11 ᲡᲔᲥᲢᲔᲛᲑᲔᲠᲘ, 2024
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან
2024 წლის აგვისტოში ბიბლია შვიდ ენაზე გამოიცა
იბინდა
2024 წლის 2 აგვისტოს ანგოლის ფილიალის კომიტეტის წევრმა, კარლოს ჰორტელაომ, გამოაცხადა, რომ იბინდა ენაზე გამოიცა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ და ებრაული წერილების შემდეგი წიგნები: „დაბადება“, „რუთი“, „ესთერი“ და „იონა“. ეს განცხადება კაბინდაში (ანგოლა) გამართული კონგრესის, „აუწყეთ სასიხარულო ცნობა!“, პირველ დღეს გაკეთდა. მთლიანობაში კონგრესს 953 ადამიანი დაესწრო. დამსწრეებმა მიიღეს „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების“ ბეჭდური ვერსიები. ამ ახალი გამოცემების ელექტრონული ვერსიები მაშინვე გახდა ხელმისაწვდომი jw.org-ზე და JW ბიბლიოთეკაში.
ანგოლაში იბინდა ენაზე 716 000-ზე მეტი ადამიანი საუბრობს. ამ ენაზე მანამდე არასდროს გამოცემულა ბიბლიის თარგმანი. 13 იბინდაენოვან კრებასა და 1 ჯგუფში 335 იეჰოვას მოწმე მსახურობს. მათ ძალიან უხარიათ, რომ უკვე მშობლიურ ენაზე შეუძლიათ წაიკითხონ ღვთის სიტყვა.
ზიმბაბვური ჟესტური
2024 წლის 9 აგვისტოს, ჰარარეში (ზიმბაბვე) გამართულ რეგიონულ კონგრესზე, „აუწყეთ სასიხარულო ცნობა“, ზიმბაბვის ფილიალის კომიტეტის წევრმა, ენერჯი მატანდამ, გამოაცხადა, რომ გამოიცა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“. პროგრამას, მთლიანობაში, 405 ადამიანი დაესწრო. გამოცემის ელექტრონული ვერსია მაშინვე გახდა ხელმისაწვდომი jw.org-ზე და აპლიკაციაში JW ბიბლიოთეკა ჟესტურ ენაზე.
ზიმბაბვურ ჟესტურ ენაზე „მათეს სახარება“ 2021 წელს გამოიცა. მას შემდეგ ქრისტიანულ-ბერძნული წერილების სხვა წიგნები თანდათანობით გახდა ხელმისაწვდომი. ზიმბაბვურ ჟესტურ ენაზე დაახლოებით ერთი მილიონი ადამიანი საუბრობს. ამ ენაზე ზიმბაბვეში 11 კრება და 11 ჯგუფია, რომლებშიც 377 მაუწყებელი მსახურობს.
ბულგარული
2024 წლის 11 აგვისტოს ქალაქ სოფიაში (ბულგარეთი) გამართულ სპეციალურ კონგრესზე, „აუწყეთ სასიხარულო ცნობა“, ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, მარკ სანდერსონმა, დასკვნით მოხსენებაში გამოაცხადა, რომ გამოიცა მათეს, მარკოზისა და ლუკას სახარებების გადამუშავებული ვერსია ბულგარულ ენაზე. კონგრესს, მთლიანობაში, 5 418 ადამიანი დაესწრო. სამივე წიგნი მაშინვე გახდა ხელმისაწვდომი ვებსაიტზე jw.org და აპლიკაციაში JW ბიბლიოთეკა.
ბულგარულ ენაზე პირველად ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ 2009 წელს გამოიცა. ბულგარეთში 57 კრებაა, რომლებშიც 3000-მდე მაუწყებელი მსახურობს.
აჯა
2024 წლის 16 აგვისტოს ჯაკოტომეიში (ბენინი) გამართულ რეგიონულ კონგრესზე, „აუწყეთ სასიხარულო ცნობა“, დასავლეთ აფრიკის ფილიალის კომიტეტის წევრმა, ბოის სილვეინმა, გამოაცხადა, რომ გამოიცა მათეს და მარკოზის სახარებები აჯა ენაზე. კონგრესს ადგილზე 631 ადამიანი დაესწრო. გარდა ამისა, ახალი გამოცემის შესახებ განცხადება პირდაპირი ტრანსლაციით 435-მა ადამიანმა მოისმინა აბომეი-კალავის (ბენინი) საკონგრესო დარბაზიდან. ორივე წიგნი მაშინვე გახდა ხელმისაწვდომი ვებსაიტზე jw.org და აპლიკაციაში JW ბიბლიოთეკა.
აჯა ენაზე ბენინსა და ტოგოში დაახლოებით 1 200 000 ადამიანი საუბრობს. ამ ენაზე ქრისტიანულ-ბერძნული წერილების სხვა ორი თარგმანიც არსებობს, თუმცა მათი შეძენა არც ისე ადვილია და თანაც ბევრი მკითხველისთვის ამ თარგმანების გაგება საკმაოდ რთულია. გარდა ამისა, არცერთ მათგანში არ არის გამოყენებული ღვთის სახელი იეჰოვა. დღეს ბენინში 25 აჯაენოვანი კრება და 1 ჯგუფია, ხოლო ტოგოში – 12 კრება და 2 ჯგუფი. მთლიანობაში, ამ კრებებსა და ჯგუფებში თითქმის 1 300 მაუწყებელი მსახურობს. მათ ძალიან ახარებთ, რომ უკვე აქვთ ბიბლიის ადვილად გასაგები თარგმანი, სადაც ყველგანაა აღდგენილი ღვთის სახელი.
კინიარუანდა
2024 წლის 16 აგვისტოს კიგალიში (რუანდა) გამართული რეგიონული კონგრესის, „აუწყეთ სასიხარულო ცნობა“, პირველ დღეს ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, ჯეფრი უინდერმა, გამოაცხადა, რომ გამოიცა ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გადამუშავებული ვერსია კინიარუანდა ენაზე. კონგრესს ადგილზე 9 908 ადამიანი დაესწრო, ხოლო ვიდეოკონფერენციის მეშვეობით – 1 141, ორი სხვადასხვა ადგილიდან. ყველა დამსწრემ მიიღო ბიბლიის ბეჭდური ვერსიები. ახალი გამოცემის ელექტრონული ვერსია და აუდიოჩანაწერები მაშინვე გახდა ხელმისაწვდომი ვებსაიტზე jw.org და აპლიკაციაში JW ბიბლიოთეკა.
რუანდაში 13 მილიონზე მეტი ადამიანი საუბრობს კინიარუანდა ენაზე. ამ ენაზე საუბრობენ აგრეთვე კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ტანზანიასა და უგანდაში. ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ სრული ვერსია პირველად 2010 წელს გამოიცა კინიარუანდა ენაზე. ამჟამად რუანდაში 634 კინიარუანდაენოვანი კრებაა, სადაც 35 500-ზე მეტი მაუწყებელი მსახურობს.
სინჰალა
2024 წლის 16 აგვისტოს ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, დეივიდ სპლეინმა, კოლომბოში (შრი-ლანკა) გამართული რეგიონული კონგრესის, „აუწყეთ სასიხარულო ცნობა“, პირველ დღეს გამოაცხადა, რომ გამოიცა ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გადამუშავებული ვერსია სინჰალა ენაზე. გამოცემის შესახებ განცხადება ადგილზე 4 273-მა ადამიანმა მოისმინა, ხოლო ვიდეოკონფერენციის მეშვეობით – 1 045-მა, ჩილავის საკონგრესო დარბაზიდან. ყველა დამსწრეს დაურიგდა ბიბლიის ბეჭდური ვერსიები. ელექტრონული ვერსია მაშინვე გახდა ხელმისაწვდომი ვებსაიტზე jw.org და აპლიკაციაში JW ბიბლიოთეკა.
იეჰოვას მოწმეებმა მთარგმნელობითი საქმიანობა სინჰალა ენაზე 75 წელზე მეტი ხნის წინ დაიწყეს. დღეს შრი-ლანკაში 15 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. მათ შორისაა 4 808 იეჰოვას მოწმე, რომლებიც 62 სინჰალაენოვან კრებაში მსახურობენ.
ვალისიური
2024 წლის 30 აგვისტოს ახალი კალედონიის ფილიალის კომიტეტის წევრმა, მარტინ დეკუსუსმა, გამოაცხადა, რომ გამოიცა ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ სრული ვერსია ვალისიურ ენაზე. ეს განცხადება გაკეთდა რეგიონულ კონგრესზე, „აუწყეთ სასიხარულო ცნობა!“, რომელიც ქალაქ ნუმეაში (ახალი კალედონია) ჩატარდა. პროგრამა ვიდეოკონფერენციის მეშვეობით გადაიცემოდა სოფელ მალაეში (უოლისი და ფუტუნა). 317-ვე დამსწრეს დაურიგდა ახალი გამოცემის ბეჭდური ვერსიები. ბიბლიის ელექტრონული ვერსია მაშინვე გახდა ხელმისაწვდომი ვებსაიტზე jw.org და აპლიკაციაში JW ბიბლიოთეკა.
ვალისიურ ენაზე „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ 2018 წელს გამოიცა. აღნიშნულ კუნძულებზე, მთლიანობაში, 153 მაუწყებელი მსახურობს 2 ვალისიურენოვან კრებაში. მათ ერთი სული აქვთ, მსახურებაში გამოიყენონ ახალი ბიბლია და მისი მეშვეობით სასიხარულო ცნობა გადასცენ ამ ენაზე მოლაპარაკე 35 000-ზე მეტ ადამიანს.