არჩეულ მასალაზე გადასვლა

2020 წლის 3 ივლისი
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან

2020 წლის 28 ივნისს ბიბლია ექვს ენაზე გამოიცა!

2020 წლის 28 ივნისს ბიბლია ექვს ენაზე გამოიცა!

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში პანდემია მძვინვარებს, იეჰოვას მოწმეები არ წყვეტენ ბიბლიის სხვადასხვა ენაზე გამოცემას. 2020 წლის 28 ივნისს მთელი ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ გამოიცა სვატი, ტსონგა, ზულუ და ჩიტონგა ენებზე, ხოლო ბელიზის კრეოლსა და ტოტონაკ ენებზე — ქრისტიანულ-ბერძნული წერილები. პანდემიასთან (COVID-19) დაკავშირებულმა შეზღუდვებმა და-ძმებს ვერ გაუნელა ის სიხარული, რომელიც მათ ბიბლიის ელექტრონული ფორმატით გამოცემამ მოჰგვარა. მაუწყებლებმა წინასწარ ჩაწერილი მოხსენებები ვიდეოკონფერენციის ან ვიდეოტრანსლაციის მეშვეობით უყურეს.

სვატი, ტსონგა და ზულუ ენები

ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, ჯეფრი ჯექსონმა, გამოაცხადა, რომ ელექტრონული ფორმატით გამოიცა ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ სვატი ენაზე და ბიბლიის იგივე თარგმანი გადამუშავებული სახით ტსონგა და ზულუ ენებზე (იხილეთ პირველი სურათი). სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასა და ესვატინიში მცხოვრებმა მაუწყებლებმა ტრანსლაციის მეშვეობით უყურეს ამ სპეციალური შეხვედრის ჩანაწერს.

სვატი, ტსონგა და ზულუ ენებზე გამოცემული ბიბლიები (მარცხნიდან მარჯვნივ)

სამხრეთ აფრიკის ფილიალის ტერიტორიაზე დაახლოებით 18,5 მილიონი ადამიანისთვის სვატი, ტსონგა და ზულუ ენები მშობლიური ენებია. ამ ენებზე, ჯამში, 38 000-ზე მეტი მაუწყებელი საუბრობს.

ჩიტონგა ენა (მალავი)

მალავის ფილიალის კომიტეტის წევრმა, ძმა ოგასტინ სემომ, გამოაცხადა, რომ გამოიცა ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ჩიტონგა ენაზე.

მთარგმნელობით ჯგუფს ბიბლიის ჩიტონგა ენაზე სათარგმნად ორ წელზე მეტი ხანი დასჭირდა. ერთი მთარგმნელი და ამბობს: „ჩიტონგა ენას სამი დიალექტი აქვს. სხვადასხვა მხარეში მცხოვრები ხალხი სხვადასხვა ლექსიკით საუბრობს. ვცდილობდით, ისეთი სიტყვები შეგვერჩია, რომელთაც უმრავლესობა გაიგებდა. ამასთანავე, სქოლიოებში განვმარტეთ ბევრი ისეთი ტერმინი, რომლებიც მკითხველთათვის ნაკლებად ცნობილია“.

კიდევ ერთი მთარგმნელი და შემდეგს გვიზიარებს: „მაუწყებლებს მსახურებაში თუ კრების შეხვედრებზე გაუადვილდებათ ამ ბიბლიის გამოყენება, რადგან ის მარტივი და გასაგები ენითაა ნათარგმნი“.

ბელიზის კრეოლი

ძმა ჯოშუა კილგორმა, რომელიც ცენტრალური ამერიკის ფილიალის კომიტეტის წევრია, გამოაცხადა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გამოცემა ბელიზის კრეოლზე. ეს შეხვედრა ტრანსლაციით 1 300-ზე მეტმა ადამიანმა ნახა.

ექვსმა მთარგმნელმა ქრისტიანულ-ბერძნული წერილების თარგმნას წელიწადი და ოთხი თვე მოანდომა. იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ წაადგება ახალი თარგმანი და-ძმებს, ერთ-ერთმა მთარგმნელმა თქვა: „როგორც იქნა, ჩვენს და-ძმებს უკვე ხელი მიუწვდებათ ბიბლიის ზუსტ და სანდო თარგმანზე. ის ლამპარივით გაუნათებს მათ სავალ გზას“.

კიდევ ერთი მთარგმნელი ამბობს: „ამ პანდემიის დროს ბელიზის კრეოლზე მოსაუბრე და-ძმებს შეეძლებათ, მშობლიურ ენაზე წაიკითხონ ღვთის სიტყვა. ეს სულის სიმშვიდეს მოჰგვრის მათ და მოსალოდნელი განსაცდელებისთვის მოამზადებს“.

ბელიზში 19 კრეოლენოვან კრებაში 867 მაუწყებელია. ბელიზის კრეოლენოვან ტერიტორიაზე შეერთებულ შტატებშიც 58 მაუწყებელი მსახურობს.

ტოტონაკი ენა

ცენტრალური ამერიკის ფილიალის კომიტეტის წევრმა, ძმა ჯესი პერესმა, გამოაცხადა, რომ გამოიცა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ტოტონაკ ენაზე. 50 ტოტონაკენოვანი კრებიდან დაახლოებით 2 200-მა დამსწრემ ტრანსლაციით უყურა პროგრამას.

მთარგმნელობითმა ჯგუფმა სამ წელზე მეტი მოანდომა ამ თარგმანზე მუშაობას. ეს თარგმანი დიდად წაადგება და-ძმებს, რომლებიც მექსიკაში მცხოვრებ 250 000-ზე მეტ ტოტონაკ ენაზე მოსაუბრე ადამიანთან ქადაგებენ.

ერთი მთარგმნელი ძმა ამბობს, რომ ტოტონაკ ენაზე გამოცემული სხვა ბიბლიებისგან განსხვავებით, „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ სასაუბრო ენაა გამოყენებული. იგი დასძენს: „ახლა უკვე გაგვიადვილდება ტოტონაკ ენაზე მოსაუბრე ხალხთან ბიბლიურ თემებზე საუბარი“.

მთარგმნელობითი ჯგუფის კიდევ ერთი წევრი ამბობს: „ჩვენი და-ძმები დიდი ხანია, ოცნებობდნენ ასეთ ბიბლიაზე. აქამდე მაუწყებლებს ესპანური ბიბლიიდან იმ მონაკვეთების თარგმნა უწევდათ, რომლებიც შუა კვირის შეხვედრის პროგრამით იყო გათვალისწინებული. ახლა, როცა ციტატები ბერძნული წერილებიდან იქნება მოყვანილი, მაუწყებლებს მუხლების სახელდახელოდ თარგმნა აღარ მოუწევთ“.

ტოტონაკ ენაზე ნათარგმნი ბიბლიის კიდევ ერთი თავისებურება სქოლიოებია, რომლებშიც სხვა სიტყვებითაა გადმოცემული მუხლის აზრი. ამგვარი სქოლიოების წყალობით ტოტონაკი ენის სხვა დიალექტებზე მოსაუბრე ადამიანებს გაუადვილდებათ მუხლის აზრის გაგება. ამგვარად, ეს თარგმანი არცერთ დიალექტზე მოსაუბრე ტოტონაკს არ დატოვებს გულგრილს.

ჩვენ ვხარობთ იმ და-ძმებთან ერთად, რომლებმაც თავიანთ მშობლიურ ენაზე მიიღეს ბიბლია და დარწმუნებულნი ვართ, რომ მათი რწმენა ერთი-ორად გაიზრდება, როცა ისინი სულიერ მახვილს მსახურებისა თუ პირადი შესწავლის დროს გამოიყენებენ (ებრაელები 4:12).