არჩეულ მასალაზე გადასვლა

რუანდაში არსებული ჟესტურენოვანი მთარგმნელობითი ჯგუფი წერს ვიდეოს მთარგმნელობით ოფისში

2019 წლის 10 იანვარი
რუანდა

რუანდის ფილიალი იწყებს მთარგმნელობით საქმიანობას რუანდულ ჟესტურ ენაზე

რუანდის ფილიალი იწყებს მთარგმნელობით საქმიანობას რუანდულ ჟესტურ ენაზე

2018 წლის სექტემბრის ბოლოს რუანდაში მცხოვრები იეჰოვას მოწმეების ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა: ბიბლიური ცნობა ყველანაირ ადამიანს რომ ექადაგოს რუანდის ტერიტორიაზე, დაიწყო პუბლიკაციების თარგმნა რუანდულ ჟესტურ ენაზე. ეს წამოწყება სარგებლობას მოუტანს რუანდაში მცხოვრებ დაახლოებით 113 სმენადაქვეითებულ და-ძმას და ამასთანავე, დახმარებას გაუწევს მაუწყებლებს, რომ სამეფოს ცნობა იმ 30 000-ზე მეტ ადამიანს გაუზიარონ, რომელთაც სმენასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ.

რუანდულ ჟესტურენოვანმა მთარგმნელობითმა ჯგუფმა თარგმნა ბროშურა „მოუსმინეთ ღმერთს და იცხოვრეთ მარადიულად“, ვიდეო „რატომ ვსწავლობთ ბიბლიას?“ და ბუკლეტების უმეტესობა, რომლებიც სწავლებაში დამხმარე საშუალებებს წარმოადგენს. უახლოეს კვირებში ეს პუბლიკაციები ხელმისაწვდომი იქნება ჩვენს ოფიციალურ ვებგვერდზე.

რუანდული ჟესტურენოვანი მთარგმნელობითი ჯგუფი მუშაობს შენობაში, რომელიც კიგალის ფილიალიდან ხუთი წუთის სავალზეა. ჯგუფში მსახურობს ორი და და ორი ძმა, რომელთაგან ერთი ყრუა. ოთხივემ კარგად იცის ჟესტური ენა. გარდა ამისა, მათ გაიარეს ოთხკვირიანი კურსი, რათა დაუფლებოდნენ თარგმანის პრინციპებს.

რუანდაში არსებული ჟესტურენოვანი ოფისი ფილიალთან ახლოს მდებარეობს

ერთ-ერთი მთარგმნელი, ჯინ პიერ რუაკიბიბი, გვიხსნის, თუ რატომ არის ჟესტურ ენაზე თარგმნა გაცილებით რთული დამწერლობის მქონე ენაზე თარგმნასთან შედარებით. ის ამბობს: „ყრუ-მუნჯები ერთმანეთს აზრებს ხელებისა და სახის გამომეტყველებით გადასცემენ. ამიტომაც, ჟესტურ ენაზე თარგმნის დროს ტექსტს ვიდეოს სახეს ვაძლევთ, რისთვისაც ვიყენებთ სპეციალურ მეთოდს; დაფაზე ნახატების სახით გადმოგვაქვს სათარგმნი ტექსტის შინაარსი. ეს გვეხმარება, აზრები ჟესტების მეშვეობით გადმოვცეთ. იმისთვის რომ დავრწმუნდეთ, რამდენად გასაგები და ზუსტია ნათარგმნი ტექსტი, კრებებიდან ვიწვევთ სმენადაქვეითებულ და-ძმებს; ისინი განიხილავენ გადათარგმნილ მასალას და გვიზიარებენ თავიანთ აზრებს, ეს კი თარგმანის გაუმჯობესებაში გვეხმარება.

რუანდაში მცხოვრები ყრუ-მუნჯთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ბატონი ავგუსტინ მუნიანგეიო

რუანდაში მცხოვრებ ყრუ-მუნჯთა უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციის, ყრუ-მუნჯთა ასოციაციის, ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ბატონი ავგუსტინ მუნიანგეიო, იეჰოვას მოწმეების მთარგმნელობით საქმიანობაზე ამბობს: „გულწრფელად ვაქებთ იეჰოვას მოწმეებს, რომლებიც ძალისხმევას არ იშურებენ იმისათვის, რომ რუანდულ ჟესტურ ენაზე თარგმნონ და მოამზადონ ბიბლიური ლიტერატურა და ვიდეოები, რაც ხალხს რელიგიური განათლების მიღებაში ეხმარება“.

დღესდღეობით იეჰოვას მოწმეები მთელ მსოფლიოში 90-ზე მეტ ჟესტურ ენაზე თარგმნიან ბიბლიურ ლიტერატურას. მათ შექმნეს უფასო აპლიკაცია JW ბიბლიოთეკა ჟესტურ ენაზე®, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, 90-ზე მეტ ჟესტურ ენაზე იხილონ ბიბლიური ლიტერატურა. ბიბლიური ლიტერატურის ამდენ ჟესტურ ენაზე არსებობა, საშუალებას აძლევს ჩვენს და-ძმებს, რომ სასიხარულო ცნობა ყველა ერს, ტომს, ენასა და ხალხს გაუცხადონ (გამოცხადება 14:6).