2019 წლის 29 იანვარი
პერუ
პერუ მასპინძლობს 2018 წლის ბოლო სპეციალურ კონგრესს
პერუში მცხოვრებმა იეჰოვას მოწმეებმა უმასპინძლეს ცხრა ქვეყნიდან ჩასულ 3 400 დელეგატს 2018 წლის ბოლო სპეციალურ კონგრესზე, სახელწოდებით „იყავით გაბედულები!“ ეს კონგრესი ჩატარდა 23—25 ნოემბერს პერუს დედაქალაქ ლიმაში, მონუმენტალის სტადიონზე და ტრანსლაციით გადაიცემოდა ოთხ ადგილას. მთლიანობაში, პროგრამა მოისმინა 66 254-მა ადამიანმა. კონგრესზე მოინათლა 719 ადამიანი. პროგრამა გადაიცემოდა ერთდროულად ინგლისურ, პერუანულ ჟესტურ, კეჩუა აიაკუჩოსა და ესპანურ ენებზე.
ღონისძიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა ადგილობრივ მაუწყებლებთან ერთად ქადაგება იყო. სტუმრებმა დააგემოვნეს ტრადიციული კერძები, გაეცნენ ადგილობრივ კულტურას და მოინახულეს პერუს ფილიალი.
პერუს ფილიალის წარმომადგენელმა, ეზეკიელ პორასმა, აღნიშნა: „სპეციალურ კონგრესს წარმოუდგენლად კარგი შედეგები მოჰყვა. ეს და-ძმებისთვის მართლაც დაუვიწყარი მოვლენა იყო. გარდა ამისა, ის უდიდესი დამოწმება იყო საზოგადოებისთვის. მადლობას ვუხდით იეჰოვას, რომ მოგვეცა საშუალება, ამ განსაკუთრებული ღონისძიებით განგვედიდებინა მისი სახელი“ (1 პეტრე 2:12).
მონუმენტალის სტადიონზე მოთავსებულ რამდენიმე საცურაო აუზში 483 ადამიანი მოინათლა, ხოლო დანარჩენ ოთხ ადგილას — 236 ადამიანი.
სტუმრები ადგილობრივ მოწმეებთან ერთად ქადაგებდნენ.
ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, ძმა სამუელ ჰერდმა, სამივე დღეს წარმოთქვა დასკვნითი მოხსენებები.
ჩამოსულ სტუმრებს გულთბილად შეეგებნენ ლიმაში, ხორხე ჩავესის საერთაშორისო აეროპორტში.
ბეთელის ტურის დროს სტუმრებმა დაათვალიერეს ბიბლიების გამოფენა და ნახეს, როგორ იყო შენარჩუნებული ღვთის სახელი ბიბლიის სხვადასხვა თარგმანში.
საკონგრესო დარბაზში მოწყობილი გასართობი ღონისძიების დროს ძმებმა მოაწყვეს ჩვენება, თუ როგორ კეთდება ტრადიციული კერძები. სურათზე ნაჩვენებია, როგორ ამზადებენ ერთ-ერთ ასეთ ტრადიციულ კერძს, „სევიჩეს“, რითაც სტუმრებს გაუმასპინძლდნენ.
წარმოდგენილი იყო მატყლის დართვის ტრადიციული ხელოვნება. მიღებულ ძაფს ხშირად სხვადასხვაფრად ღებავენ ბუნებრივი მცენარეული საღებავებით.
ექსკურსია ჩატარდა ფილიალშიც, სადაც აგრეთვე გაიმართა საღამოს ღონისძიება. წარმოდგენილი იყო მიუზიკლი, სახელწოდებით „გაფართოვდით“. წარმოდგენაში შედიოდა ტრადიციული ინსტრუმენტული საკრავებით შესრულებული მუსიკა და ცეკვები, რომლებიც დამახასიათებელია პერუს სამი ძირითადი რეგიონისთვის. ესენია: უდაბნო, ანდების მთები და პერუს ტროპიკული ტყეები.
საღამოს ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ტრადიციული ცეკვა „ტრუხილიო“.
პროგრამაში წარმოდგენილ მიუზიკლში ასახული იყო ქადაგების რამდენიმე სცენა. ასეთი ალიზის სახლები და ტანისამოსი დამახასიათებელია კუსკოს მაღალმთიან სოფელში მცხოვრები ხალხისთვის.
ღონისძიების დასასრულს პროგრამაში მონაწილე და-ძმები ემშვიდობებიან მაყურებლებს.