არჩეულ მასალაზე გადასვლა

2016 წლის 14 ოქტომბერი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

ტვერის რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა იეჰოვას მოწმეების ადმინისტრაციული საჩივარი

ტვერის რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა იეჰოვას მოწმეების ადმინისტრაციული საჩივარი

2016 წლის 12 ოქტომბერს მოსკოვში ტვერის რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა იეჰოვას მოწმეების ადმინისტრაციული საჩივარი გენერალური პროკურატურის გამაფრთხილებელი წერილის თაობაზე. 2016 წლის 2 მარტით დათარიღებულ გამაფრთხილებელ წერილში აღნიშნული იყო, რომ იეჰოვას მოწმეების ზოგიერთი ადგილობრივი რელიგიური ორგანიზაცია ექსტრემისტულ საქმიანობას ეწევა. ამ ყოველივეზე პასუხისმგებლობა ეკისრება სანკტ-პეტერბურგთან ახლოს მდებარე იეჰოვას მოწმეების ადმინისტრაციულ ცენტრს, რადგან სწორედ ის უწევს ზედამხედველობას მოწმეების საქმიანობას მთელი რუსეთის მასშტაბით. ადგილობრივმა უფლებამოსილმა პირებმა იეჰოვას მოწმეები ყალბი სამხილებისა და ცრუ ბრალდებების საფუძველზე დაადანაშაულეს ექსტრემიზმში. მოსამართლემ უარი განაცხადა ბრალდების მხარის მოწმეთა დაკითხვაზე და ვიდეო სამხილების წარდგენაზე, რომლებიც ამტკიცებდა, რომ იეჰოვას მოწმეების თაყვანისცემის ადგილებში განზრახ შეიტანეს მოწმეების „ექსტრემისტული“ ლიტერატურა.

იეჰოვას მოწმეები ტვერის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას მოსკოვის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრებენ. თუ საქალაქო სასამართლო იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, გენერალური პროკურატურის მოთხოვნა ძალაში შევა და მოწმეების რელიგიის თავისუფლებას, სავარაუდოდ მთელი რუსეთის მასშტაბით საფრთხე დაემუქრება. იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილებისა და ახალი ყალბი სამხილების საფუძველზე გენერალურმა პროკურატურამ შესაძლოა, სასამართლო პროცესები დაიწყოს იეჰოვას მოწმეების ადმინისტრაციული ცენტრის ლიკვიდაციის თაობაზე.