2021 წლის 26 თებერვალი
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან
იეჰოვას მოწმეები მხარში ედგნენ ერთმანეთს გასულ წელს, რომლის განმავლობაშიც სტიქიური უბედურებების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა
2020 სამსახურებრივ წელს ჩვენმა ორგანიზაციამ უპრეცედენტოდ მასშტაბური დახმარების პროგრამის განხორციელება წამოიწყო, რომელიც დღემდე გრძელდება. მსოფლიო მასშტაბით ჩამოყალიბდა 950-ზე მეტი სტიქიით დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი. 2020 წლის განმავლობაში, პანდემიის გარდა, ადგილი ჰქონდა სტიქიურ უბედურებებს და სხვა გამანადგურებელ მოვლენებს. დახმარების კომიტეტებს დამატებით სირთულეს ის უქმნიდა, რომ დახმარების გაწევის დროს უნდა გაეთვალისწინებინათ კოვიდ-19-თან დაკავშირებით დადგენილი უსაფრთხოების წესები. და-ძმები, რომლებიც ეხმარებოდნენ თანაქრისტიანებს, აღნიშნავენ, რომ დახმარების პროგრამაში მონაწილეობამ უფრო გააძლიერა მათი რწმენა. ქვემოთ ჩამოთვლილია რამდენიმე დამანგრეველი მოვლენა, რომლებიც ჩვენს და-ძმებს შეეხო:
გამანადგურებელი ქარიშხლები
2020 სამსახურებრივი წლის განმავლობაში მთლიანობაში 126 მასშტაბური შტორმი დაფიქსირდა, რომლებმაც დააზარალა ჩვენი თანაქრისტიანები. წინა წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 11,5 პროცენტით იყო გაზრდილი. ქარიშხლები ხშირ შემთხვევაში იწვევდა წყალდიდობას და მეწყერს.
მაგალითად, რამდენიმე ტროპიკული ციკლონი ერთიმეორის მიყოლებით დაატყდა თავს ფილიპინებს, რის გამოც საჭირო გახდა ბევრი მაუწყებლის ევაკუირება.
გადაუღებელმა წვიმებმა ნიგერიაში და-ძმების მოსავალი გაანადგურა.
ხანგრძლივმა ტროპიკულმა წვიმებმა დიდი ზარალი მიაყენა სამხრეთ კორეას.
მასშტაბური ტყის ხანძრები
ძლიერი ხანძრები გაჩნდა არაერთ ქვეყანაში, რომელთაგან ზოგი რეკორდული მასშტაბის ტერიტორიებზე გავრცელდა.
მაგალითად, ჩვენს და-ძმებს ზარალი მიაყენა გიგახანძარმა, რომელმაც, სულ მცირე, ოთხი ათას ჰექტარზე მეტი ფართობი გადაწვა.
ეს შეერთებულ შტატებში მოხდა.
გიგახანძრებმა ავსტრალიაში მცხოვრები ჩვენი და-ძმებიც დააზარალა.
უსაფრთხო და ეფექტიანი დახმარება
ზემოაღნიშნული მოვლენების შემდეგ, ჩვენმა ორგანიზაციამ შეიმუშავა სპეციალური რეგულაციები, დახმარების პროგრამაში ჩართული და დაზარალებული და-ძმების უსაფრთხოების მიზნით.
ძმა ჰან ჩან-ჰი, რომელიც სტიქიური უბედურებებით დაზარალებულთა დახმარების კომიტეტთან თანამშრომლობს სამხრეთ კორეაში, გვიყვება, თუ რა ზომები იქნა მიღებული ჩვენი და-ძმების უსაფრთხოების დაცვის მიზნით: „ყოველ დილით ვუსინჯავდით და-ძმებს ტემპერატურას, გამუდმებით ვინარჩუნებდით ფიზიკურ დისტანციას, შევზღუდეთ მოხალისეების რაოდენობა, ვერიდებოდით ერთად შეკრებას ჭამისა თუ შესვენების დროს. გარდა ამისა, მოხალისეები დეზინფექციას უკეთებდნენ თავიანთ სამუშაო იარაღებს სამუშაოს დაწყების წინ და დასრულების შემდეგ“.
ზოგ და-ძმას ან საერთოდ გაუნადგურდა სახლი ან დროებით მოუწია საცხოვრებლის დატოვება. ძმა ქრის შირა, რომელიც დახმარების კომიტეტთან თანამშრომლობდა, როცა ხანძარი მოედო შეერთებული შტატების დასავლეთ სანაპიროს, აღნიშნავს: „და-ძმების ევაკუირების დროს ყურადღებას ვაქცევდით, რამდენი ადამიანი შეგვესახლებინა ერთ ჭერქვეშ, რათა არ დაგვერღვია კოვიდ-19-თან დაკავშირებული რეგულაციები“.
ბევრგან, არსებული რეგულაციებისა და გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, დახმარების პროგრამაში ბევრი მოხალისე ვერ იღებდა მონაწილეობას. ძმა ფილიპს აკინდურო, რომელიც სტიქიით დაზარალებულთა დახმარების კომიტეტთან თანამშრომლობდა ნიგერიაში, ამბობს: „ყველაზე დიდ სირთულეს ის გვიქმნიდა, რომ მთავრობის მიერ მგზავრობაზე დაწესებული შეზღუდვის გამო, საქმეში ვერ ვრთავდით საკმარისი რაოდენობის მოხალისეებს“.
ძმა კიმ ჯუნ-ჰიონგი, რომელიც აგრეთვე დაზარალებულთა დახმარების კომიტეტთან თანამშრომლობდა სამხრეთ კორეაში, გადმოგვცემს, როგორი განწყობა ჰქონდათ მოხალისეებს: „რადგან დახმარების საქმეში ღვთისა და თანაქრისტიანების სიყვარულის გამო ვიყავით ჩაბმულნი, ამიტომ დახმარების გაწევის დროს ყველანაირად ვცდილობდით, რომ ერთმანეთის სიცოცხლეს მოვფრთხილებოდით. ასე რომ, ბევრი შეზღუდვისა და რეგულაციის დაცვის პარალელურად, ჩვენ მაინც შევძელით სიხარულით დავხმარებოდით და-ძმებს“.
დახმარების პროგრამაში მონაწილეობა და-ძმებს რწმენას უძლიერებს
როცა სირთულეების მიუხედავად დახმარების საქმე წარმატებით სრულდება, ეს ყველას უძლიერებს რწმენას და ღვთისადმი ნდობას.
მაგალითად, ძმა ჰანს ეფიქრებოდა, შეძლებდა თუ არა დახმარების კომიტეტი სწრაფადვე შეეკრიბა საჭირო რაოდენობის მოხალისეები, რადგან დახმარების საქმე 24 საათზე ნაკლებ დროში უნდა დაწყებულიყო. „რამდენიმე საათში დავრწმუნდი, რომ ნერვიულობის საფუძველი არ მქონდა. ასობით მოხალისე და-ძმა შეგროვდა მთელი ქვეყნის მასშტაბით. მათი რაოდენობა იმდენად დიდი იყო, რომ ზოგზე უარის თქმაც კი მოგვიწია“. ის დასძენს: „დავრწმუნდი, რომ იეჰოვა გვედგა მხარში და ეს ძალიან სასიამოვნო შეგრძნება იყო“.
ძმა ბრედ ბენერი გვიზიარებს, რა გრძნობები დაეუფლა, როცა ჰონდურასში მომხდარი ქარიშხლის შედეგად დაზარალებულთა დახმარების პროგრამაში მიიღო მონაწილეობა. „მართალია, მდგომარეობა დაძაბული იყო, მაგრამ ევაკუირებული და-ძმები შეუფერხებლად იღებდნენ საჭირო საკვებსა და სულიერ ნუგეშისცემას. ისინი არც თავშესაფრის გარეშე დარჩენილან. პირადად დავრწმუნდი, რომ ჩვენ შორის არსებული სიყვარულის განელება ერთმანეთის მიყოლებით მომხდარ ორ ქარიშხალს და პარალელურად არსებულ პანდემიასაც კი არ შეუძლია“.
ძმა ალკინ დიეგი, რომელიც დაზარალებულთა დახმარების საქმეში იყო ჩართული ფილიპინებში, აღნიშნავს: „მთელი ამ დროის განმავლობაში კიდევ უფრო მეტად დავრწმუნდი, რომ იეჰოვა უხვად გვაძლევს ძალას, რომელიც ჩვეულებრივს აღემატება და სიბრძნეს, რაც საჭიროა საქმის შესასრულებლად“ (2 კორინთელები 4:7).
ჩვენ დიდად ვაფასებთ უდიდეს შრომას, რომელიც ფილიალებმა, დაზარალებულთა დახმარების კომიტეტებმა და უამრავმა და-ძმამ გასწიეს. სწორედ მათი ძალისხმევისა და გულუხვად გაღებული შესაწირავების დახმარებით გახდა შესაძლებელი დაზარალებული და-ძმებისთვის დახმარების აღმოჩენა გასულ წელს, რომლის განმავლობაშიც გამანადგურებელი მოვლენების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა (1 თესალონიკელები 1:3).