28 ᲓᲔᲙᲔᲛᲑᲔᲠᲘ, 2023
ნიგერია
გამოიცა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ედო და ესან ენებზე
2023 წელს ბენინ-სითისა და აგბორში (ნიგერია) ჩატარებულ რეგიონულ კონგრესებზე, „კვლავაც მოითმინეთ!“, ნიგერიის ფილიალის კომიტეტის წევრებმა გამოაცხადეს, რომ გამოიცა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ორ ადგილობრივ ენაზე. 8 დეკემბერს ჩატარებულ კონგრესზე არჩიბონგ ებიტიმ გამოაცხადა, რომ გამოიცა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ედო ენაზე. 15 დეკემბერს ჩატარებულ კონგრესზე კი, მალკოლმ ჰოლსმა გამოაცხადა ახალი თარგმანის ესან ენაზე გამოცემის შესახებ. ამ გამოცემების ბეჭდური და ციფრული ფორმატები მაშინვე გახდა ხელმისაწვდომი. ციფრულ ვერსიას თან დაერთო აუდიომასალაც.
ედო
„ქრისტიანულ-ბერძნული წერილების“ გამოცემის შესახებ განცხადება 1 678-მა დამსწრემ მოისმინა. მთელ მსოფლიოში დაახლოებით 2 მილიონი ადამიანი ლაპარაკობს ედო ენაზე. ნიგერიის 23 კრებაში 900-ზე მეტი ედო ენაზე მოლაპარაკე იეჰოვას მოწმე მსახურობს. ამ ენაზე მთარგმნელობითი საქმიანობა ოფიციალურად 2014 წელს დაიწყო. იმავე წელს პუბლიკაციები ხელმისაწვდომი გახდა ვებგვერდზე jw.org.
მართალია, ედო ენაზე ბიბლიის სხვა თარგმანებიც არის ხელმისაწვდომი, მაგრამ ისინი რთულად გასაგებია და საკმაოდ ძვირიც ღირს. ამ ბიბლიების უმეტესობიდან ამოღებულია ღვთის სახელი იეჰოვა და გამოყენებულია მოძველებული ენა. ერთი 74 წლის და, ფეიშენს იზევბუვა, რომელიც 50 წელზე მეტია იეჰოვას მოწმეა, ამბობს: „ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ედო ენაზე გამოიცა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“. ჩემს სიხარულს საზღვარი არ აქვს!“.
ესანი
„ქრისტიანულ-ბერძნული წერილების“ გამოცემის შესახებ განცხადება 690-ზე მეტმა დამსწრემ მოისმინა. ნიგერიაში ესან ენაზე ერთ მილიონზე მეტი ადამიანი ლაპარაკობს. დღესდღეობით ქვეყნის ათ კრებაში 640 ესანენოვანი იეჰოვას მოწმე მსახურობს.
ეს არის „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების“ პირველი სრული თარგმანი ესან ენაზე. ამ თარგმანის გამოცემამდე ესანენოვანი და-ძმები ინგლისურ „ახალი ქვეყნიერების თარგმანს“ იყენებდნენ. ერთი და აღნიშნავს: „როდესაც ინგლისურ ბიბლიაში 2 კორინთელების 4:7-ს ვკითხულობდი, ბოლომდე არასოდეს მესმოდა, რას ნიშნავდა, რომ განძი გვქონდა მიწის ჭურჭელში. ესან ენაზე გამოცემულ „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ ეს მუხლი შემდეგნაირად არის ნათარგმნი: „მართალია, ჩვენ თიხის ჭურჭელივით ვართ, მაგრამ ღმერთი გვანდობს ძვირფას მსახურებას“. ასეთი სიტყვებით აზრი ჩემთვის უფრო გასაგები და გამამხნევებელი გახდა. ეს თარგმანი ჩემთვის დიდებული საჩუქარია!“.
ჩვენ ვუერთდებით ჩვენი ედო და ესანენოვანი და-ძმების სიხარულს და ვლოცულობთ, ამ ორი ახალი თარგმანის დახმარებით კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა მიიღოს „ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნა“ (1ტიმოთე 2:3, 4).