2022 წლის 7 ოქტომბერი
ნიდერლანდი
იეჰოვას მოწმეების 100-წლიანი ისტორია ნიდერლანდებში
2022 წელს 100 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც ამსტერდამში, ნიდერლანდების დედაქალაქში, იეჰოვას მოწმეთა ფილიალი გაიხსნა. ამ წლების განმავლობაში იქ მცხოვრები ჩვენი და-ძმები ძლიერ რწმენასა და გაბედულებას იჩენდნენ.
სასიხარულო ცნობამ ნიდერლანდებამდე მე-20 საუკუნის დასაწყისში მიაღწია. ერთმა ახალგაზრდა კაცმა, ჰაინრიხ ბრინხოფმა, საზოგადოება „საგუშაგო კოშკისა“ და ბიბლიის მკვლევართა საერთაშორისო ასოციაციის მიერ გამოცემული ლიტერატურის კითხვა და სხვებისთვის იქ წაკითხულის გაზიარება დაიწყო. ჭეშმარიტების თესლი უფრო და უფრო ღივდებოდა და იზრდებოდა. 1920 წელს ძმა ჯოზეფ რუტერფორდი ევროპას ეწვია და შვეიცარიაში ფილიალი გახსნა. ნიდერლანდებში სამქადაგებლო საქმეს მაშინ სწორედ შვეიცარიის ფილიალი ზედამხედველობდა. 1921 წელს ჯოზეფ რუტერფორდმა ძმა ადრიან ბლოქს დაავალა ნიდერლანდებში სამქადაგებლო საქმის ზედამხედველობა. 1922 წელს ამსტერდამშიც დაარსდა ფილიალი.
იმ დროიდან მოყოლებული უკეთ ეწეოდა ორგანიზება სამქადაგებლო საქმეს და იეჰოვას მსახურთა რიცხვიც იზრდებოდა. მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე ქვეყანაში დაახლოებით 500 მაუწყებელი მსახურობდა.
როცა ომმა იფეთქა, ნაცისტებმა ნიდერლანდების ოკუპაცია მოახდინეს. დაიწყო სასტიკი დევნები და იეჰოვას მოწმეებიც განსაკუთრებული დევნის ობიექტი გახდნენ. ოკუპაციის პერიოდში დაახლოებით 300 ნიდერლანდელ იეჰოვას მოწმეს დეპორტი გაუკეთეს. ბევრი მათგანი საკონცენტრაციო ბანაკებში გაგზავნეს. დაახლოებით 130 და-ძმა ავადმყოფობისა თუ სხვა მიზეზების გამო დაიღუპა. თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, მეორე მსოფლიო ომის დასასრულს, 1945 წელს, იეჰოვას მოწმეთა რიცხვმა 3 125-ს მიაღწია.
ომის დასრულების შემდეგაც არ შეწყვეტილა წინააღმდეგობა. კათოლიკური ეკლესია, განსაკუთრებით ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, აქტიურად ეწინააღმდეგებოდა იეჰოვას მოწმეებს. მაგალითად, 1952 წელს კათოლიკური ეკლესია მთელი მონდომებით ცდილობდა, რომ ჩაშლილიყო ქალაქ ვენლოში დაგეგმილი კონგრესი. ამის გამო კონტრაქტორებმა, ვისგანაც ძმებს საკონგრესო ტერიტორია ჰქონდათ ნაქირავები, ხელშეკრულება გააუქმეს. თუმცა ძმებმა სხვა გზა გამონახეს კონგრესის ჩასატარებლად. მათ კარავი გაშალეს ღია ცის ქვეშ და ასე ჩაატარეს პროგრამა.
წინააღმდეგობა კვლავ გრძელდებოდა. ერთხელ დაახლოებით 1 000 კაცი შეიჭრა საკონგრესო ტერიტორიაზე და პროგრამის ჩაშლას შეეცადა. გარდა ამისა, პოლიციელებმა მთელ ტერიტორიაზე რეიდი მოაწყვეს და კვირას ნაშუადღევი პროგრამის მსვლელობის დროს რამდენიმე ძმა დააკავეს. თუმცა მოწინააღმდეგეებმა წარმატებას ვერ მიაღწიეს. ფილიალიდან მიღებული მითითებების დახმარებით ძმებმა შეძლეს კონგრესის პროგრამის ჩატარება.
იეჰოვამ მომდევნო წლებშიც აკურთხა ჩვენი და-ძმების შეუპოვრობა. 1983 წელს ფილიალი ქალაქ ემენში გადავიდა. დღეისთვის ნიდერლანდებში იეჰოვას მოწმეთა რიცხვი თითქმის 30 000-ს შეადგენს.
იეჰოვას მოწმეთა ისტორია ნიდერლანდებში იმის დასტურია, რომ იეჰოვა არასოდეს მიატოვებს თავის ხალხს (კანონი 31:6).