2018 წლის 9 ოქტომბერი
პერუ
ტაილანდის საელჩო გამოხატავს „გულითად მადლიერებასა და პატივისცემას“ იეჰოვას მოწმეების მიმართ იმ დახმარებისთვის, რასაც ისინი უწევენ პერუს ციხეებში მყოფ ტაილანდის მოქალაქეებს
2018 წლის 26 ივნისს პერუში მდებარე ტაილანდის საელჩოს წარმომადგენლები ეწვივნენ იეჰოვას მოწმეების ფილიალს, რომელიც ქვეყნის დედაქალაქში, ლიმაში მდებარეობს. მათი ვიზიტის მიზანი გახლდათ ის, რომ მადლიერება გამოეთქვათ ჩვენი ძმების მისამართით იმ დახმარებისთვის, რასაც ისინი უწევენ პერუს ციხეებში მყოფ ტაილანდის მოქალაქეებს.
იეჰოვას მოწმეები პერუში 2007 წლიდან აკითხავენ პატიმრებს თავიანთი სამქადაგებლო საქმიანობის ფარგლებში. 2013 წლიდან კი ძმები ვიზიტებს მართავენ პერუს ციხეებში მყოფ ტაილანდის მოქალაქეებთან. მოწმეების მიერ გამოვლენილი სიკეთით მოხიბლული და აღფრთოვანებული ტაილანდის კონსული პერუში დაუკავშირდა ადგილობრივ ფილიალს და მათთან შეხვედრა დაგეგმა.
დელეგაციის წევრებს შორის იყვნენ კონსულის მოადგილე ბატონი ანგკურა კულვანიჯი, კონსულის პირველი მდივანი ბატონი პათომპონ სინტონი და კონსულის დამხმარე ქალბატონი პრატანა პონგუდომი. სტუმრებს ფილიალის კომიტეტის ერთ-ერთმა წევრმა ჩაუტარა ექსკურსია; მათ გარკვეული წარმოდგენა შეექმნათ იმ კოლოსალურ შრომაზე, რომელსაც ფილიალი ახმარს მთარგმნელობით საქმიანობას; ამ საქმიანობაში შედის ისიც, რომ და-ძმები 9 ადგილობრივ ენაზე თარგმნიან პუბლიკაციებს.
საელჩოს მიერ ფილიალისთვის გაგზავნილ ოფიციალურ წერილში გამოთქმული იყო გულითადი მადლიერება და პატივისცემა ჩვენი ძმების მიმართ, რადგან „ისინი მთელი გულით ეხმარებიან არასახარბიელო მდგომარეობაში მყოფთ, განურჩევლად მათი რელიგიისა და კულტურული წარმომავლობისა“. ისინი აქებდნენ იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციის პერუს ფილიალს იმ დაუღალავი შრომისა და მრავალმხრივი მხარდაჭერისთვის, რასაც ადგილობრივი ფილიალი ეწევა გაჭირვებაში მყოფი ტაილანდის მოქალაქეების სასარგებლოდ. წერილში აღნიშნული იყო, რომ იეჰოვას მოწმეები უმსუბუქებენ პატიმრებს რთულ ვითარებას და ეხმარებიან ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში.
პერუელი და-ძმების ეს შემთხვევა მიუთითებს იმ დადებით მხარეებზე, რომელიც მოჰყვება ბიბლიური ცნობის ყველანაირ ადამიანთან ქადაგებას (1 კორინთელები 9:22).