არჩეულ მასალაზე გადასვლა

ზემოთ მარცხნივ: განათლების მინისტრის განკარგულება. ქვემოთ: სკოლიდან გარიცხული რამდენიმე იეჰოვას მოწმე და მათი მშობლები.

1 ᲛᲐᲘᲡᲘ, 2023
რუანდა

რუანდის განათლების მინისტრი მხარს უჭერს სკოლის მოსწავლეების რელიგიის თავისუფლების უფლებას

რუანდის განათლების მინისტრი მხარს უჭერს სკოლის მოსწავლეების რელიგიის თავისუფლების უფლებას

2023 წლის 15 მარტს რუანდის განათლების მინისტრმა ყველა სკოლის დირექციას მოუწოდა, დაებრუნებინათ სკოლებიდან გარიცხული ის იეჰოვას მოწმეები, რომლებმაც სინდისის საფუძველზე უარი თქვეს რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობაზე. ამ მოსწავლეთა რიცხვი ქვეყნის მასშტაბით, სულ მცირე, 80-ს შეადგენდა.

განათლების მინისტრმა რუანდის ყველა რაიონის გამგებელსა და აღმასრულებელ ადმინისტრატორს მოუწოდა, შეეწყვიტათ მოსწავლეების სკოლიდან გარიცხვა. თავის მიმართვაში მინისტრმა აღნიშნა: „რუანდის რესპუბლიკის კონსტიტუციის თანახმად, ნებისმიერ მოქალაქეს აქვს განათლების მიღების უფლება. სახელმწიფო იცავს აზრის, სინდისის, რელიგიის, თაყვანისცემის და საჯარო მანიფესტაციების უფლებას“. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ ნებისმიერი პირი, ვინც ხელს უშლის ბავშვს განათლების მიღებაში „სჩადის დანაშაულს და ადმინისტრაციულ ჯარიმას ექვემდებარება. არცერთი მოსწავლე არ უნდა გაირიცხოს სკოლიდან სინდისის, რელიგიისა და თაყვანისცემის საფუძველზე . . . სკოლების ხელმძღვანელობამ წერტილი უნდა დაუსვას მსგავს ქმედებებს და დააბრუნოს სკოლაში გარიცხული მოსწავლეები“.

გარიცხულ მოსწავლეებს შორის იყო ერთი ჩვენი და ჟანეტ ნიონკურუ. ჟანეტმა აღნიშნა: „გარიცხვიდან ერთი წლის განმავლობაში ვეძებდი სკოლას, სადაც სწავლის გაგრძელებას შევძლებდი. ბოლოს, როგორც იქნა, ერთ სკოლაში მიმიღეს, თუმცა იქამდე მისასვლელად ორი საათი მჭირდებოდა“. იმ მოსწავლეებს, რომელთაც ამხელა მანძილის გავლა არ შეეძლოთ, სწავლის შეწყვეტა მოუწიათ.

ჰაკიზიმანების სამი შვილი სკოლიდან მას შემდეგ გარიცხეს, რაც მათ უარი თქვეს სკოლის მიერ ორგანიზებულ რელიგიურ ღონისძიებებში მონაწილეობაზე. ძმა ჰაკიზიმანა აღნიშნავს: „წერილი მივწერეთ კლასის დამრიგებელს, მაგრამ მან არ გვიპასუხა. აგრეთვე შევხვდით დირექტორს. მან მოუსმინა ჩვენს შვილებს, რომლებმაც ბიბლიის საფუძველზე აუხსნეს თავიანთი პოზიცია, მაგრამ პრობლემა მაინც ვერ მოგვარდა. ძალიან გაგვიხარდა, როცა მინისტრის განკარგულების შესახებ გავიგეთ. ამის შემდეგ შევხვდით რაიონის უფლებამოსილ პირებს. მათ ნება დართეს ჩვენს შვილებს, განეახლებინათ სწავლა“.

გვიხარია, რომ რუანდის განათლების მინისტრის ბრძანება სკოლის მოსწავლეების უფლებებს იცავს. ეს ახალგაზრდები ინარჩუნებენ „სუფთა სინდისს“ და პატივს მიაგებენ იეჰოვას სახელს (1 პეტრე 3:16).