2015 წლის 27 ივლისი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
რუსეთში იეჰოვას მოწმეების ოფიციალური ვებგვერდი აიკრძალა
იმ გადაწყვეტილების მიღებიდან შვიდი თვის გასვლის შემდეგ, რაც რუსეთის უზენაესმა სასამართლომ იეჰოვას მოწმეების ოფიციალური ვებგვერდი www.pr418.com ექსტრემისტულად გამოაცხადა, რუსეთის მთავრობამ აკრძალა იეჰოვას მოწმეების ვებგვერდი. გადაწყვეტილება ძალაში შევიდა 2015 წლის 21 ივლისს, როცა რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ვებგვერდი, jw.org, ექსტრემისტული მასალების ფედერალურ სიაში შეიტანა. ამ გადაწყვეტილების შედეგად, ვებგვერდზე წვდომა მთელი რუსეთის მასშტაბით დაიბლოკა. უფრო მეტიც, ის, ვინც რუსეთის ტერიტორიაზე რეკლამას გაუწევს მოწმეების ვებგვერდს, კრიმინალურ დამნაშავედ ჩაითვლება. რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც ვებგვერდი jw.org აკრძალა.
მოვლენები, რომლებიც წინ უძღოდა ვებგვერდის jw.org აკრძალვას
2013 წელს ქალაქ ტვერის ოფიციალურმა პირებმა მოწმეების ვებგვერდის აკრძალვის მიზნით ფარული სასამართლო პროცესი წამოიწყეს. ქალაქ ტვერის პროკურორმა ცენტრალურ რაიონულ სასამართლოში საჩივარი შეიტანა და მოითხოვა, რომ ვებგვერდი jw.org აკრძალულიყო, რადგან მასზე განთავსებული ზოგი პუბლიკაცია, რუსეთის სასამართლოების ადრინდელი გადაწყვეტილებით, ექსტრემისტული ლიტერატურის სიაში შეიტანეს. a 2013 წლის 7 აგვისტოს რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურორის საჩივარი და ვებგვერდი jw.org ექსტრემისტულად გამოაცხადა ისე, რომ მოწმეებისთვის არაფერი შეუტყობინებია.
ერთ შემთხვევაში მოწმეებმა სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შესახებ ერთი თვის დაგვიანებით შეიტყვეს და ისიც ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებით. მათ გაასაჩივრეს სასამართლოს გადაწყვეტილება და, ამავე დროს, ექსტრემისტულად შერაცხული პუბლიკაციები ვებგვერდიდან აიღეს. 2014 წლის 22 იანვარს, ქალაქ ტვერის საოლქო სასამართლომ გააუქმა რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და განმარტა, რომ ვებგვერდის jw.org აკრძალვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება ყოველგვარ იურიდიულ საფუძველს იყო მოკლებული და რომ სასამართლო განხილვაში ვებგვერდის წარმომადგენლებსაც უნდა მიეღოთ მონაწილეობა.
მიღებული გადაწყვეტილებით უკმაყოფილო რუსეთის გენერალურმა პროკურორმა, ბატონმა საბირ კეხლეროვმა საჩივარი უზენაეს სასამართლოში შეიტანა, თუმცა იმის თაობაზე, რომ სასამართლო საქმის განხილვას აპირებდა, მოწმეები სათანადოდ არ იყვნენ გაფრთხილებული. 2014 წლის 2 დეკემბერს უზენაესმა სასამართლომ დაცვის მხარის დაუსწრებლად განიხილა პროკურორის საკასაციო საჩივარი.
უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ 2013 წლის სექტემბერში მოწმეებმა მალევე მიიღეს ზომები, რომ სასამართლო გადაწყვეტილების გათვალისწინებით, ექსტრემისტულად გამოცხადებული პუბლიკაციები ხელმისაწვდომი აღარ ყოფილიყო. ამავე დროს, სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ განაცხადა, რომ არსებობდა პოტენციური საშიშროება, ეს პუბლიკაციები ვებგვერდზე კვლავ განთავსებულიყო. ამიტომ უზენაესმა სასამართლომ გააუქმა საოლქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და ძალაში დატოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ვებგვერდი jw.org ექსტრემისტულად გამოცხადდა. b იეჰოვას მოწმეებმა საჩივარი უზენაეს სასამართლოში შეიტანეს, მაგრამ სასამართლომ არ დააკმაყოფილა იგი. მოწმეებმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესაც მიმართეს თხოვნით, თუმცა 2015 წლის 8 ივლისს მანაც უარი განაცხადა მოწმეების თხოვნის დაკმაყოფილებაზე.
გადაწყვეტილება, რომელიც რელიგიის თავისუფლებას უქმნის საფრთხეს
იეჰოვას მოწმეები აცხადებენ, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება თვითნებური და უსაფუძვლოა, რადგან არც ერთი რელიგიური პუბლიკაცია, რომელიც ექსტრემისტულად გამოცხადდა, 2013 წლის შემოდგომიდან ხელმისაწვდომი არ ყოფილა რუსეთში ვებგვერდზე jw.org. რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ისარგებლეს ზემოხსენებული სასამართლო გადაწყვეტილებით და ხელი შეუწყვეს იმას, რომ ვებგვერდი jw.org მთელი რუსეთის მასშტაბით დაბლოკილიყო. ამის გამო ვებგვერდის მომხმარებლებს აღარ მიუწვდებათ ხელი ბიბლიაზე, რომელიც 130-ზე მეტ ენაზეა ნათარგმნი და ბიბლიურ ლიტერატურაზე, რომელიც 700-ზე მეტ ენაზეა ნათარგმნი, მათ შორის რუსულ ენაზე და რუსულ ჟესტურ ენაზე. ნებისმიერი, ვინც რეკლამას გაუწევს ვებგვერდს ან სხვებს წაახალისებს მისით სარგებლობისკენ, „კრიმინალური ქმედებისთვის“ სამართლებრივ დევნას დაექვემდებარება. ვებგვერდის აკრძალვის გამო 170 000-ზე მეტ მოწმეს ხელი აღარ მიუწვდება იმ პუბლიკაციებზე, რომლებიც მათ სულიერ კეთილდღეობას ემსახურება.
უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სხვა მხრივაც აძლევს ხელს რუსეთის უფლებამოსილ პირებს, რომ იეჰოვას მოწმეების რელიგიური საქმიანობა შეზღუდონ. ვიდრე ზოგიერთი უფლებამოსილი პირი ცდილობს, ბოროტად გამოიყენოს რუსეთის კანონმდებლობა, რომელიც კრძალავს ექსტრემისტულ საქმიანობას, ამ ქვეყანაში რელიგიის თავისუფლება შეზღუდული იქნება, მომავალში კი შეიძლება საერთოდ აიკრძალოს. იეჰოვას მოწმეები იმედოვნებენ, რომ რუსეთში მიუკერძოებელი უფლებამოსილი პირები პატივისცემით მოეკიდებიან ადამიანის ძირითად უფლებებს რელიგიის თავისუფლებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების შესახებ, რომელსაც ითვალისწინებს აგრეთვე რუსეთის საერთაშორისო ხელშეკრულების პირობები და თავად რუსეთის კონსტიტუცია.
a 2015 წლის 1 ივნისიდან მოყოლებული რუსეთის სასამართლოებმა იეჰოვას მოწმეების 78 პუბლიკაცია ექსტრემისტულად გამოაცხადეს. მოწმეები ამ გადაწყვეტილებებს ასაჩივრებენ, როგორც რუსეთის სასამართლოებში, ისე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.
b გენერალურმა პროკურორმა საკასაციო საჩივარი შეიტანა, რომელიც უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ განიხილა და გადაწყვეტილებაც გამოიტანა.