2021 წლის 24 მაისი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
ალბერტ ბატჩაევი დევნის მიუხედავად ერთგულებას ინარჩუნებს
განახლებული ინფორმაცია | რუსეთის სასამართლო დამნაშავედ ცნობს ალბერტ ბატჩაევს
2021 წლის 6 დეკემბერს ჩერქეზეთის საქალაქო სასამართლომ (ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკა) დამნაშავედ ცნო ძმა ალბერტ ბატჩაევი და ექვსწლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდა. მისთვის გამოტანილი განაჩენი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.
ზოგადი ინფორმაცია
ალბერტ ბატჩაევი
დაბადების წელი: 1976 (ყარაჩაი)
ბიოგრაფია: ჰყავს ერთი ძმა და სამი და. დედა გარდაცვლილი ჰყავს, ზრუნავს მოხუცებულ მამაზე. მიიღო იურიდიული განათლება სამხედრო სასწავლებელში; მუშაობდა თანამდებობის პირად სისხლის სამართლის საგამოძიებო უწყებაში.
ბიბლიის გამოკვლევის შედეგად დარწმუნდა ამ წიგნის უტყუარობაში. 2004 წელს მოინათლა და იეჰოვას მოწმე გახდა. 2007 წელს დაქორწინდა ჟანაზე. ამჟამად მუშაობს კარების მონტაჟზე. ჯანმრთელობის გამო ფიზიკურად ბევრს ვეღარ შრომობს. მას და ჟანას უყვართ მანქანით გასეირნება, ახლომახლო მთებში ფეხით სიარული და ბუნებაში ყოფნა.
სასამართლო საქმე
2019 წლის 16 დეკემბერს, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ჩერქეზეთში ჩვენი და-ძმების 12-მდე სახლი გაჩხრიკეს. შედეგად არაერთი ძმა დააკავეს.
ალბერტ ბატჩაევის გარდა, ყველა ძმა იმავე დღეს გაათავისუფლეს; განკარგულება გასცეს, რომ ალბერტი წინასწარი დაკავების იზოლატორში, სულ მცირე, 72 საათი დარჩენილიყო. მას ბრალად დასდეს, რომ სხვებს იეჰოვასთვის სიმღერების მღერისკენ და ლოცვისკენ მოუწოდებდა. ამის შემდეგ, მისი მეგობრებისა და ნაცნობების თქმით, სამართალდამცავებმა მათაც დაუწყეს თვალთვალი.
„როდესაც დროებითი დაკავების იზოლატორში შემიყვანეს და მძიმე, რკინის გისოსებიანი კარი მომიჯახუნეს, ძალიან ავნერვიულდი, — ამბობს ალბერტი, — მეგონა, იქიდან ცოცხალი ვეღარ გამოვიდოდი. ძალიან ვდარდობდი; არ ვიცოდი, რა ბედი ეწია ჩემს ცოლსა და ძმებს“.
ალბერტმა დაახლოებით ორი თვე დაჰყო წინასწარი დაკავების იზოლატორში, რის შემდეგაც ის შინაპატიმრობაში გადაიყვანეს. თუმცა ერთი კვირის შემდეგ ისევ მოათავსეს იზოლატორში, ამჯერად შვიდი კვირით. ალბერტი იხსენებს: „ციხეში, როცა სრულიად მარტო ვიყავი, მეტად გავიაზრე, რამდენად მნიშვნელოვანია სულიერი განრიგის მიყოლა და სამეფოს საქმეში აქტიური მონაწილეობა. ეს ჩემთვის საწვავივით იყო. სულიერი განრიგი მეხმარებოდა, არ მოვსუსტებულიყავი, არ დამეკარგა რწმენა, მოთმინება, იმედი და არ გამნელებოდა იეჰოვასა და მოყვასისადმი სიყვარული“.
ალბერტმა შეძლო ბიბლიის შოვნა, რაც ციხეში ყოველთვის არაა შესაძლებელი. ის ამბობს: „ბიბლია ჩემთვის მაშველი რგოლივით იყო. მან მიხსნა გულგატეხილობისგან და გადამატანინა საყვარელი ადამიანების დიდი მონატრება“. ალბერტმა ახლა უკეთ შეძლო, წარმოედგინა, რას გრძნობდნენ ბიბლიურ დროში მცხოვრები ღვთის ერთგული მსახურები, რომლებიც მძიმე განსაცდელებსა და საპყრობილეებს უძლებდნენ. ის იხსენებს: „ციხეში ყოფნისას ისინი ჩემთვის უფრო რეალურები და ახლობლები გახდნენ. წარსულში მცხოვრები თუ თანამედროვე ღვთის მსახურების სახით, დღეს უფრო მეტი მეგობარი მყავს, ვიდრე ადრე“.
2020 წლის აპრილში, სასამართლო გადაწყვეტილებით, ალბერტი შინაპატიმრობაში გადაიყვანეს 2 თვით, თუმცა ეს ვადა 4-ჯერ გაუხანგრძლივეს. ბოლოს მას მარტის დასასრულს გაუხანგრძლივეს შინაპატიმრობის ვადა 2021 წლის ივნისამდე.
ვიცით, რომ იეჰოვა კვლავაც გააძლიერებს ძმა ალბერტ ბატჩაევსა და განსაცდელების პირისპირ მყოფ ყველა თავის ერთგულ მსახურს (1 მატიანე 29:12).