2020 წლის 4 დეკემბერი
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან
80 წლის ძმა ალექსანდრე ურსუ იხსენებს თავისი წინაპრების ძლიერი რწმენისა და მოთმინების ისტორიას
„მაშინ იეჰოვა ზრუნავდა ჩვენზე; მჯერა, რომ ამას ახლაც გააკეთებს“.
2018 წლის 15 ნოემბრის საღამო იყო. ქალაქ ჯანკოიში (ყირიმი) 78 წლის ძმა ალექსანდრე ურსუ სახლიდან გამოვიდა, რომ თავის ვაჟს, ვიქტორს, შეგებებოდა. ალექსანდრემ იქვე, ჭიშკართან ახლოს შუქი შენიშნა; გაკვირვებული ფრთხილად გაემართა შუქისკენ. მოულოდნელად მას ყვირილი შემოესმა: „შეჩერდი! პოლიცია!“.
ალექსანდრე ფიქრობდა, რომ ჩვენი ძმები ეხუმრებოდნენ, მაგრამ მალე მიხვდა, რომ ეს ხუმრობა არ იყო. უცებ ერთი ნიღბიანი კაცი ალექსანდრეს მკლავებში სწვდა და ხელები უკან გადაუგრიხა. მეორე ნიღბიანმა კი ყბაში დაარტყა. ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ავტომატებით შეიარაღებულმა ექვსმა თანამშრომელმა ჯერ ალექსანდრე და ვიქტორი გაჩხრიკა, შემდეგ კი მათ სახლში შეცვივდნენ.
ალექსანდრეს მეუღლე, ნინა ამ დროს სამზარეულოში იყო. ერთმა პოლიციელმა მას ხელიდან გამოგლიჯა ტელეფონი და ჰკითხა, თუ რას უყურებდა. სამართალდამცავები რამდენიმე საათი ჩხრეკდნენ მათ სახლს, მაგრამ ვერ იპოვეს რუსეთის მიერ ექსტრემისტულად შერაცხული ლიტერატურა.
საბედნიეროდ, ჩვენი ძვირფასი, ხანდაზმული ძმა არ დაუპატიმრებიათ. თუმცა ალექსანდრემ და რუსეთსა და ყირიმში მცხოვრებმა ყველა იეჰოვას მსახურმა იციან, რომ სამართალდამცავები შეიძლება ნებისმიერ წუთს მიადგნენ მათ სახლებს გასაჩხრეკად და დასაპატიმრებლად. ამ მძიმე რეალობას რომ გაუმკლავდეს, ალექსანდრე წინაპრების მიერ დატოვებულ მდიდარ სულიერ მემკვიდრეობაზე ფიქრობს და იმასაც იხსენებს, თავად როგორ გაუძლო დევნებს საბჭოთა რეჟიმის დროს.
1949 წლის 6 ივლისს, როდესაც ალექსანდრე 9 წლის იყო, საბჭოთა ჯარისკაცები ძალის გამოყენებით შეიჭრნენ მათ სახლში შუაღამისას და ჩხრეკა ჩაატარეს. სახლი ყირაზე დააყენეს, ყველაფერი იატაკზე დაყარეს და ოჯახის წევრებს უბრძანეს, ბარგი ჩაელაგებინათ. ალექსანდრე იხსენებს: „როცა ჯარისკაცები არ გვიყურებდნენ, დედამ ბიბლიური ლიტერატურა, მათ შორის წიგნი „ღვთის არფა“, ნივთებში ჩამალა. ჯარისკაცებმა მთელი ოჯახი რკინიგზის სადგურში წაგვიყვანეს.
ალექსანდრეს ოჯახი სხვა იეჰოვას მოწმეებთან ერთად მატარებელში ჩასვეს და ციმბრისკენ მიმავალ გზას გაუყენეს. ისინი მთელი გზა გაბედულად მღეროდნენ სამეფოს სიმღერებს. ალექსანდრეს ოჯახი იმ ათასობით და-ძმას შორის იყო, რომლებიც 1949—1951 წლებში ციმბირში გადაასახლეს.
1950-იან წლებში ციმბირში ძმები ფერმებში ჩუმად იკრიბებოდნენ კრებების ჩასატარებლად. ზოგ მათგანს 20 კილომეტრის გავლა უწევდა ფეხით, რათა შეხვედრებს დასწრებოდა.
ალექსანდრესთვის ძალიან ბევრს ნიშნავს წინაპრების მიერ დატოვებული სულიერი მემკვიდრეობა. მისთვის ერთგულებისა და მოთმინების შესანიშნავი მაგალითები იყვნენ დიდი ბაბუა მაკარი, ბაბუა მაქსიმი, ბაბუის ძმა, ვლადიმერი და მამამისი პეტრე.
1944 წელს ალექსადრეს მამას ათწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო. ის სამი წლის შემდეგ დაბრუნდა სახლში, რადგან ხერხემლის ტრავმამ მისი პარალიზება გამოიწვია. ალექსანდრე იხსენებს, როგორ უყვებოდა მამა ბიბლიურ ისტორიებს დავითზე, გოლიათზე და დავითისა და იონათანის მეგობრობაზე.
ალექსანდრე გვიყვება: „ბაბუაჩემის ძმა ვლადიმერი რადიოსადგურ WBBR-ის ერთგული მსმენელი იყო და რეგულარულად იღებდა ბიბლიურ ლიტერატურას. იმ დროს რადიოს ქონა კანონდარღვევად ითვლებოდა, ამიტომ ბაბუა ვლადიმერმა მიწისქვეშ პატარა ოთახი გააკეთა, სადაც მას და ბიბლიით დაინტერესებულ სხვა ადამიანებს შეეძლოთ უსაფრთხოდ მოესმინათ რადიომაუწყებლობისთვის“.
1940-იან წლებში ერთ-ერთმა „დაინტერესებულმა“ ამ სამალავის ადგილსამყოფელი გაამხილა, რის გამოც ალექსადრეს ბაბუა და მისი ძმა ვლადიმერი დააკავეს და ციხეში ჩასვეს ქალაქ ხოტინში, რომელიც დასავლეთ უკრაინაში, მათი სოფლიდან 80 კილომეტრის მოშორებით, მდებარეობდა.
„ბებია მათ მოსანახულებლად დადიოდა ხოლმე. ის გვეუბნებოდა, რომ სასტიკი ცემის მიუხედავად ბაბუა მაქსიმი და ბაბუა ვლადიმერი სიხარულს ინარჩუნებდნენ, რადგან ძლიერი რწმენა ჰქონდათ“. სამწუხაროდ, ორივე მათგანი ციხეში გარდაიცვალა.
„დღემდე არაფერი ვიცით, რა დაემართათ მათ, როგორ ეპყრობოდნენ ციხეში, რა გახდა მათი სიკვდილის მიზეზი, დაკრძალეს თუ არა სადმე, — იხსენებს ალექსანდრე, — თუმცა გაგვახარა იმის გაგებამ, რომ ისინი სიკვდილამდე იეჰოვას ერთგულები დარჩნენ“.
წინაპრების ერთგულებამ და ციმბირში პირადად გადატანილმა განსაცდელებმა ალექსანდრე ახლანდელი დევნებისთვის მოამზადა. ის ამბობს: „ბავშვობიდან ვარ შეჩვეული ჩხრეკის პროცესის ყურებას. მაშინ იეჰოვა ზრუნავდა ჩვენზე; მჯერა, რომ ამას ახლაც გააკეთებს.
გარდა ამისა, ძალებს მმატებს ბიბლიის ყოველდღიური კითხვა და წაკითხულზე ფიქრი, კრების შეხვედრებზე რეგულარულად დასწრება და თანაქრისტიანებთან ურთიერთობა“, — აღნიშნავს ალექსანდრე.
ის აგრეთვე ხშირად კითხულობს იმ და-ძმების ისტორიებს, რომლებმაც დევნებს გაუძლეს, რადგან მათი გაბედულება რწმენას უძლიერებს. ალექსანდრე ასეთ რამეს ამბობს: «წავიკითხე, რა თქვა ზოგმა ძმამ სასამართლო პროცესზე დასკვნით სიტყვაში. სასამართლოს წინაშე მათი გაბედული გამოსვლებით სრულდება იესოს წინასწარმეტყველური სიტყვები: „წაგიყვანენ გამგებლებთან და მეფეებთან ჩემ გამო, რაც მათთან და უცხოტომელებთან ქადაგების შესაძლებლობას მოგცემთ“» (მათე 10:18).
იეჰოვას, მზრუნველი ღმერთის, მხარდაჭერით დევნების დროს ჩვენი და-ძმები მოთმინებას ავლენენ და უფრო ძლიერდებიან კიდეც სულიერად. ისინი თავიანი ცხოვრებით ამტკიცებენ, როგორ სრულდება დავითის მიერ წარმოთქმული ღვთივშთაგონებული სიტყვები: „ყველა, ვინც თავს გაფარებს, გაიხარებს; დღემუდამ სიხარულით იყიჟინებენ“ (ფსალმუნი 5:11).