არჩეულ მასალაზე გადასვლა

(მარცხნივ) სასურველია, იმ ადგილების სისტემატურად გაწმენდა, რომელთაც ხშირად ვეხებით, იქნება ეს სახლში თუ სამეფო დარბაზში; (შუაში) ვირუსის გავრცელების ზოგიერთ ზონაში მაუწყებლებმა შესაძლოა მსახურება ალტერნატიული მეთოდებით განაგრძონ, მაგალითად, იქადაგონ ტელეფონით; (მარჯვნივ) ადგილობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, თუ შესაძლებელი იქნება, უხუცესები იზრუნებენ იმაზე, რომ მაუწყებლებმა შეხვედრების ჩანაწერებს სახლში უყურონ.

2020 წლის 3 მარტი
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან

კორონავირუსი — სიახლეები და რეკომენდაციები

კორონავირუსი — სიახლეები და რეკომენდაციები

იეჰოვას მოწმეთა მთავარი სამმართველო ყურადღებით აკვირდება მოვლენათა განვითარებას მსოფლიოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებასთან დაკავშირებით. ბიბლიიდან ვიცით, რომ ბოლო დღეებისთვის დამახასიათებელი იქნებოდა ეპიდემიები (ლუკა 21:11). როდესაც რაიმე დაავადება იჩენს თავს, გონივრულია, მაშინვე მივმართოთ პრევენციულ ზომებს როგორც საკუთარი თავის, ისე სხვების დასაცავად (იგავები 22:3).

ალბათ გაინტერესებთ, რა მდგომარეობაში არიან ჩვენი და-ძმები ვირუსის გავრცელების ზონებში. ვირუსის გავრცელებამ საგრძნობლად იმოქმედა ფილიალების მუშაობის რეჟიმსა და კრებების განრიგზე იტალიაში, იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში. ზოგ შემთხვევაში ფილიალებს მოუწიათ, გაეუქმებინათ ექსკურსიები და უარი ეთქვათ სტუმრების მიღებაზე. ზოგ ადგილას კი, სახელმწიფოს მიერ ფართომასშტაბიანი შეკრებების აკრძალვის გამო, ფილიალებს მოუწიათ კონგრესების გაუქმება. გარდა ამისა, ზოგ ტერიტორიაზე ცვლილებები შეეხო როგორც სამქადაგებლო მსახურების ფორმებს, ისე კრების შეხვედრებს. შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად, ამ რეგიონებში მცხოვრები და-ძმები ზრუნავენ როგორც საკუთარ, ისე ერთმანეთის სულიერ სიმტკიცეზე (იუდა 20, 21).

არსებულ სიტუაციებში ქვემოთ ჩამოთვლილი რჩევების გათვალისწინებამ ჩვენს და-ძმებს დიდი დახმარება გაუწია. ეს რჩევები თქვენც გამოგადგებათ, თუ რომელიმე ინფექციური დაავადება თქვენს ტერიტორიაზეცაა გავრცელებული.

  • არ აჰყვეთ პანიკას. მართალია, სიფხიზლის შენარჩუნება და პრევენციული ზომების მიღება აუცილებელია დაავადებებთან ბრძოლისას, მაგრამ მნიშვნელოვანია, გვქონდეს გაწონასწორებული დამოკიდებულება, რომელიც ეფუძნება ფაქტებს და არა შიშს (იგავები 14:15; ესაია 30:15).

  • მიჰყევით სახელმწიფოს მიერ დადგენილ რეკომენდაციებსა და მითითებებს. ხშირ შემთხვევაში ადგილობრივი ხელისუფლება ადგენს გარკვეულ შეზღუდვებს და აწვდის მოსახლეობას კონკრეტულ ინფორმაციას, თუ როგორ დაიცვან თავი ამა თუ იმ დაავადებისგან. გონივრულია, მივიღოთ საჭირო ინფორმაცია და მივყვეთ მთავრობის მიერ მოცემულ მითითებებს (რომაელები 13:1).

  • დაიცავით ჰიგიენა. აუცილებელია ხელების ხშირად დაბანა საპნით ან ალკოჰოლის შემცველი ანტიბაქტერიული სითხის გამოყენება. აგრეთვე მნიშვნელოვანია, გავწმინდოთ ის ადგილები, რომლებსაც ხშირად ვეხებით, იქნება ეს სახლში თუ სამეფო დარბაზში. გარდა ამისა, მედიკოსები გვირჩევენ, თავი შევიკავოთ ხელის ჩამორთმევისგან, რადგან ამან შეიძლება ხელი შეუწყოს ვირუსის გავრცელებას. კორონავირუსთან დაკავშირებით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია გვაწვდის დამატებით რეკომენდაციებს.

  • გამოავლინეთ სიყვარული. მართალია, კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია კრების შეხვედრებზე დასწრება და სამქადაგებლო საქმეში მონაწილეობა, მაგრამ, თუ თავს ცუდად ვგრძნობთ, უმჯობესია, სახლში დავრჩეთ, რათა დავიცვათ სხვები დაინფიცირებისგან. ასე მოქცევით ვავლენთ ძმურ სიყვარულს და ვუფრთხილდებით როგორც ჩვენს და-ძმებს, ისე სხვებს (მათე 22:39).

  • მიჰყევით დროებით ცვლილებებს კრების შეხვედრებთან დაკავშირებით. იმ ტერიტორიებზე, სადაც ვირუსია გავრცელებული, შეიძლება ფილიალმა საჭიროდ ჩათვალოს, დროებით გააუქმოს კრების შეხვედრები, კონგრესები და სხვა თეოკრატიული ღონისძიებები. ასე მოხდა იტალიის, იაპონიისა და სამხრეთ კორეის ზოგიერთ რეგიონში, სადაც კორონავირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ადგილობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, თუ შესაძლებელი იქნება, უხუცესები იზრუნებენ იმაზე, რომ მაუწყებლებმა შეძლონ კრების შეხვედრების ჩანაწერების სახლში ყურება. ასეთ დროს მაუწყებლებს შესაძლებლობა ექნებათ, განაგრძონ მსახურება ტელეფონით, ტექსტური შეტყობინებებით, ელფოსტით ან წერილებით.