არჩეულ მასალაზე გადასვლა

2022 წლის 17 ივნისი
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან

JW ბიბლიოთეკაში „საკვლევი სახელმძღვანელო“ განახლდა

JW ბიბლიოთეკაში „საკვლევი სახელმძღვანელო“ განახლდა

ამა წლის 25 აპრილს JW ბიბლიოთეკას დაემატა „იეჰოვას მოწმეების საკვლევი სახელმძღვანელოს“ განახლებული ვერსია. ამ ვერსიას დაემატა პუბლიკაციების ჩამონათვალი, სადაც ესა თუ ის ბიბლიური მუხლია ახსნილი.

რა არის ახალი?

„საკვლევ სახელმძღვანელოში“, რომელიც პირველად 2013 წელს გამოიცა, ბიბლიური მუხლების ასახსნელად უახლესი პუბლიკაციებიდან იყო წყაროები მითითებული.

ბოლო წლებში JW ბიბლიოთეკას ბევრი ძველი პუბლიკაციაც დაემატა და ახლა მასში თითქმის ყველა პუბლიკაციაა მოცემული, რომელიც „საგუშაგო კოშკის ონლაინ ბიბლიოთეკაში“ იყო ხელმისაწვდომი. „საკვლევი სახელმძღვანელოს“ განახლებულ ვერსიაში წყაროები ამ ძველი პუბლიკაციებიდანაც არის აღებული, მათ შორის „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარიდან“. თუ JW ბიბლიოთეკით სარგებლობთ, ამ წყაროების ნახვას ინტერნეტის გარეშეც შეძლებთ.

განახლებულ ვერსიას დაემატა წყაროები წიგნიდან „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“. ერთი ჩვენი და, კარი, აღნიშნავს: «ტელეფონით მსახურებისას ძალიან ვნერვიულობ ხოლმე, მაგრამ მესმის, როგორ სჭირდება ხალხს ნუგეში. მსახურების დროს ყოველთვის არ ვიცი, როგორ ავხსნა მარტივად და მობინადრისთვის გასაგებად ესა თუ ის ბიბლიური მუხლი, რომ შემდეგი საუბრისთვის მოვამზადო ნიადაგი. „საკვლევი სახელმძღვანელოს“ წყალობით კი შემიძლია წამებში მოვძებნო მუხლების ახსნა, მათ შორის წყაროები წიგნიდან „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“. ეს გაბედულებას მმატებს და მეტი სიხარულით ვმსახურობ».

გარდა ზემოხსენებულისა, გამარტივდა „საკვლევი სახელმძღვანელოს“ გამოცემის პროცესიც, რათა, რაც შეიძლება, მეტ ენაზე გამხდარიყო ხელმისაწვდომი. ერთი იეჰოვას მოწმე ივო, რომელიც ჩილეს ფილიალში მსახურობს, აღნიშნავს: «მაპუდუნგუნ ენაზე „საკვლევი სახელმძღვანელო“ პირველად გამოიცა. ასეთ პუბლიკაციაზე აქამდე არასდროს მიმუშავია, თუმცა სამუშაო პროცესი იმდენად გამარტივებული იყო, რომ არ გამჭირვებია. და-ძმები გაკვირვებული იყვნენ, რომ ჩვენს ენაზეც გამოიცა ეს პუბლიკაცია, რომელზეც ძალიან ცოტა ადამიანი საუბრობს. ისინი ძალიან გაახარა ამ ამბავმა, რადგან ეს სახელმძღვანელო დიდ დახმარებას გაუწევს მათ პირადი შესწავლისა და კომენტარებისა თუ დავალებების მომზადების დროს».

როგორ მოვძებნოთ მუხლების ახსნა

  • გახსენით ბიბლია და მოძებნეთ სასურველი ბიბლიური მუხლი.

  • დაკლიკეთ ამ მუხლს, რის შემდეგაც ზემოთ გამოჩნდება სხვადასხვა სიმბოლო. აირჩიეთ „საკვლევი სახელმძღვანელოს“ სიმბოლო. თუ ამ სიმბოლოს ვერ ხედავთ, ესე იგი, იმ მუხლის ასახსნელად არცერთი წყარო არაა მითითებული.

თავში ყოველთვის უახლესი წყაროებია მოცემული. თუ უფრო ძველი პუბლიკაციების ხილვა გსურთ, ზემოთ ასწიეთ ტექსტი. ისეთი მუხლების შემთხვევაში, რომელთა ახსნაც წლების განმავლობაში იცვლებოდა, უახლესი ახსნის სანახავად თავში მოცემული წყაროები გამოგადგებათ.