ძმებმა გახსენების საღამო სხვადასხვა ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის დროს. ამ პირველი სტატიიდან გაიგებთ, როგორ ჩატარდა გახსენების საღამო იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო მთავარ სამმართველოში და შეერთებული შტატების ფილიალში.
ხელისუფლების მიერ საჯარო შეკრებების აკრძალვის გათვალისწინებით, ხელმძღვანელმა საბჭომ გადაწყვიტა, ბეთელის მთელი ოჯახისთვის გახსენების საღამოს ერთი პროგრამა ჩაეტარებინა. მოხსენება, რომელიც ძმა ენტონი მორისმა წარმოთქვა, გადაიცემოდა უორიკიდან. შეერთებული შტატების ფილიალის წევრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, თავიანთი ოთახებიდან მოესმინათ პროგრამა. მართალია, სიმბოლოებს ბეთელის ოჯახის მხოლოდ რამდენიმე წევრი იღებს, მაგრამ ფილიალმა იზრუნა იმაზე, რომ ყველა ბეთელელს თავის ოთახში ჰქონოდა სიმბოლოები.
ბეთელის ოჯახის წევრებს იმის შესაძლებლობაც მიეცათ, რომ გახსენების საღამოს პროგრამა თავიანთ კრებებთან ერთად მოესმინათ ვიდეოკონფერენციის მეშვეობით. გარდა ამისა, იმ ბეთელელ ძმებს, რომლებიც უხუცესებად მსახურობენ, შეეძლოთ თავიანთი კრებებისთვის წაეკითხათ გახსენების საღამოს მოხსენება ვიდეოკონფერენციის საშუალებით.
ბევრმა ბეთელელმა აღნიშნა, რომ წლევანდელი გახსენების საღამო ნამდვილად განსაკუთრებული იყო. მართალია, თანამორწმუნეებთან ერთად შეკრების შესაძლებლობა არ მიეცათ, მაგრამ მათ მსოფლიო საძმოსთან განსაკუთრებული სიახლოვე და ერთობა იგრძნეს. ეს ყველაფერი ხომ იმ უდიდესი სიყვარულის მტკიცებულება იყო, რომელიც ჩვენმა ღმერთმა, იეჰოვამ და მისმა საყვარელმა ძემ, იესო ქრისტემ, გამოავლინეს (იოანე 3:16; მათე 20:28)..