არჩეულ მასალაზე გადასვლა

2023 წლის სექტემბერში მთელ მსოფლიოში ჩატარდა კამპანია, რომლის დროსაც გავრცელდა 2020 წლის №2 „საგუშაგო კოშკი“, სათაურით „რა არის ღვთის სამეფო?“.

29 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ, 2023
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან

2023 წლის სექტემბერში ჩატარებული სპეციალური მსოფლიო კამპანია

2023 წლის სექტემბერში ჩატარებული სპეციალური მსოფლიო კამპანია

2023 წლის სექტემბერში მთელ მსოფლიოში სპეციალური კამპანია ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც იეჰოვას მოწმეები ხალხს ღვთის სამეფოზე ესაუბრებოდნენ. ქადაგებისას ისინი ავრცელებდნენ ჟურნალ „საგუშაგო კოშკს“, სათაურით „რა არის ღვთის სამეფო? a. ქვემოთ მოცემული შემთხვევები გვაჩვენებს, რა შედეგები გამოიღო კამპანიამ.

ინგლისი

მარკს და მისი ათი წლის ვაჟს კარდაკარ ქადაგება ახალი დაწყებული ჰქონდათ, ერთ შუა ხნის ქალბატონს რომ შეხვდნენ. როცა მან ჟურნალი აიღო და სათაურს დახედა, აღნიშნა: „ვერ ვიჯერებ, რომ მოხვედით. ვერ წარმოიდგენთ, ახლა როგორ მჭირდებოდა ამ კითხვაზე პასუხის გაგება“. ამ ქალბატონს თვალზე ცრემლი მოადგა და თქვა, რომ ვაჟი ახალი გარდაცვლილი ჰყავდა და ნუგეში ძალიან სჭირდებოდა. მარკმა ბიბლიური იმედი გაუზიარა მკვდრეთით აღდგომის შესახებ. ქალბატონს მეტის გაგების სურვილი გაუჩნდა, ამიტომ მარკმა ვაჟთან ერთად ისევ მიაკითხა. ამჯერად ქმარიც დახვდათ სახლში. მათ დაიტოვეს ბროშურა „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“ და ბიბლიის შესწავლა დაიწყეს.

ინდონეზია

კლინიკაში ფრედერიკმა საუბარი წამოიწყო ერთ მამაკაცთან, რომელსაც შვილი ჰყავდა ექიმთან მიყვანილი. ფრედერიკმა მას უთხრა, რომ ბიბლიური დაპირების თანახმად, ავადმყოფობა და ტანჯვა მალე წარსულს ჩაჰბარდება. შემდეგ ამ მამაკაცს მათეს 6:9, 10 წააკითხა და ჰკითხა, ვინ დაუსვამდა წერტილს ტანჯვას. მამაკაცმა უპასუხა, რომ ღმერთი გააკეთებდა ამას თავისი სამეფოს მეშვეობით, მაგრამ ვერ მიხვდა, რა იყო ღვთის სამეფო. სანამ ფრედერიკი უპასუხებდა, მათი რიგი მოვიდა და ვეღარ შეძლეს საუბრის გაგრძელება. ფრედერიკმა ერთი ის მოასწრო, რომ თავისი მისამართი და ჟურნალი მიეცა მისთვის. ფრედერიკი გაოცებული დარჩა, როცა მეორე დილით ამ მამაკაცმა ცოლთან ერთად მიაკითხა სახლში, რათა მეტი გაეგო ღვთის სამეფოს შესახებ. ფრედერიკმა მათთან მომდევნო შეხვედრაც დაგეგმა.

მალავი

ორმა დამ ერთ-ერთი სოფლის თავკაცს ჟურნალი მისცა და აუხსნა, რომ ღვთის სამეფო მალე მთელ დედამიწაზე იმმართველებს. სოფლის თავკაცმა იკითხა: „ეს იმას ნიშნავს, რომ ძალაუფლებას დავკარგავ?“. დებმა მას აუხსნეს, რომ მხოლოდ ღვთის სამეფოს შესწევს ძალა, აღმოფხვრას კაცობრიობის პრობლემები. ამაზე სოფლის თავკაცმა მიუგო: „ეს მართლა კარგი ამბავია. მესმის, რომ ჩვენ ვერასდროს შევძლებთ ისეთი რამის გაკეთებას, რასაც ღვთის სამეფო გააკეთებს“. მან დამატებით ჟურნალის ხუთი ეგზემპლარი მოითხოვა, რათა სხვა სოფლის თავკაცებისთვისაც მიეცა. მან სურვილი გამოთქვა, რომ ბიბლიურ თემებზე კიდევ ესაუბრათ.

მექსიკა

პუებლას შტატში მცხოვრები ერთი ჩვენი და ავტობუსით მგზავრობისას ხანდაზმულ მამაკაცს გამოელაპარაკა. დამ მას მათეს 6:9, 10-ში ჩაწერილი სიტყვები აჩვენა. კაცი დაინტერესდა, რას ნიშნავდა ამ მუხლში ნახსენები ღვთის სამეფო. მან აღნიშნა, რომ არასოდეს წაუკითხავს ბიბლია და არც იეჰოვას მოწმეებთან უსაუბრია. დამ მობილური ტელეფონიდან ჟურნალი „საგუშაგო კოშკი“ აჩვენა. მამაკაცს კიდევ უფრო მეტი კითხვა გაუჩნდა, ამიტომ დამ მას „JW ბიბლიოთეკის“ გამოყენება ასწავლა, რათა ადვილად მოეძებნა თავის კითხვებზე პასუხები. მამაკაცს ტელეფონის მეხსიერება სავსე ჰქონდა, ამიტომ ზოგი რამ წაშალა აპლიკაციის ჩამოსატვირთად და თქვა: „ახლა ჩემთვის ამ კითხვებზე პასუხები უფრო მნიშვნელოვანია“. მგზავრობის დასრულებამდე მამაკაცმა მთლიანი „საგუშაგო კოშკის“ წაკითხვაც მოასწრო და მათ ბროშურიდან „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“ პირველ გაკვეთილზეც იმსჯელეს. დამშვიდობებისას მან დას მადლობა არაერთხელ გადაუხადა, ბიბლიის შესწავლასაც დათანხმდა და კრების შეხვედრებზე დასწრების სურვილიც გამოთქვა.

ახალი ზელანდია

კარდაკარ მსახურებისას ერთმა ძმამ, ბენმა, ახალგაზრდა დედას აუხსნა, რომ ღვთის სამეფო მალე ყოველგვარ საწუხარს ბოლოს მოუღებს. მან აღნიშნა: „საოცარია, რომ მოხვედით! სულ იმაზე ვნერვიულობ, რა მოხდება მომავალში, წუხელ ვერაფრით დავიძინე ამის გამო“. როგორც კი ბენმა გამოცხადების 21:4 წაუკითხა და უთხრა, რომ ღვთის სამეფო ბოლოს მოუღებს ავადმყოფობასა და სიკვდილს, მას ცრემლები წამოუვიდა. ამ გოგომ „საგუშაგო კოშკი“ დაიტოვა და თქვა, რომ სიამოვნებით წაიკითხავდა.

სამხრეთი სუდანი

ლტოლვილთა ბანაკში ბევრი დაინტერესდა ღვთის სამეფოს შესახებ ცნობით. სულ რაღაც ორ საათში ათასამდე პუბლიკაცია გავრცელდა, მათ შორის „საგუშაგო კოშკი“. ერთ-ერთმა ლტოლვილმა აღნიშნა: „საჭირო დროს მოხვედით. ეს სწორედ ის არის, რაც ახლა გვჭირდებოდა“. კიდევ ერთმა თქვა: „მადლობა, რომ ჩვენზე ფიქრობთ. ვიცით, რომ შორიდან მოდიხართ, მაგრამ გთხოვთ, კიდევ მოდით“.

ტაივანი

ტაივანში მცხოვრები ორი და ესაუბრა მამაკაცს, რომელიც ძალიან დარდობდა ბოლო პერიოდში ჰავაიზე მომხდარი ხანძრების გამო. ერთ-ერთმა დამ მას „საგუშაგო კოშკიდან“ სურათი აჩვენა, თუ როგორი იქნება სამოთხე დედამიწაზე. მამაკაცმა თქვა: „რა კარგი იქნება, თუ დედამიწა აქ მოცემულ სურათს დაემსგავსება. ყოველი მხრიდან ცუდი ამბები გვესმის, ნამდვილად სასიამოვნოა ასეთი დამაიმედებელი დაპირების მოსმენა“.

ჩვენთვის დიდი პატივია, რომ მონაწილეობა მივიღეთ ამ კამპანიაში და ხალხს სამეფოს შესახებ მანუგეშებელი ცნობა გავუზიარეთ (რომაელები 15:4).

ქვემოთ მოცემულია კამპანიის დროს სხვადასხვა ქვეყანაში გადაღებული სურათები.

a ამ სტატიაში მოხსენიებულ „საგუშაგო კოშკში“ ნაგულისხმებია 2020 წლის „საგუშაგო კოშკის“ მეორე ნომერი.

 

ბურკინა-ფასო

კოსტა-რიკა

ეთიოპია

საქართველო

ინდონეზია

იტალია

კენია

მექსიკა

ახალი ზელანდია

პანამა

პოლონეთი

შოტლანდია

სამხრეთი კორეა

ტაივანი

ტოგო

უელსი