არჩეულ მასალაზე გადასვლა

2019 წლის 1 მარტი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაუყოვნებლივ პასუხობს რუსეთში იეჰოვას მოწმის წამების თაობაზე შეტანილ განაცხადს

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაუყოვნებლივ პასუხობს რუსეთში იეჰოვას მოწმის წამების თაობაზე შეტანილ განაცხადს

2019 წლის 25 თებერვალს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ძმა სერგეი ლოგინოვის სახელით შეტანილ იქნა განაცხადი დაუყოვნებელი ზომების მიღების მოთხოვნით. ძმა სერგეი ერთ-ერთია იმ შვიდი იეჰოვას მოწმიდან, რომლებიც დასავლეთ ციმბირის ქალაქ სურგუტში აწამეს სამართალდამცავებმა. დანარჩენი ექვსი ძმა გაათავისუფლეს, სერგეი ლოგინოვი კი წინასწარი პატიმრობის იზოლატორში დატოვეს; მას არ აქვს შესაძლებლობა, მიიღოს სათანადო სამედიცინო დახმარება.

26 თებერვალს, განაცხადის შეტანიდან სულ რაღაც ერთი დღის შემდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება. სასამართლომ დააკმაყოფილა თხოვნა და დაავალა რუსეთის ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ ჩაეტარებინა სერგეი ლოგინოვისთვის სამედიცინო გამოკვლევა კვალიფიცირებული მედპერსონალის დახმარებით და დაედგინა, რამდენად დიდი „ფიზიკური და ფსიქოლოგიური“ ზიანი მიიღო მან; აგრეთვე განესაზღვრა, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, შეიძლებოდა თუ არა მისი კვლავ იზოლატორში დატოვება. რუსეთის ხელისუფლებამ ამ მოთხოვნას პასუხი 2019 წლის 11 მარტამდე უნდა გასცეს.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მსგავს განაცხადებს აკმაყოფილებს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში: როცა არსებობს გამოუსწორებელი და აუნაზღაურებელი ზიანის საფრთხე ცალკეული პირის შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის სასიხარულოა იმის ცოდნა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადადგა აღნიშნული ნაბიჯი და თანაც ასე სწრაფად — განაცხადის შეტანიდან, სულ რაღაც, ერთ დღეში. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ ის ზედმიწევნით გააკონტროლებს ჩვენი ძმებისადმი სასტიკად მოპყრობის ფაქტების გამოძიების პროცესს.

ამჟამად სურგუტში 19 იეჰოვას მოწმეა სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული; მათგან 3 წინასწარი პატიმრობის იზოლატორში იმყოფება.

კვლავ ვევედრებით იეჰოვას ჩვენი ძმების გამო; დაე, ყოველთვის გვქონდეს გონებაში იერემიას მიერ წარმოთქმული ძალების მომცემი სიტყვები: „კურთხეულია კაცი, რომელიც იეჰოვაზე ამყარებს იმედს და ენდობა იეჰოვას“ (იერემია 17:7).