2022 წლის 8 ივნისი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო რუსეთის წინააღმდეგ
2022 წლის 7 ივნისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება a მიიღო რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ. სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის მხრიდან 2017 წელს იეჰოვას მოწმეთა საქმიანობის აკრძალვა კანონსაწინააღმდეგო ქმედება იყო. სასამართლოს განაცხადით მოწმეთა ბეჭდური პუბლიკაციების და ვებგვერდის აკრძალვასაც არ ჰქონდა კანონიერი საფუძველი. რუსეთის ხელისუფლებას დაევალა, რომ დახუროს იეჰოვას მოწმეთა წინააღმდეგ აღძრული ყველა სასამართლო საქმე, გაათავისუფლოს საპატიმროში მყოფი ყველა ჩვენი და-ძმა და უკან დააბრუნოს მოწმეებისთვის ჩამორთმეული ქონება ან გადაუხადოს მათ კომპენსაცია მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად 59 617 458 ევროს ოდენობით (63 684 978$). რუსეთი აგრეთვე ვალდებულია, გადაიხადოს 3 447 250 ევრო (3 682 445$) არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად.
სასამართლო გადაწყვეტილება ეხება 2010—2019 წლებში აღძრულ 20 საქმეს 1 400-ზე მეტი ფიზიკური თუ იურიდიული პირის წინააღმდეგ. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილების გამოტანის გარდა, რუსეთის ხელისუფლებას დაავალა, რომ „მიიღოს ყველა საჭირო ზომა იეჰოვას მოწმეთა წინააღმდეგ აღძრული ყველა სასამართლო საქმის დასახურად … და გაათავისუფლოს ყველა იეჰოვას მოწმე, რომლებიც უკანონოდ იხდიან სასჯელს“. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ამართლებს რუსეთში თუ მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ თითოეულ ჩვენს და-ძმას და საჯაროდ აცხადებს, რომ ისინი კანონმორჩილი მოქალაქეები არიან, რომელთაც სრულიად უსაფუძვლოდ ასამართლებენ და აპატიმრებენ.
გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სისტემატურად უარყოფს რუსეთის უსაფუძვლო განაცხადს, რომლის მიხედვითაც მოწმეთა საქმიანობა, რელიგიური შეხედულებები, პუბლიკაციები და ვებგვერდი ექსტრემისტული ხასიათისაა. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე კომენტარი ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებიდან:
საქმიანობა: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რუსეთის სასამართლოებს საქმეთა მასალებში იეჰოვას მოწმეთა შესახებ „არ მოეპოვებათ ძალადობით, სიძულვილითა თუ დისკრიმინაციით მოტივირებული არცერთი სიტყვა თუ ქმედება“ (§271).
იმის რწმენა, რომ იეჰოვას მოწმეები ჭეშმარიტებას ასწავლიან: «მშვიდობიანი გზით სხვების საკუთარი რელიგიის უპირატესობაში დარწმუნება და მათთვის იმის რჩევა, რომ მიატოვონ „ცრუ რელიგია“ და შეუერთდნენ „ჭეშმარიტ რელიგიას“, არის რელიგიისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებების კანონიერად გამოყენების ერთ-ერთი ფორმა» (§156).
სისხლის გადასხმა: „სისხლის გადასხმაზე უარის თქმით რუსეთის მოქალაქე სარგებლობს როგორც ევროპული კონვენციით, ისე რუსეთის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებით, რომლის თანახმადაც ნებისმიერ პირს შეუძლია გამოიყენოს თავისუფალი ნება და გააკეთოს პირადი არჩევანი მკურნალობასთან დაკავშირებულ საკითხებში“ (§165).
რწმენის საფუძველზე სამხედრო სამსახურზე უარის თქმა: „რელიგიური შეხედულებების საფუძველზე სამხედრო სამსახურზე უარის თქმა არ ეწინააღმდეგება რუსეთის კანონმდებლობას“(§169).
პუბლიკაციები: „განმცხადებლების რელიგიური საქმიანობა და მათი პუბლიკაციების შინაარსი არ არის კონფლიქტური ხასიათის და სრულ თანხმობაშია მათივე რელიგიურ შეხედულებებთან, რომლებიც არ ამართლებს ძალადობას“ (§157).
JW.ORG: სასამართლომ დაადგინა, რომ ვებგვერდი JW.ORG არ არის ექსტრემისტული შინაარსის. თუ უფლებამოსილი პირები არ ეთანხმებოდნენ ვებგვერდზე განთავსებულ რაიმე კონკრეტულ ინფორმაციას, მთლიანი ვებგვერდის აკრძალვის ნაცვლად, მათ შეეძლოთ ორგანიზაციისთვის იმ მასალის აღება მოეთხოვათ ვებგვერდიდან, რომელსაც შეუფერებლად მიიჩნევდნენ (§231, §232).
გადაწყვეტილებაში მკაცრადაა დაგმობილი რუსეთის ხელისუფლება და აღნიშნულია, რომ მისი წარმომადგენლები ავლენდნენ მიკერძოებას, იყვნენ წინასწარ შექმნილი აზრის გავლენაში და „არ მოქმედებდნენ კეთილსინდისიერად“ (§187). ქვემოთ მოცემულია რამდენიმე განაცხადი ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებიდან:
„რუსეთში იეჰოვას მოწმეთა ყველა იურიდიული პირის ძალისმიერი დახურვა სულაც არ იყო კანონმდებლობის ობიექტური დაცვა. ეს იყო უფლებამოსილი პირების შეუწყნარებლობის პოლიტიკის აშკარა მაჩვენებელი იეჰოვას მოწმეთა რელიგიური საქმიანობის მიმართ. მათი ქმედებები გამიზნული იყო იმისკენ, რომ იეჰოვას მოწმეები ჩამოეშორებინათ თავიანთ რწმენას და ხელი შეეშალათ სხვებისთვის, გამხდარიყვნენ იეჰოვას მოწმეები“ (§254).
რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ადგილი ჰქონდა სერიოზულ „პროცედურულ დარღვევებსაც“. მაგალითად, უზენაესი სასამართლო დაეყრდნო პოლიციისა და პროკურატურის მიერ მიწოდებულ არაობიექტურ დასკვნებს, ნაცვლად იმისა, რომ თავად შეემოწმებინა, როგორი შინაარსის იყო მოწმეთა პუბლიკაციები (§203).
საკუთარი სურვილისამებრ, რუსეთის უფლებამოსილმა პირებმა ექსტრემიზმის შესახებ კანონს ფართო და ბუნდოვანი ხასიათი შესძინეს, რამაც ხელისუფლების წარმომადგენლებს შესაძლებლობა მისცა, თვითნებურად ემოქმედათ იეჰოვას მოწმეთა წინააღმდეგ (§272).
ჩვენთვის უცნობია, რა გავლენას იქონიებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება რუსეთის ხელისუფლებაზე. თუმცა როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, ჩვენ ადამიანთა მთავრობებზე კი არ დავამყარებთ იმედს, არამედ იეჰოვაზე, რადგან „ის არის ჩვენი შემწე და ფარი“ (ფსალმუნი 33:20).
a შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მოკლე მიმოხილვა. აგრეთვე შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ სრული ვერსია, 196-გვერდიანი დოკუმენტი.