არჩეულ მასალაზე გადასვლა

2022 წლის 7 მარტი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დადგენილებით, რუსეთმა დაარღვია იეჰოვას მოწმეების ფუნდამენტური უფლებები

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დადგენილებით, რუსეთმა დაარღვია იეჰოვას მოწმეების ფუნდამენტური უფლებები

2022 წლის 22 თებერვალს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 15 იეჰოვას მოწმის სასარგებლოდ გამოიტანა ორი განაჩენი. ეს საქმეები ეხებოდა 2010—2012 წლებში მომხდარ ინციდენტებს, როცა ძალოვნები რეიდების დროს სასტიკად გაუსწორდნენ ჩვენს თანაქრისტიანებს. სასამართლოს დადგენილებით, რუსეთმა დაარღვია ჩვენი და-ძმების რელიგიის თავისუფლების ფუნდამენტური უფლება. რუსეთმა მათ კომპენსაციის სახით მთლიანობაში 99 000 ევროზე მეტი უნდა გადაუხადოს. განაჩენი საბოლოოა და არ ექვემდებარება გასაჩივრებას.

სასამართლომ ეს ორი გადაწყვეტილება რუსეთის წინააღმდეგ აღძრულ 6 საქმეზე გამოიტანა. a საქმე ეხებოდა ჩხრეკის ორდენების ვალიდურობას. ამ ორდენების საფუძველზე, სამართალდამცავებმა იეჰოვას მოწმეების რამდენიმე სახლსა და დარბაზში მოაწყვეს რეიდი, აგრეთვე გაჩხრიკეს ქადაგების გამო დაპატიმრებული ორი და, რის შემდეგაც პირადი ნივთები ჩამოართვეს. ზოგიერთ შემთხვევაში ჩხრეკა ნიღბიანმა, შეიარაღებულმა ფე-ეს-ბეს თანამშრომლებმა ჩაატარეს, რა დროსაც ძალის გადაჭარბებას ჰქონდა ადგილი.

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის იურისტმა, ანდრე კარბონომ, რომელმაც ჩვენს იურიდიულ ჯგუფს კონსულტაცია გაუწია, აღნიშნა: „ამ გადაწყვეტილებამ უმნიშვნელოვანესი პრეცედენტი შექმნა; დადგინდა, რომ რუსეთში იეჰოვას მოწმეთა ბინების ჩხრეკა, მათ შორის, 2017 წელს ჩვენი საქმიანობის აკრძალვის შემდეგ ჩატარებული 1 700 რეიდი, გაუმართლებელი და არაკანონიერია. ამის შემდეგ ნებისმიერი იეჰოვას მოწმის სახლში მისი მრწამსის გამო ჩატარებული ჩხრეკა, კანონსაწინააღმდეგო ქმედებად და ევროპული კონვენციის დარღვევად ჩაითვლება“. მან კიდევ ერთ მხარეზე გაამახვილა ყურადღება: „სასამართლომ დაგმო რუსი სამართალდამცავები იმის გამო, რომ მოწმეებს კარდაკარ მსახურებაში უშლიან ხელს. ეს ცხადყოფს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ქადაგებას რელიგიურ მსახურებად მიიჩნევს და სამართალდამცავებს არ აქვთ ხელის შეშლის უფლება“.

მართალია, ეს ორი გადაწყვეტილება უშუალოდ არ ეხება რუსეთში იეჰოვას მოწმეების ამჟამინდელ რეპრესიას, თუმცა კარგ საფუძველს ქმნის სამომავლო გადაწყვეტილებებისთვის. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში განსახილველად კიდევ 60-ზე მეტი საქმე გვაქვს შეტანილი. ვიმედოვნებთ, რომ სასამართლო მომავალშიც ჩვენი რუსი და-ძმების სასარგებლოდ მიიღებს გადაწყვეტილებებს.

ადამიანის უფლებათა დამცველები აღიარებენ, რომ რუსეთში მცხოვრები ჩვენი და-ძმები კომპრომისზე არ მიდიან და ინარჩუნებენ ერთგულებას. ეს ძალიან გვახარებს. აშკარაა, იეჰოვა კურთხევას არ აკლებს მათ, ვინც მხარს უჭერს მის უზენაესობას (ფსალმუნი 26:11).

a ეს საქმეებია: ჩავიჩალოვა რუსეთის წინააღმდეგ, ჩეპრუნოვი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ, ნოვაკოვსკაია რუსეთის წინააღმდეგ, ოგოროდნიკოვი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ, პეკშუევი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ და ჟარინოვა რუსეთის წინააღმდეგ.