არჩეულ მასალაზე გადასვლა

ოსლოს რაიონული სასამართლოს შენობა

2023 წლის 11 იანვარი
ᲜᲝᲠᲕᲔᲒᲘᲐ

ნორვეგიის სასამართლო დროებით აჩერებს იეჰოვას მოწმეების რეგისტრაციიდან მოხსნის პროცესს

ნორვეგიის სასამართლო დროებით აჩერებს იეჰოვას მოწმეების რეგისტრაციიდან მოხსნის პროცესს

2022 წლის 30 დეკემბერს ოსლოს რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა ჩვენი ძმების მოთხოვნა, დროებით შეჩერებულიყო ნორვეგიაში იეჰოვას მოწმეების რელიგიური გაერთიანების რეგისტრაციიდან მოხსნის პროცესი. ძმებმა სარჩელი სასამართლოში შეიტანეს მას შემდეგ, რაც ოსლოსა და ვიკენის გამგებელმა განაცხადა, რომ ჩვენი ორგანიზაციის რეგისტრაციიდან მოხსნას აპირებდა. სასამართლოს გადაწყვეტილება საშუალებას გვაძლევს, ვისარგებლოთ რეგისტრაციის კანონიერი უფლებით მანამ, სანამ საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ბავშვთა და ოჯახთა დაცვის სამინისტრო არ ეთანხმება სასამართლოს ამჟამინდელ გადაწყვეტილებას.

ნორვეგიის მთარგმნელობითი ოფისი და თეოკრატიული სკოლების შენობები. ამ კომპლექსში 2012 წლამდე ფილიალი იყო განთავსებული. ახლა კი ნორვეგიაში სამქადაგებლო საქმეს სკანდინავიის ფილიალი ხელმძღვანელობს, რომელიც დანიაში მდებარეობს.

პროცესის შეჩერებას კარგი შედეგები მოჰყვა, მაგალითად, რამდენიმე დანიშნული წყვილისთვის. ნორვეგიაში მთავრობა მხოლოდ რეგისტრაციაში მყოფი რელიგიების წარმომადგენლებს აძლევს წყვილების დაქორწინების უფლებას. როცა გამგებელმა განაცხადა, რომ რეგისტრაციიდან მოგვხსნიდნენ, ეს ამ უფლების შეჩერებასაც ნიშნავდა. თუმცა, რახან სასამართლომ შეაჩერა პროცესი, დანიშნულ წყვილებს კვლავ შეუძლიათ თავიანთი ქორწინება რეგისტრაციაში გაატარებინონ კომპეტენტურ იეჰოვას მოწმეს მათსავე დარბაზში.

ანდრეი ბიორნსტადი და მისი საცოლე, იასმინ დე ანდრადე მონტელო, რომელთა კომენტარები სასამართლო საქმეში იყო შეტანილი.

ანდრეი ბიორნსტადი და მისი საცოლე, იასმინ დე ანდრადე მონტელო, იმ წყვილებს შორის არიან, რომლებსაც პირადად შეეხოთ გამგებლის გადაწყვეტილება. მათი კომენტარები 2022 წლის 28 დეკემბერს სასამართლო საქმეშიც იქნა შეტანილი. როგორც ანდრეი ამბობს: «ვინმეს შეიძლება გაუჩნდეს კითხვა: „რა მნიშვნელობა აქვს, ვინ დაგაქორწინებთ?“. თუმცა აღსანიშნავია, რომ ხალხისთვის თავიანთი მრწამსი უმნიშვნელოვანესია, ამიტომ, როდესაც შენს შეხედულებას პატივს არ სცემენ, ფაქტობრივად, იდენტობას გართმევენ».

სანამ ნორვეგიის მთავრობა იეჰოვას მოწმეების რეგისტრაციიდან მოხსნის გადაწყვეტილებას მიიღებდა, დაფინანსება შეგვიწყვიტა, რომელსაც 30 წელზე მეტი ხნის მანძილზე ვიღებდით. ისიც აღსანიშნავია, რომ ამ დაფინანსებით ქვეყანაში 700-ზე მეტი რელიგიური გაერთიანება სარგებლობს. 2022 წლის 21 დეკემბერს იეჰოვას მოწმეებმა სასამართლოში გაასაჩივრეს ნორვეგიის მთავრობის გადაწყვეტილება.

ხელისუფლება არ ეთანხმება ჩვენს შეხედულებას გარიცხვასთან დაკავშირებით, რომელიც მთლიანად ბიბლიას ეფუძნება. გამგებელმა ისიც კი მოგვთხოვა, რომ რეგისტრაციის შესანარჩუნებლად გარიცხვასთან დაკავშირებული მიდგომა შეგვეცვალა. როგორც არ უნდა იყოს, იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ მიმართული ეს ქმედებები არ ეფუძნება ექსპერტთა დასკვნებსა თუ სასამართლო გადაწყვეტილებებს.

გამგებელმა განაცხადა, რომ რეგისტრაციიდან მოხსნა რელიგიის თავისუფლებას არ შეგვიზღუდავდა. თუმცა, მსგავსი საქმეების განხილვისას, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ იეჰოვას მოწმეთა რელიგიური გაერთიანების რეგისტრაციიდან მოხსნა რელიგიის თავისუფლების დარღვევაა. a

სკანდინავიის ფილიალის კომიტეტის წევრმა, ძმა იორგენ პადერსენმა, აღნიშნა: „ნორვეგიაში იეჰოვას მოწმეები უკვე 130 წელზე მეტია, რაც ქადაგებენ. ჩვენი ძირითადი უფლებები ნორვეგიის კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით არის დაცული. თუ მთავრობა გადაწყვეტილებას ჩვენ სასარგებლოდ მიიღებს, ეს ხელს შეუწყობს, რომ ქვეყანაში უკეთ იქნას დაცული მოქალაქეების უფლებები“.

a იხილეთ შემდეგი სასამართლო საქმეები: „Jehovah’s Witnesses of Moscow and Others v. Russia“ და „Religionsgemeinschaft der Zeugen Jehovas and Others v. Austria“.