2020 წლის 4 სექტემბერი
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან
2020 წლის რეგიონული კონგრესი — მთარგმნელებმა წარმატებით გაართვეს თავი სირთულეებს
2020 წლის რეგიონული კონგრესი „ყოველთვის იხარეთ!“ ერთ-ერთი ღირსახსოვარი მოვლენა იყო იეჰოვას მოწმეთა თანამედროვე ისტორიაში. პროგრამა 500-ზე მეტ ენაზე ითარგმნა და ხალხს მისი ყურება საკუთარ სახლებში შეეძლო. მთარგმნელებს არაერთ სირთულესთან მოუხდათ შეჭიდება, მათ შორის იყო არასათანადო ტექნიკური აღჭურვილობა და შეზღუდული დრო.
კიკუიკუს მთარგმნელობითი განყოფილების (კენია) ერთმა წევრმა ასეთი კომენტარი გააკეთა: „ფილიალის კარანტინის გამო მხოლოდ რამდენიმე გამხმოვანებელი მოგვეპოვებოდა. ეს პრობლემა იმით მოვაგვარეთ, რომ საქმეში დისტანციურად ჩავრთეთ რამდენიმე და-ძმა. იეჰოვას სულის მოქმედების შედეგები საკუთარი თვალით ვნახეთ“.
მსგავს სირთულეებს შეხვდნენ კორეულ და კორეულ ჟესტურენოვანი მთარგმნელობითი განყოფილებები. დისტანციურ მოხალისეებს არ შეეძლოთ ბეთელში მისვლა ხმის ჩასაწერად.
ამ სირთულის გადასაჭრელად და-ძმებმა თავიანთ სახლებში მოაწყვეს ხმის ჩამწერი სტუდიები. ჩასაწერად საჭირო ტექნიკური აღჭურვილობის უმეტესობა ადგილობრივი და-ძმების მიერ გაღებული შესაწირავებით შეიძინეს. გარდა ამისა, ვინაიდან შეზღუდვების გამო შეუძლებელი იყო საკონგრესო დარბაზებში შეკრება, ფილიალმა საკონგრესო დარბაზში დამონტაჟებული რამდენიმე ვიდეოკამერა გამოიყენა ჟესტურ ენაზე ვიდეოების ჩასაწერად.
ვენესუელაში ზოგი მთარგმნელისთვის პრობლემას სუსტი ინტერნეტი წარმოადგენდა, ზოგს კი არ ჰქონდა სათანადო აღჭურვილობა. ამის მიუხედავად მთარგმნელებმა ყველაფერი იღონეს საქმის ბოლომდე მისაყვანად. მაგალითად, ზოგან ჩაწერის დროს მთარგმნელებმა ხმის ჩამხშობ საშუალებად ლეიბები გამოიყენეს.
ჯუბაში (სამხრეთი სუდანი) პუბლიკაციებს ზანდე ენაზე თარგმნიან. ერთ-ერთმა მთარგმნელმა აღნიშნა: „როცა გავიგე, რომ კონგრესის მთლიანი პროგრამა უნდა ჩაგვეწერა, გავიფიქრე, შეუძლებელია, ორ თვეში 90-ზე მეტი მოხსენებისა და ვიდეოს გახმოვანება მოვასწროთ-მეთქი. ახლა, როცა ეს პროექტი წარმატებით დასრულდა, ბოლომდე ვარ დარწმუნებული, რომ იეჰოვას არაფერი შეუშლის ხელს თავისი ნების განხორციელებაში. გასაოცარია იმის ხილვა, თუ როგორ აკეთებს ის ამას!“ (მათე 19:26).
2020 წლის რეგიონული კონგრესი „ყოველთვის იხარეთ!“ ნამდვილად ძვირფასი საჩუქარი იყო იეჰოვასგან, ღვთისგან, „რომელსაც სურს, ყველანაირი ადამიანი გადარჩეს და ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნა მიიღოს“ (1 ტიმოთე 2:4).