არჩეულ მასალაზე გადასვლა

საადების ოჯახი (მარცხნიდან მეორე) და სხვა სამი იეჰოვას მოწმე წყვილი, რომლებმაც ბავშვების დაბადების მოწმობები აიღეს

2016 წლის 2 მარტი
პალესტინის ტერიტორიები

პალესტინის ტერიტორიებზე მცხოვრები იეჰოვას მოწმეები თავიანთი სამოქალაქო უფლებების დაცვას ითხოვენ

პალესტინის ტერიტორიებზე მცხოვრები იეჰოვას მოწმეები თავიანთი სამოქალაქო უფლებების დაცვას ითხოვენ

მაიკ ჯალალი და ნატალი საადი პალესტინის ტერიტორიაზე ცხოვრობენ; ისინი ქრისტიანები, იეჰოვას მოწმეები არიან. საადები კანონიერად დაქორწინდნენ, თუმცა მათ დღემდე ვერ მოახერხეს ქორწინების მოწმობის აღება. მხოლოდ ახლახან, ისიც დიდი წვალების შემდეგ აიღეს თავიანთი შვილის, ანდრეს, დაბადების მოწმობა. საადების ოჯახი ერთადერთი არ არის, ვინც მსგავს პრობლემებს ხვდება. ვინაიდან იეჰოვას მოწმეებს არა აქვთ ოფიციალური რეგისტრაცია პალესტინის ტერიტორიებზე, ქვეყნის უფლებამოსილი პირები უგულებელყოფენ მათ სამოქალაქო უფლებებს.

მოწმეების სამოქალაქო უფლებები ირღვევა, ვინაიდან მათი იურიდიული პირი არ არის ოფიციალურად დარეგისტრირებული

მაიკ ჯალალი და ნატალი საადი იეჰოვას მოწმეების წარმომადგენელმა დააქორწინა ისრაელში, რომელსაც ამის უფლებამოსილება აქვს მინიჭებული. თუმცა პალესტინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ ცნო მათი ქორწინება, რადგან იეჰოვას მოწმეთა იურიდიული პირი არ არის ოფიციალურად დარეგისტრირებული პალესტინის ტერიტორიებზე. ვინაიდან უფლებამოსილი პირები კანონიერად არ აღიარებენ იეჰოვას მოწმეთა ქორწინებას, შესაბამისად, მათ შვილებს უკანონოდ თვლიდნენ. სწორედ ამ მოტივით აცხადებდა უარს შინაგან საქმეთა სამინისტრო დაბადების მოწმობების გაცემაზე. ანდრეს მშობლები სხვა იეჰოვას მოწმე მშობლებთან ერთად იბრძოდნენ ამ უსამართლობის წინააღმდეგ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასცა დაბადების მოწმობები

2014 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკმაყოფილა მოთხოვნა ბავშვების რეგისტრაციის თაობაზე. მაიკი და ნატალი მოხარულები არიან, რომ ბოლოს და ბოლოს შეძლეს თავიანთი შვილის, ანდრეს (დაიბადა 2012 წლის 30 იანვარს) დაბადების მოწმობის აღება. მაია ჟასმინის, ლაურასა და კრისტიანის მშობლებიც (ნაჩვენებია ზემოთ სურათზე) მადლიერნი არიან, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მათი შვილები ქრისტიანებად აღიარა და გასცა დაბადების მოწმობები.

დღეს ბავშვებს აქვთ პირადობის დამადასტურებელი ყველა საჭირო დოკუმენტი და იმავე უფლებებით სარგებლობენ, როგორითაც სხვა მოქალაქეები. მშობლებს თავისუფლად შეუძლით შვილების სკოლაში შეყვანა და მათთან ერთად ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლა.

ადამიანის სხვა ძირითადი უფლებები კვლავ ირღვევა

მართალია, ბავშვთა უფლებები დაცულ იქნა, მაგრამ საადების ოჯახმა და კიდევ სხვა შვიდმა იეჰოვას მოწმე წყვილმა დღემდე ვერ აიღეს ქორწინების მოწმობა. ამის გამო მოწმეები დისკრიმინაციის მსხვერპლი ხდებიან, რადგან მოსახლეობის აზრით, მათ არა აქვთ ერთად ცხოვრების კანონიერი უფლება და უზნეობას სჩადიან.

იმის გამო, რომ მთავრობა იეჰოვას მოწმეთა ქორწინებას არ აღიარებს, წყვილებმა ცალ-ცალკე უნდა გადაიხადონ საშემოსავლო გადასახადი და ცალ-ცალკე იქონიონ საბანკო ანგარიში. სასწრაფო სამედიცინო დახმარების საჭიროების შემთხვევაში მეუღლეებს არა აქვთ უფლება, მკურნალობის მეთოდები შეურჩიონ ერთმანეთს. მეუღლის სიკვდილის შემთხვევაში დაქვრივებულ მეუღლესა და შვილებს არა აქვთ მემკვიდრეობის მიღების უფლება. გარდა ამისა, ოჯახს უფლება არა აქვს, გარდაცვლილი ქრისტიანული მრწამსის შესაბამისად დაკრძალოს. იგი უნდა დაიკრძალოს ისლამურ სასაფლაოზე, არამუსლიმანებისთვის გამოყოფილ ადგილზე.

მოწმეები ცდილობენ, რეგისტრაციაში გაატარონ თავიანთი იურიდიული პირი

2010 წლის სექტემბერში იეჰოვას მოწმეებმა მთავრობას თხოვნით მიმართეს, რეგისტრაციაში გაეტარებინათ თავიანთი იურიდიული პირი პალესტინის ტერიტორიებზე. ბოლოს, ორ წელზე მეტი ხნის უშედეგო ლოდინის შემდეგ, მოწმეებმა პეტიციით მიმართეს რამალას უზენაეს სასამართლოს და თავიანთი იურიდიული პირის რეგისტრაცია მოითხოვეს. 2013 წლის ოქტომბერში სასამართლომ ფორმალური საფუძვლების გამო მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

მას შემდეგ მოწმეებმა კანონის ფარგლებში კიდევ სხვა ზომებს მიმართეს და საკითხის მოსაგვარებლად ქვეყნის ოფიციალურ პირებს შეხვდნენ. თუმცა მთავრობის უმოქმედობის გამო დღემდე არაფერი კეთდება საკითხის გადასაჭრელად.

იეჰოვას მოწმეების მრჩეველი იურიდიულ საკითხებში, ფილიპ ბრამლი, აღნიშნავს: „იეჰოვას მოწმეები რამალაში და მის შემოგარენში თითქმის ასი წელია, რაც თავიანთ საქმიანობას ეწევიან. ისინი მადლიერნი არიან, რომ მთავრობის წარმომადგენლები საშუალებას აძლევენ, თავისუფლად და მშვიდობიან პირობებში შეასრულონ თავიანთი რელიგიური მსახურება. თუმცა მოწმეების სამოქალაქო უფლებები არ უნდა ირღვეოდეს იმის გამო, რომ მათი იურიდიული პირი არ არის ოფიციალურად დარეგისტრირებული“.

იეჰოვას მოწმეებმა აღნიშნეს, რომ პალესტინაში უფლებამოსილმა პირებმა გარკვეული ნაბიჯები გადადგეს მათი ძირითადი უფლებების დასაცავად იმით, რომ მათ შვილებს დაბადების მოწმობები მისცეს. დაქორწინებული წყვილები კი, რომლებმაც დღემდე ვერ მიიღეს ქორწინების მოწმობები, იმედოვნებენ, რომ მთავრობა კანონიერად აღიარებს იეჰოვას მოწმეების იურიდიულ პირს და დაიცავს მათ სამოქალაქო უფლებებს.