არჩეულ მასალაზე გადასვლა

მარცხნივ: ძმა გეიჯ ფლიგლი მიძღვნის პროგრამაზე. ზემოთ მარჯვნივ: საკონგრესო დარბაზის კომპლექსი. ქვემოთ მარჯვნივ: რუმინეთის ფილიალის ახალი შენობები.

20 ᲡᲔᲥᲢᲔᲛᲑᲔᲠᲘ, 2023
რუმინეთი

საკონგრესო დარბაზისა და ფილიალის ახალი შენობების მიძღვნა რუმინეთში

საკონგრესო დარბაზისა და ფილიალის ახალი შენობების მიძღვნა რუმინეთში

2023 წლის 26 აგვისტოს გაიმართა რუმინეთის ქალაქ ტურდაში აშენებული საკონგრესო დარბაზის კომპლექსის და ბუქარესტის ფილიალის სამი ახალი შენობის მიძღვნის პროგრამა. მოხსენება წარმოთქვა ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, ძმა გეიჯ ფლიგლიმ. შეხვედრას საკონგრესო დარბაზში 1 702 ადამიანი დაესწრო, ხოლო ვიდეოკონფერენციის მეშვეობით მოხსენება 14 101-მა ადამიანმა მოისმინა.

მიძღვნის პროგრამის დროს წარმოდგენილი იყო რუმინეთში თეოკრატიულ მშენებლობასთან დაკავშირებული ისტორია და აღნიშნული იყო, როგორ უჭერდა იეჰოვა მხარს და-ძმების ძალისხმევას. შეხვედრაზე ინტერვიუ აიღეს იმ მაუწყებლებისგან, რომლებმაც სხვადასხვა სახის სამშენებლო პროექტში მიიღეს მონაწილეობა. ერთმა დამ, იაელა დრაგიჩიმ, რომელმაც საკონგრესო დარბაზის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა, აღნიშნა: „ბედნიერი ვარ, რომ ეს შენობები იეჰოვას სახელის განდიდებას მოემსახურება“. ერთმა ძმამ, ბრიუს დაიერმა, რომელიც საერთაშორისო სამშენებლო პროექტებში მონაწილეობს და ფილიალის გაფართოების პროექტშიც მიიღო მონაწილეობა, თქვა: „ჩვენთვის დიდი პატივია, რომ საშუალება მოგვეცა, ჩვენი წვლილი შეგვეტანა ასეთ განსაკუთრებულ სამშენებლო პროექტში. რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად იეჰოვას ვემადლიერებით“.

საკონგრესო დარბაზში შეკრებილი 1 702 და-ძმა

ფილიალის ახალ შენობებში განთავსებულია საკლასო ოთახები სამეფოს მახარობელთა სკოლისთვის და საცხოვრებლები ბეთელის ოჯახის წევრებისთვის. ამავე შენობებში არის მთარგმნელობითი ოფისები, ჩვენი დარბაზი და ბეთელის მიმღები. საკონგრესო დარბაზი გათვლილია 1 200 დამსწრისთვის, თუმცა ამავე ტერიტორიაზე ღია სივრცეშიც მოეწყო ადგილი შეხვედრების ჩასატარებლად, რომელიც გათვლილია 1 350 კაცზე. ამ საკონგრესო დარბაზით მთელი ქვეყნიდან დაახლოებით 15 000 და-ძმა ისარგებლებს.

ქალაქ კლუჟ-ნაპოკას სტადიონზე შეკრებილი 23 968 ადამიანი. ზემოთ მარჯვნივ: და-ძმებს ხელში უჭირავთ ფურცლები, რომლებზეც რუმინულად შემდეგი წარწერაა გაკეთებული: „გვიყვარხართ!“.

მომდევნო დღეს, 27 აგვისტოს, ქალაქ კლუჟ-ნაპოკას სტადიონზე სპეციალური შეხვედრა გაიმართა, რომელსაც 23 968 ადამიანი დაესწრო. პროგრამა ითარგმნებოდა ინგლისურ, უნგრულ, რუმინულ ჟესტურ, ბოშურ (რუმინეთი), რუსულ, რუსულ ჟესტურ და უკრაინულ ენებზე. პროგრამა ტრანსლაციის მეშვეობითაც გადაიცემოდა რუმინეთისა და უკრაინის ყველა კრებაში. საერთო ჯამში დამსწრეთა რაოდენობამ 121 411 შეადგინა.

ჩვენც ვხარობთ რუმინელ თანაქრისტიანებთან ერთად და გვჯერა, რომ იეჰოვასთვის მიძღვნილი ეს ახალი შენობები კვლავაც წმინდა თაყვანისმცემლობის მხარდაჭერას მოემსახურება (ესაია 2:3).