2020 წლის 10 ივნისი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებიდან 10 წლის შემდეგაც კი რუსეთი დღემდე არღვევს საერთაშორისო სამართალს
10 წლის წინ, 2010 წლის 10 ივნისს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის ხელისუფლება წლების განმავლობაში ცდილობდა, შეეზღუდა მოწმეების თაყვანისმცემლობის უფლება, რითაც უხეშად არღვევდა ადამიანის უფლებებს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთის ხელისუფლებას სოლიდური ჯარიმის გადახდა დააკისრა და მოსთხოვა, ხელახლა გაეტარებინა რეგისტრაციაში იეჰოვას მოწმეების ადგილობრივი იურიდიული პირი მოსკოვში, რომლის ლიკვიდაციაც 2004 წელს მოხდა.
ვერდიქტის გამოცხადებიდან მალევე მოსკოვში მცხოვრები იეჰოვას მოწმეების წარმომადგენელმა, ძმა ივან ჩაიკოვსკიმ, განაცხადა: „ეს განაჩენი იმის ნათელი მტკიცებაა, თუ როგორ იმარჯვებს საღი აზრი რელიგიურ შეუწყნარებლობაზე. ვიმედოვნებ, რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ მთავრობა აღადგენს ჩვენს კანონიერ უფლებებს და წერტილს დაუსვამს ხელისუფლების ხელშეწყობით განხორციელებულ დევნას მოწმეების წინააღმდეგ, რომელიც მთელი რუსეთის ტერიტორიაზე ვრცელდება“.
მაგრამ, ეს ოპტიმისტური მოლოდინი სწრაფადვე გამტყუნდა. რუსეთის ხელისუფლებამ არა მხოლოდ არ შეასრულა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დაკისრებული ვალდებულებები, არამედ უფრო გააძლიერა მოწმეების დევნა მთელი ფედერაციის მასშტაბით. დევნამ კულმინაციას 2017 წელს მიაღწია, როდესაც რუსეთის უზენაესმა სასამართლომ აკრძალა იეჰოვას მოწმეების მშვიდობიანი თაყვანისცემლობა, რასაც მოჰყვა მოწმეების დაკავებები, სასამართლო პროცესები და დაპატიმრებები.
10 წლის შემდეგაც კი ევროპული სასამართლოს მიერ რუსეთის ხელისუფლებისთვის დაკისრებული ვალდებულებების უმეტესობა დღემდე შეუსრულებელია. 2010 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კატეგორიულად დაგმო არაერთი უსაფუძვლო ბრალდება, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება დღემდე უყენებს ჩვენს მშვიდობიან თანამორწმუნეებს.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაასკვნა, რომ რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროსა და მოსკოვის სასამართლოებს არ ჰქონდათ „კანონიერი საფუძველი“, ხელახლა არ გაეტარებინათ რეგისტრაციაში იეჰოვას მოწმეების იურიდიული პირი მოსკოვში. ევროპულმა სასამართლომ გააკრიტიკა მოსკოვის ხელისუფლება „მოწმეების მიმართ უსამართლო მოპყრობის, ნეიტრალიტეტის დარღვევისა და მიკერძოებისთვის“. გარდა ამისა, დაირღვა სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტით ნაკისრი ვალდებულებები.
რუსეთის მიერ იეჰოვას მოწმეების დევნის ფაქტები არც 2020 წელს დარჩენილა შეუმჩნეველი. რეიჩელ დენბერი „ჰიუმან რაითს უოჩის“ ევროპისა და ცენტრალური აზიის დანაყოფის დირექტორის მოადგილე ამბობს: „რუსეთში მცხოვრებ იეჰოვას მოწმეებს თავიანთი რელიგიური მსახურების შესრულება თავისუფლების დაკარგვის რისკის ფასად უჯდებათ“. 2020 წლის 9 იანვარს გაკეთებულ განცხადებაში მან დასძინა: „არანაირი გამართლება არა აქვს იმას, რაც რუსეთში ხდება“.
ვლოცულობთ რუსეთში მცხოვრები ჩვენი და-ძმებისთვის და გვჯერა, რომ იეჰოვა კვლავაც გააძლიერებს მათ, რათა ყველაფერი მოითმინონ და სულგრძელნი იყვნენ სიხარულით — (კოლოსელები 1:11).