2019 წლის 17 ოქტომბერი პუნო
პერუ
პუნოში გამართული სპეციალური კამპანიის მეშვეობით ჭეშმარიტება აღწევს აიამარა ენაზე მოლაპარაკე ადამიანებამდე
2019 წლის 1-ლი მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით პერუს ფილიალის ორგანიზებით მოეწყო სპეციალური სამქადაგებლო კამპანია იმ მიზნით, რომ ბიბლიური ცნობა მისულიყო აიმარა ენაზე მოლაპარაკე მოსახლეობამდე. კამპანიას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. და-ძმებმა 7 893 პუბლიკაცია გაავრცელეს და 2 500 ვიდეო აჩვენეს მოსაუბრეებს. ამ ღონისძიების ფარგლებში მათ 381 ბიბლიის შესწავლა დაიწყეს.
პერუში დაახლოებით 450 000 აიმარა ენაზე მოლაპარაკე ადამიანი ცხოვრობს, მათგან დაახლოებით 300 000 — პუნოს რეგიონში. ამჟამად შვიდ კრებასა და რვა ჯგუფში აიმარა ენაზე მოლაპარაკე 331 მაუწყებელია. ვინაიდან აიმარაენოვანი სამქადაგებლო ტერიტორია საკმაოდ ვრცელია, ადგილობრივ მაუწყებლებს ამ ენაზე მოლაპარაკე ჩილელი და-ძმებიც შეუერთდნენ კამპანიის დროს. ყველა ადამიანთან რომ მისულიყვნენ, ძმები ზღვის დონიდან 5 000 მეტრი სიმაღლის დასახლებებშიც ავიდნენ საქადაგებლად, სადაც ტემპერატურა ნული გრადუსი იყო.
და-ძმების ერთი ჯგუფი, რამდენიმე საათიანი მგზავრობის შემდეგ, მიადგა ადგილს, სადაც მეზობელ ქალაქში მცხოვრები ხალხი დასაფლავებაზე შეკრებილიყო. ისინი იქ მყოფ საზოგადოებას გარდაცვლილებთან დაკავშირებით ბიბლიური იმედის შესახებ ესაუბრნენ. რაიონის ხელმძღვანელებმა და ჭირისუფლებმა მადლობა გადაუხადეს ჩვენს და-ძმებს იმისთვის, რომ ამხელა მანძილი გაიარეს მათთვის მანუგეშებელი ცნობის გადასაცემად.
სხვა ადგილას და-ძმებმა იპოვეს ჯგუფი, რომლის წევრებიც კვირაში ორჯერ იკრიბებოდნენ ბიბლიის შესასწავლად. მაუწყებლებმა აღმოაჩინეს, რომ ისინი ხელმძღვანელობდნენ წიგნებით „ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანი“ და „ბიბლიური მოთხრობები“, რომელიც ერთ-ერთი მათგანისთვის ბოლივიაში მცხოვრებ ნათესავს მიუცია. როცა მათ გაიგეს, რომ ის წიგნები ჩვენი ორგანიზაციის გამოცემული იყო, ბევრმა მათგანმა ბიბლიის შესწავლა და კრების შეხვედრებზე დასწრება დაიწყო.
ძმა ალბერტ კონდორმა, რომელიც კამპანიის დროს ერთ-ერთ ჯგუფს ხელმძღვანელობდა, აღნიშნა: „მე და ჩემი მეუღლე ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ამ კამპანიაში მივიღეთ მონაწილეობა. იეჰოვასადმი რწმენა გაგვიძლიერდა, რადგან, როცა ქალაქისკენ მიმავალ გზას ვადგებოდით, ზუსტად არ ვიცოდით, როგორ მივსულიყავით იქამდე, რადგან ცუდი გზა იყო. როცა ადგილამდე მივიდოდით, იეჰოვას ვთხოვდით, რომ ღამის გასათევის მოძებნაში დაგვხმარებოდა, და ასეც ხდებოდა. ამ ლოცვებმა და და-ძმების მიერ იეჰოვასადმი გამოვლენილმა ნდობამ მეც გამიძლიერა რწმენა.“
და-ძმებს ძალიან ახარებთ, რომ ღვთის სიტყვიდან მომდინარე „სიცოცხლის წყალს“ აიმარა ენაზე მოლაპარაკე ადამიანებს აწვდიან პერუში, პუნოს რეგიონში (გამოცხადება 22:17).