პალესტინის ტერიტორია
პალესტინის ტერიტორიაზე იეჰოვას მოწმეები 1919 წლიდან ეწევიან თავიანთ რელიგიურ მსახურებას. პირველი კრება მათ 1920 წელს ჩამოაყალიბეს რამალაჰში, ხოლო მეორე — 1942 წელს ბეთლემის მახლობლად. 1948 წელს პალესტინის ომის შედეგად სახელმწიფო ორად გაიყო: ჩამოყალიბდა თანამედროვე ისრაელის სახელმწიფო, ხოლო დანარჩენი ტერიტორია იორდანიას დაექვემდებარა. შედეგად, დაახლოებით 20 წლის განმავლობაში იეჰოვას მოწმეებს ერთმანეთთან ურთიერთობის შესაძლებლობა არ ჰქონდათ. 1967 წელს ექვსდღიანი ომის შემდეგ კომუნიკაცია აღდგა; მოწმეებს კვლავ შეეძლოთ თავისუფლად შეკრება და თავიანთი რელიგიური მსახურების შესრულება მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე.
პალესტინის ტერიტორიაზე იეჰოვას მოწმეებმა არაერთხელ მოითხოვეს თავიანთი იურიდიული პირის რეგისტრაციაში გატარება, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლებმა არ დააკმაყოფილეს მათი მოთხოვნა. იეჰოვას მოწმეებს არ ეკრძალებათ თაყვანისცემის მიზნით ერთად შეკრება და სხვებთან თავიანთი მრწამსის შესახებ საუბარი, მაგრამ იმის გამო, რომ მათი იურიდიული პირი არ არის ოფიციალურად დარეგისტრირებული, ისინი ვერ სარგებლობენ თავიანთი სამოქალაქო უფლებებით. მოწმეები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რათა მოიპოვონ იურიდიული სტატუსი და დაიცვან თავიანთი ძირითადი უფლებები.