2016 წლის 9 ივნისი
რუანდა
რუანდის მთავრობამ რელიგიური დისკრიმინაციის წინააღმდეგ გაილაშქრა
რუანდაში მთავრობამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, რათა წერტილი დაესვა სკოლებში რელიგიური დისკრიმინაციისთვის. მთავრობამ ბრძანება გამოსცა იმის თაობაზე, რომ სკოლებში ყველამ პატივი სცეს მოსწავლეების რელიგიურ შეხედულებებს. მოსწავლეები, რომლებსაც თავიანთი სინდისი უფლებას არ აძლევს, მონაწილეობა მიიღონ სკოლის გარკვეულ ღონისძიებებში, დიდად გაახარა ამ ბრძანების გამოცემამ.
რუანდაში სკოლების უმეტესობას, რომლებსაც მთავრობა აფინანსებს, ზედამხედველობას ეკლესიები უწევენ. ამ სკოლებში სწავლის უფლება ნებისმიერი აღმსარებლობის მოსწავლეს აქვს. თუმცა ზოგიერთი სკოლის დირექცია მოსწავლეებს აიძულებს, სკოლის მიერ ორგანიზებულ რელიგიურ თუ პატრიოტულ ღონისძიებებში მიიღონ მონაწილეობა და ეკლესიისთვის გადასახადები გადაიხადონ; ხოლო სჯის იმ მოსწავლეებს, რომლებიც თავიანთი მრწამსის გამო უარს აცხადებენ მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობაზე და ეკლესიისთვის გადასახადების გადახდაზე. განათლების მინისტრმა სკოლებში არსებული მდგომარეობის შესახებ აღნიშნა: „სამწუხაროდ, ჩვენს მოსწავლეებს უფლებას არ ვაძლევთ, ჰქონდეთ განსხვავებული რწმენა“.
მთავრობა მხარს უჭერს რელიგიის თავისუფლებას
მთავრობამ სკოლებში რელიგიური დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით წერილობითი ბრძანება გამოსცა, სადაც ახალ დადგენილებებზე იყო საუბარი. 2015 წლის 14 დეკემბერს მთავრობის ბრძანება (№ 290/03, მე-12 პუნქტი) დაიბეჭდა გაზეთში „Official Gazette“. ბრძანებაში აღნიშნული იყო, რომ სკოლებში ყველამ პატივი უნდა სცეს თითოეული მოსწავლის რელიგიურ შეხედულებებს და, რომ მოსწავლეს უფლება აქვს, ისე ილოცოს, როგორც თავისი მრწამსი მოითხოვს, თუ ის ხელს არ უშლის სასწავლო პროცესს და თუ მისი რელიგია ქვეყანაში კანონით არის აღიარებული.
სკოლაში ყველა ვალდებულია, პატივი სცეს თითოეული მოსწავლის რელიგიურ შეხედულებებს (ბრძანება № 290/03, მე-12 პუნქტი)
ახალი დადგენილებების გამოცემით მთავრობამ მხარი დაუჭირა კარონგის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას. აღნიშნულმა სასამართლომ გაამართლა ის იეჰოვას მოწმეები, რომლებიც 2014 წლის მაისში სკოლიდან გარიცხეს. დირექციამ მათი გარიცხვის მიზეზად ის მოიყვანა, რომ მოსწავლეებმა უარი თქვეს სკოლის მიერ ორგანიზებული რელიგიური მსახურების შესრულებაზე. სასამართლომ მოსწავლეებს ბრალდება მოუხსნა და სწავლის გაგრძელების უფლება მისცა.
უსამართლობის კიდევ ერთი ფაქტი ნგორორეროს ერთ-ერთ სკოლაში დაფიქსირდა. ამ სკოლის დირექტორმა 30 მოსწავლეს აკადემიური მოსწრების ცნობები არ მისცა, რადგან მათ უარი თქვეს ეკლესიისთვის გადასახადის გადახდაზე (ეს გადასახადი არ შედიოდა სწავლის საფასურში). მოსწავლეების მშობლებმა საჩივრით მიმართეს განათლების დეპარტამენტის უფროსს, რის გამოც დირექტორი იძულებული გახდა, გადაწყვეტილება შეეცვალა და მოსწავლეებისთვის აკადემიური მოსწრების ცნობები გადაეცა.
იეჰოვას მოწმე მოსწავლეებმა შვებით ამოისუნთქეს
ნგორორეროში მცხოვრები იეჰოვას მოწმე ჩანტელ უიმბაბაზი სკოლიდან გარიცხეს, რადგან მან უარი განაცხადა დასწრებოდა კათოლიკურ მესას. თანატოლები მას დასცინოდნენ და მასხრად იგდებდნენ. მან მთელი წლის განმავლობაში ვერ შეძლო სწავლის გაგრძელება. მოგვიანებით ჩანტელი თავისი სახლიდან შორს მდებარე სკოლაში გადავიდა, სადაც სწავლის ღირებულება გაცილებით მაღალი იყო. ჩანტელის მარტოხელა დედას, რომელსაც მცირე შემოსავალი აქვს, ამ საფასურის გადახდა ძალიან უჭირდა. ჩანტელის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა ახალი დადგენილების შესახებ გაიგო. ის ამბობს: „ჩემ მსგავსად მრავალი მოსწავლე ხდება სკოლაში რელიგიური დისკრიმინაციის მსხვერპლი. მიხარია, რომ ახლა ნებისმიერი მოსწავლე შეძლებს განათლების მიღებას ისე, რომ მისი უფლებები არ დაირღვეს“.
ახალი დადგენილება სრულ თანხმობაშია რუანდის კონსტიტუციასთან, რომელიც იცავს რელიგიის თავისუფლებისა და განათლების მიღების უფლებას. იეჰოვას მოწმე მოსწავლეები და მათი მშობლები იმედოვნებენ, რომ რელიგიურ დისკრიმინაციას საბოლოოდ წერტილი დაესმება. ისინი მადლიერები არიან, რომ მთავრობამ დაიცვა მოსწავლეების უფლება, თავისუფლად შეასრულონ თავიანთი რელიგიური მსახურება.