2021 წლის 9 აპრილი
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან
JW სიახლეები ხელს უწყობს იეჰოვას მოწმეების გამხნევებასა და ერთობას
JW სიახლეებში განთავსებული შემთხვევები იმ და-ძმების შესახებ, რომლებიც დევნას უძლებენ, გვამხნევებს და ძალებს გვმატებს. ამ სტატიებით ვეცნობით მათ; მათი შემთხვევები და კომენტარები გვამხნევებს, გვაერთიანებს და გვარწმუნებს, რომ, განსაცდელების მიუხედავად, ისინი სიხარულს არ კარგავენ. ქვემოთ მოცემული შემთხვევებიდან დავინახავთ, თუ რა დადებითად მოქმედებს მსოფლიო საძმოზე ამგვარი სტატიები.
გვაფიქრებს, ჩვენ რისი გაკეთება შეგვიძლია
ძმა მიგელ სილვა და მისი მეუღლე მონიკა (ნაჩვენებია ზემოთ) პორტუგალიაში სპეციალურ პიონერებად მსახურობენ. ბევრი ჩვენგანის მსგავსად, პანდემიამ მათი ცხოვრების რეჟიმიც შეცვალა. შექმნილი მდგომარეობის გამო დროდადრო შეიძლება ყველას დაგვეუფლოს ემოციური გადაღლილობის განცდა. მიგელი და მონიკა დიდად ანუგეშა JW სიახლეებში განთავსებულმა ისტორიამ ძმა კონსტანტინ ბაჟენოვის შესახებ. კონსტანტინს ძალიან უნდოდა ბიბლიის წაკითხვა, მაგრამ ციხეში ბიბლია არ ჰქონდა. ამის გამო მან გული კი არ გაიტეხა, არამედ გამოსავალი იპოვა და თავისი „ბიბლია“ შექმნა — ჩამოწერა ყველა მუხლი, რაც კი ახსოვდა. ეს მიგელისთვის და მონიკასთვის კარგი მაგალითი იყო. მიგელი აღნიშნავს: „იმაზე ყურადღების გამახვილების ნაცვლად, რისი გაკეთებაც არ შეგვიძლია პანდემიის გამო, ვცდილობთ, ის დავაფასოთ, რისი კეთებაც სახლში ყოფნის პერიოდში შეგვიძლია“.
მიგელმა და მონიკამ გადაწყვიტეს, მეტი დრო დაეთმოთ ბიბლიის ყოველდღიური კითხვისთვის და მასზე ფიქრისთვის. მონიკა ამბობს: „დარწმუნებულები ვართ, იეჰოვა საჭირო დროს გაგვახსენებს იმას, რასაც ახლა ვსწავლობთ“. მიგელი აღნიშნავს: «ძმა კონსტანტინის მაგალითმა აღგვძრა, ეს „შინაპატიმრობის“ პერიოდი იმისთვის გამოვიყენოთ, რომ გავამხნეოთ სხვები, მთელი გულით ვუმღეროთ იეჰოვას და გავაუმჯობესოთ ლოცვები».
გვეხმარება, დავძლიოთ დევნის შიში
და ქრისტინ მუჰიმა ეტონდე, რომელიც კამერუნში პიონერად მსახურობს, აღნიშნავს, რომ წლების განმავლობაში აშინებდა დევნებზე ფიქრი. ის გვიყვება, თუ რა დაეხმარა თვალსაზრისის შეცვლაში: „ჩემი დამოკიდებულება სრულიად შეიცვალა, რაც JW სიახლეებში იმ და-ძმების ისტორიების კითხვა დავიწყე, რომლებიც მოთმინებით იტანენ დევნებსა და განსაცდელებს. როცა ვკითხულობ, როგორ ინარჩუნებენ ეს სხვადასხვა ასაკის და-ძმები დადებით განწყობას, ვხედავ მათ მომღიმარ სახეებს, ვიგებ, როგორ კონკრეტულად ლოცულობენ და წინასწარ ემზადებიან დევნისთვის, ეს აღმძრავს, იეჰოვა უკეთ გავიცნო. ღვთისადმი ჩემი სიყვარული იმდენად გაიზარდა, რომ შემიძლია წარმოვიდგინო საკუთარი თავი დევნის დროს, ოღონდ უკვე შიშის გარეშე; წარმოვიდგენ, როგორ გულმხურვალედ ვლოცულობ, ვფიქრობ იეჰოვაზე და გული სიხარულით მევსება“.
გვამზადებს რწმენის დასაცავად
ძმა იულიან ნისტორი და მისი მეუღლე ოანა, რომლებიც რუმინეთში მსახურობენ, ძალიან გაამხნევა ძმა ანატოლი ტოკარევის შემთხვევამ, რომელმაც გაბედულად დაიცვა თავისი რწმენა სასამართლოს წინაშე. ის წყნარად, პატივისცემით, მაგრამ მტკიცედ იცავდა თავის პოზიციას. მისმა მაგალითმა იულიანა და ოანა დააფიქრა, თავად როგორ დაიცავდნენ რწმენას სასამართლოზე. „ოჯახური თაყვანისცემის დროს ვდგამდით სცენებს, თითქოს სასამართლოზე ჩვენს რწმენას ვიცავდით. ადვილი არ იყო, ჩვენი პოზიცია ისე ტაქტიანად და პატივისცემით დაგვეცვა, როგორც ამას ძმა ანატოლი აკეთებდა. ოჯახური თაყვანისცემის ბოლოს უფრო მეტ სიახლოვეს ვგრძნობდით ჩვენს და-ძმებთან. აგრეთვე ვხედავდით, რამდენად მნიშვნელოვანი იყო რწმენის დასაცავად წინასწარი მომზადება და საკუთარი თავისთვის გამუდმებით იმის შეხსენება, თუ რატომ უნდა გვეამაყებოდეს, რომ იეჰოვას მოწმეები ვართ“, — ამბობს ოანა.
გვაფიქრებს, როგორია ჩვენი ლოცვები
მადაგასკარში მცხოვრები და ანა რავოჯერსონი დაფიქრდა თავის ლოცვებზე. ძმა ჯოვიდონ ბობოჯონოვის ისტორიის წაკითხვის შემდეგ ის ამბობს: „ზოგჯერ, როცა ძალიან დაკავებული ვარ ყოველდღიური საქმიანობით, ვგრძნობ, რომ ჩემი ლოცვები მექანიკურია. აღმოვაჩინე, რომ, თუ წინასწარ არ ვფიქრობ, რაზე ვილოცო, ერთსა და იმავე ფრაზებს ვიმეორებ“. ანა ჯოვიდონის მაგალითზე დაფიქრდა და თავი მის ადგილას წარმოიდგინა. ის საკუთარ თავს ეკითხებოდა: „შევძლებდი ასე კონკრეტულ საკითხებზე ლოცვას მსგავსი განსაცდელის დროს? ამან მასწავლა, რომ აუცილებელია, ლოცვამდე დავფიქრდე, რას ვეტყვი იეჰოვას ლოცვაში. ძალიან მადლიერი ვარ ასეთი სტატიებისთვის“.
ვსწავლობთ, უფრო მეტად თანავუგრძნოთ და-ძმებს
პორტუგალიაში მცხოვრები ძმა რუბენ კატარინო და მისი მეუღლე ანდრეა, რომლებიც პიონერებად მსახურობენ, და-ძმებს უფრო დაუახლოვდნენ. რუბენი ამბობს: „ადრე მხოლოდ ის ვიცოდით, რომ ჩვენი ძმები სხვა ქვეყნებში იდევნებოდნენ, არაფერი ვიცოდით მათ შესახებ: ვინ იყვნენ, როგორ ცხოვრობდნენ, რა სირთულეებს ხვდებოდნენ. ახლა კი, ამ სტატიების დახმარებით, ვეცნობით მათ. შეგვიძლია კონკრეტულად ვილოცოთ მათზე და იმ სირთულეებზე, რომლებსაც ისინი ხვდებიან. ისეთი შეგრძნება გვაქვს, თითქოს მათთან უფრო ახლოს ვართ და იმასაც ვგრძნობთ, რომ მათთვის ჩვენს ლოცვებს დიდი ძალა აქვს“.
გვეხმარება, უფრო დავაფასოთ პირადი შესწავლა
ალბათ ჩვენც ვეთანხმებით პორტუგალიაში მცხოვრები ერთი პიონერის, სესილია კარდოსოს, სიტყვებს. ის ამბობს: „ჩვენი და-ძმების შემთხვევების წაკითხვის შემდეგ პირად შესწავლას უფრო დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. ბიბლიის უფრო ღრმად და ხშირად გამოკვლევა მეტად გამიძლიერებს იეჰოვასადმი ნდობასა და სიყვარულს. იეჰოვა დამეხმარება, დავინახო, რამდენად უსაფუძვლოა ჩემი შიში. ვიცი, რომ შიში მხოლოდ მაშინ გვჯობნის, როცა იეჰოვას აღარ ვენდობით“.
ძალიან მადლიერნი ვართ, რომ ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით თანამედროვე დროში მცხოვრები და-ძმების გაბედულებისა და რწმენის მაგალითებს ვეცნობით. ეს გვეხმარება, გულდაჯერებულებმა ვთქვათ: „იეჰოვაა ჩემი შემწე, არ შემეშინდება“ (ებრაელები 13:6).