1 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ, 2024
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან
2024 წლის სექტემბერში ბიბლია შვიდ ენაზე გამოიცა
იტალიური ჟესტური
2024 წლის 1 სექტემბერს იტალიის ფილიალის კომიტეტის წევრმა მასიმილიანო ბრიკონიმ გამოაცხადა, რომ გამოიცა „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ სრული ვერსია იტალიურ ჟესტურ ენაზე. ეს განცხადება გაკეთდა რომში (იტალია) გამართულ რეგიონულ კონგრესზე, „აუწყეთ სასიხარულო ცნობა!“, რომელსაც 854 ადამიანი დაესწრო. ამ ახალი გამოცემის ელექტრონული ვერსია მაშინვე გახდა ხელმისაწვდომი ვებსაიტზე jw.org და აპლიკაციაში „JW ბიბლიოთეკა ჟესტურ ენაზე“.
ეს არის ბიბლიის პირველი სრული თარგმანი იტალიურ ჟესტურ ენაზე. ამ ენაზე ბიბლიური ლიტერატურის გამოცემა იეჰოვას მოწმეებმა 1998 წელს დაიწყეს. იტალიაში 15 ჟესტურენოვანი კრება, 12 ჯგუფი და 10 წინარე ჯგუფია, სადაც 845 მაუწყებელი მსახურობს.
რუტორო
2024 წლის 6 სექტემბერს უგანდის ფილიალის კომიტეტის წევრმა ფრედერიკ ნიენდემ გამოაცხადა, რომ რუტორო ენაზე გამოიცა „მათეს, მარკოზის, ლუკასა და იოანეს სახარებები“. ეს განცხადება გაკეთდა ჰოიმაში (უგანდა) გამართულ რეგიონულ კონგრესზე, „აუწყეთ სასიხარულო ცნობა!“. კონგრესს 928 ადამიანი დაესწრო. დამსწრეებმა მიიღეს „მათეს სახარების“ ბეჭდური ვერსიები. აგრეთვე, ხელმისაწვდომი გახდა ამ სახარებების ელექტრონული ვერსია jw.org-ზე და JW ბიბლიოთეკაში.
უგანდაში რუტორო და რუნიორო ენებზე დაახლოებით 2,2 მილიონი ადამიანი საუბრობს. ამ ენებზე არსებულ ბიბლიის სხვა თარგმანებში ღვთის სახელი იეჰოვა ამოღებულია. უგანდაში ორი რუტოროენოვანი და ოთხი რუნიოროენოვანი კრებაა, რომლებშიც 374 მაუწყებელი მსახურობს. ეს ახალი თარგმანი ზუსტი და ადვილად გასაგებია. მოწმეები სიხარულით გამოიყენებენ მას კრების შეხვედრებსა თუ მსახურებაში.
უიღურული (არაბული) და უიღურული (კირილიცა)
2024 წლის 8 სექტემბერს ალმათში, ყაზახეთის ფილიალში გამართულ სპეციალურ შეხვედრაზე გამოცხადდა, რომ გამოიცა „მათეს სახარება“ უიღურულ (არაბულ) და უიღურულ (კირილიცა) ენებზე. „მათეს სახარების“ ელექტრონული ვერსია ორივე ენაზე მაშინვე გახდა ხელმისაწვდომი jw.org-ზე და JW ბიბლიოთეკაში.
ამ ენებზე არსებულ ბიბლიის სხვა თარგმანებში მოძველებული ენაა გამოყენებული, რის გამოც ბევრს უჭირს ტექსტის გაგება. დაახლოებით 11 მილიონი ადამიანი საუბრობს უიღურულ ენაზე და მათი უმეტესობა აზიაში ცხოვრობს. თუმცა, უიღურულ ენაზე მოლაპარაკე ხალხს აგრეთვე შეხვდებით აფრიკაში, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში.
ლჰუკონზო
2024 წლის 13 სექტემბერს უგანდის ფილიალის კომიტეტის წევრმა მოსეს ოუნდომ გამოაცხადა, რომ გამოიცა „მათეს, მარკოზის, ლუკასა და იოანეს სახარებები“ ლჰუკონზო ენაზე. ეს განცხადება გაკეთდა ბვერაში (უგანდა) გამართულ რეგიონულ კონგრესზე, „აუწყეთ სასიხარულო ცნობა!“. კონგრესს ადგილზე 925 ადამიანი დაესწრო. დამსწრეებს მაშინვე დაურიგდათ „მათეს სახარების“ ბეჭდური ეგზემპლარები. ხელმისაწვდომი გახდა ელექტრონული ვერსიაც ვებსაიტზე jw.org და აპლიკაციაში JW ბიბლიოთეკა.
უგანდაში ლჰუკონზო ენაზე დაახლოებით ერთი მილიონი ადამიანი საუბრობს. მოწმეებმა ბიბლიური ლიტერატურის თარგმნა 2001 წელს დაიწყეს. ამჟამად, ქვეყანაში ექვსი ლჰუკონზოენოვანი კრებაა, სადაც 324 მაუწყებელი მსახურობს.
ინგლისური (ლიბერია)
2024 წლის 15 სექტემბერს ლიბერიის ფილიალის კომიტეტის წევრმა ჯეთრო ბარკლმა ჯონსონვილში (ლიბერია) გამართულ სპეციალურ შეხვედრაზე გამოაცხადა, რომ გამოვიდა „მათეს და მარკოზის სახარებები“ ინგლისურ (ლიბერია) ენაზე. პროგრამას ადგილზე 1 176 ადამიანი დაესწრო. გარდა ამისა, ეს პროგრამა მთელ ქვეყანაში ვიდეოკონფერენციის საშუალებით გადაიცემოდა ამ ენოვან კრებებში. წიგნების ელექტრონული და აუდიოვერსიები მაშინვე გახდა ხელმისაწვდომი ვებსაიტზე jw.org და აპლიკაციაში JW ბიბლიოთეკა. „მათეს სახარების“ ბეჭდური ვერსია მალე იქნება ხელმისაწვდომი.
ბიბლიის ზოგიერთი წიგნის აუდიოვერსია აქამდეც იყო ხელმისაწვდომი ინგლისურ (ლიბერია) ენაზე; თუმცა, „მათეს და მარკოზის სახარებების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ პირველი თარგმანია, რომელიც წერილობითი სახით გამოიცა ამ ენაზე. მართალია, ლიბერიაში ოფიციალური ენა ინგლისურია, მაგრამ დაახლოებით 1,6 მილიონი ადამიანი საუბრობს ინგლისურ (ლიბერია) ენაზე. დღეს ქვეყანაში 120 ინგლისურენოვანი (ლიბერია) კრებაა, რომელშიც 7 034 მაუწყებელი მსახურობს.
ნაუატლი (გერერო)
2024 წლის 20 სექტემბერს ცენტრალური ამერიკის ფილიალის კომიტეტის წევრმა ლაზარო გონსალესმა ჩილპანსინგოში (გერერო, მექსიკა) გამართული კონგრესის, „აუწყეთ სასიხარულო ცნობა!“, პირველ დღეს გამოაცხადა, რომ გამოვიდა „მათეს, მარკოზის, ლუკასა და იოანეს სახარებები“ ნაუატლი (გერერო) ენაზე. შეხვედრას ადგილზე 769 ადამიანი დაესწრო, ხოლო ტლაპა დე კომონფორტის საკონგრესო დარბაზიდან ვიდეოკონფერენციის მეშვეობით – 742 ადამიანი. ყველა დამსწრემ მიიღო „მათეს სახარების“ ბეჭდური ვერსია, ხოლო ოთხივე სახარების ელექტრონული ვერსია მაშინვე გახდა ხელმისაწვდომი ვებსაიტზე jw.org და აპლიკაციაში JW ბიბლიოთეკა.
მექსიკაში დაახლოებით 250 000 ადამიანი საუბრობს ნაუატლი (გერერო) ენაზე. ამ ენაზე პირველი კრება 1987 წელს ჩამოყალიბდა. დღეს ქვეყანაში 37 ნაუატლენოვანი (გერერო) კრება და 2 ჯგუფია, რომლებშიც 1 216 მაუწყებელი მსახურობს.