2021 წლის 27 სექტემბერი
რუმინეთი
რუმინეთში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული პირველი კონგრესის შემდეგ 75 წელი სრულდება
2021 წლის 28 სექტემბერს 75 წელი სრულდება, რაც რუმინეთში იეჰოვას მოწმეებმა პირველი კონგრესი ჩაატარეს ქვეყნის ყველა კრებისთვის. ეს ის დრო იყო, როცა ქვეყანა ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის ჭრილობებს იშუშებდა, იეჰოვას მოწმეები კი ქვეყნის მასშტაბით საშინელ დევნას ხვდებოდნენ. მოწინააღმდეგეების მხრიდან არაერთი მცდელობის მიუხედავად, კონგრესმა წარმატებით ჩაიარა.
კონგრესი 1946 წლის 28 და 29 სექტემბერს ჩატარდა ბუქარესტში, რომაულ ამფითეატრში. და-ძმებმა მატარებელი იქირავეს, რომ კონგრესის დელეგატები ადგილზე ჩაეყვანათ. რუმინეთის მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც საკმაოდ დიდი გავლენით სარგებლობდა, ყველანაირად შეეცადა, მატარებელი დროულად არ ჩასულიყო დანიშნულების ადგილზე.
დელეგატები კონგრესის წინა დღეს, პარასკევს, დილის 10 საათზე უნდა ჩასულიყვნენ მატარებლით. ამიტომ ბუქარესტში მცხოვრებმა ძმებმა 9 საათიდან უკვე სადგურში შეკრება დაიწყეს მათ დასახვედრად. მატარებელი მხოლოდ საღამოს 6 საათისთვის ჩავიდა. ძმები ამ დრომდე მოთმინებით ელოდნენ მათ სადგურზე.
ომის გამო ყველაფერი განადგურებული იყო. ამიტომ თითო-ოროლა სახლიღა იყო დარჩენილი, სადაც და-ძმების მიღება შეიძლებოდა. იმ პერიოდში საკმაოდ თბილი ამინდები იყო და დელეგატებს შეეძლოთ ღია ცის ქვეშაც დაეძინათ. იმ ადგილთან ახლოს, სადაც კონგრესი უნდა ჩატარებულიყო, ერთი ძმა ცხოვრობდა. ძმებმა მის ეზოში თივა დაყარეს და ზოგიერთი დელეგატი იქ მიიღეს.
შაბათს დილის პროგრამას დაახლოებით 3 400 ადამიანი დაესწრო. მათ შეიტყვეს, რომ განახლდა „საგუშაგო კოშკის“ გამოცემა რუმინულ და უნგრულ ენებზე. კონგრესზე ჟურნალის დაახლოებით 1 000 ეგზემპლარი დარიგდა. რაღაც პერიოდის განმავლობაში ჟურნალში იბეჭდებოდა ის სტატიებიც, რომლებზეც და-ძმებს ომის პერიოდში ხელი არ მიუწვდებოდათ.
კვირას საჯარო მოხსენებას დაახლოებით 15 000 ადამიანი დაესწრო. დამსწრეთა შორის რუმინეთის სამთავრობო მოხელეები, პოლიციის თანამშრომლები და ანაფორებში გამოწყობილი მართლმადიდებელი მღვდლებიც იყვნენ. ძმებმა შეიტყვეს, რომ სამღვდელოებას საკონგრესო ტერიტორიასთან ახლოს ბენზინის კასრები ჰქონდა მომარაგებული, რათა პროგრამის დროს აფეთქება მოეწყოთ. უფლებამოსილი პირების დახმარებით ძმებმა ჩაშალეს მათი გეგმა.
კონგრესის მსვლელობის დროს ერთმა მღვდელმა სცენაზე ასვლა მოინდომა. ძმებმა შეძლეს მისი შეჩერება და აუხსნეს, რომ არანაირ აუცილებლობას არ წარმოადგენდა, მას მიემართა აუდიტორიისთვის, თუმცა მოხარულები იქნებოდნენ, თუ დარბაზში დაიკავებდა ადგილს და პროგრამას მოუსმენდა. ეს იყო და ეს, მღვდელს მეტად აღარ უცდია სცენაზე ასვლა. მოგვიანებით რუმინეთის გენერალურმა პროკურორმა შეაქო ჩვენი და-ძმები, რომ ასეთი ორგანიზება გაუწიეს ამ ღონისძიებას.
ერთი ჩვენი 96 წლის ძმა, ვასილ საბადეში, რომელიც იმ დროს კონგრესს ესწრებოდა, იხსენებს: „ოდნავადაც კი არ შეგვშინებია. ისეთი დევნა გვქონდა გამოვლილი, ადვილად ვერაფერი შეგვაშინებდა“.
ვასილის თქმით, ამ კონგრესმა საგრძნობლად შეუწყო ხელი ღვთის ხალხის ერთობას რუმინეთში. ბევრმა ომიანობის პერიოდში გაიგო ჭეშმარიტება და მოინათლა. ზოგ მათგანს განსხვავებული შეხედულება ჰქონდა ომთან დაკავშირებით. თუმცა ამ კონგრესმა, როგორც ვასილი ამბობს, ისინი ერთ აზრამდე მიიყვანა. „ყველანი ბედნიერები იყვნენ. არ მინდოდა, რომ ეს კონგრესი დამთავრებულიყო. ძალიან გამიჭირდა და-ძმებთან გამომშვიდობება“ — იხსენებს ძმა ვასილი.
დღეს რუმინეთში ჩვენი და-ძმები თავისუფლად ემსახურებიან ღმერთს. 2020 წლის მონაცემებით, ქვეყანაში 39 000-ზე მეტი იეჰოვას მოწმე იყო, 2021 წელს კი ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოზე დამსწრეთა უმაღლესი რიცხვი დაფიქსირდა — ამ საღამოს 100 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო.
ჩვენი რუმინელი და-ძმები ქებას იმსახურებენ, რომ წინააღმდეგობის მიუხედავად, არ წყვეტდნენ ერთად შეკრებას. უზომოდ ვემადლიერებით იეჰოვას, რომ დაიცვა და აკურთხა ჩვენი და-ძმები ამ ისტორიული კონგრესის დროს (ებრაელები 10:24, 25).