2021 წლის 2 აპრილი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
ალექსანდრე ბონდარჩუკსა და სერგეი იავუშკინს ხანგრძლივი შინაპატიმრობის შემდეგ გამამტყუნებელი განაჩენი ელით
განახლებული ინფორმაცია | რუსეთის სასამართლო არ აკმაყოფილებს ორი ძმის საჩივარს
2022 წლის 16 თებერვალს კემეროვოს საოლქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ალექსანდრე ბონდარჩუკისა და სერგეი იავუშკინის საჩივარი. მათთვის გამოტანილი განაჩენი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.
2021 წლის 22 ივნისს ზავოდსკოის რაიონულმა სასამართლომ (კემეროვოს ოლქი) დამნაშავედ ცნო ალექსანდრე და სერგეი და მათ ოთხწლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდა.
ზოგადი ინფორმაცია
ალექსანდრე ბონდარჩუკი
დაბადების წელი: 1974 (ტოპკი, კემეროვოს ოლქი)
ბიოგრაფია: 19 წლის იყო, მამა რომ დაეღუპა. ისწავლა მძიმე ტექნიკის მართვა, მოგვიანებით კი — დურგლობა. ამჟამად მუშაობს ბრძმედის შეკეთებაზე. უყვარს თევზაობა, თხილამურებით სრიალი, ველოსიპედის ტარება და სირბილი.
1992 წელს დაქორწინდა ელენაზე. ბიბლიის შესწავლა იეჰოვას მოწმეებთან პირველად ელენამ დაიწყო. ბიბლიური პრინციპების გამოყენების შედეგად მათი ოჯახი დანგრევას გადაურჩა. მათ ორი ვაჟი ჰყავთ.
სერგეი იავუშკინი
დაბადების წელი: 1960 (რუბცოვსკი, ალთაის მხარე)
ბიოგრაფია: ათეულობით წლის განმავლობაში მუშაობდა ელექტრიკოსად და შემდუღებლად. ამჟამად მუშაობს საკეტების ჩაყენებაზე. ახალგაზრდობიდან უყვარს გიტარაზე დაკვრა და სპორტული თამაშები.
1990 წელს დაქორწინდა ტატიანაზე. ქორწინებიდან მალევე მათ ბიბლიის შესწავლა დაიწყეს იეჰოვას მოწმეებთან. ისინი განსაკუთრებით იმით მოიხიბლნენ, რომ, სიძველის მიუხედავად, ბიბლიაში ჩაწერილი რჩევები დღესაც პრაქტიკული იყო. მათ ორი შვილი ჰყავთ, ქალ-ვაჟი.
სასამართლო საქმე
2019 წლის 22 ივლისს დილის ექვს საათზე, სამართალდამცავებმა ძმების, ალექსანდრე ბონდარჩუკისა და სერგეი იავუშკინის, ბინები ხელმეორედ გაჩხრიკეს. ამჯერად ისინი დააკავეს, მათი მეუღლეები კი დაჰკითხეს. სამართალდამცავებმა მათ ელექტრონული მოწყობილობები ჩამოართვეს.
ალექსანდრე და სერგეი ორი დღე ჰყავდათ დაკავებული. შემდეგ კემეროვოს ცენტრალური რაიონული სასამართლოს განკარგულებით ისინი ორთვიან შინაპატიმრობაში გადაიყვანეს, თუმცა ექვსჯერ გაუხანგრძლივეს შინაპატიმრობის ვადა.
შინაპატიმრობის დროს ორივე მათგანს ეკრძალებოდა სახლიდან 300 მეტრზე მეტ რადიუსში გადაადგილება. აქედან გამომდინარე, ისინი ვერ მიდიოდნენ სამუშაოზე. ორივე ძმას კარგი რეპუტაცია ჰქონდა მოპოვებული სამეზობლოშიც და სამსახურშიც. ამიტომ მათმა დამსაქმებლებმა დაურეკეს მათ გამომძიებელს და სთხოვეს, რომ ძმებისთვის გადაადგილების უფლება მიეცა. სამწუხაროდ, მათი თხოვნა არ დაკმაყოფილდა.
ალექსანდრემ და მისმა ოჯახმა არაერთხელ დაინახეს, როგორ ეხმარება მათ იეჰოვა. რადგან ალექსანდრე ვერ მუშაობს და მათი საბანკო ანგარიშებიც დაბლოკილია, ოჯახს ფინანსურად ძალიან გაუჭირდა. ყველაფრის მიუხედავად, ალექსანდრე ასეთ რამეს ამბობს: „ამ განსაცდელმა მასწავლა, რომ კიდევ უფრო მეტად მივენდო იეჰოვას. შესაძლოა ადრე ყოველთვის ვერ ვამჩნევდი, როგორ მეხმარებოდა იეჰოვა, მაგრამ ახლა ვხედავ, რომ ის გამუდმებით, ყოველდღე, ყოველ საათს ავლენს ჩვენ მიმართ სიკეთეს. მის სიყვარულსა და მხარდაჭერას ყოველ წუთს ვგრძნობ მეც და ჩემი ოჯახიც“.
სერგეის ჯანმრთელობაზე ძალიან იმოქმედა მოვლენების ამგვარმა განვითარებამ. ნერვიულობის შედეგად მან ინსულტი მიიღო. ჯანმრთელობის გაუარესების მიუხედავად, სერგეი დადებით განწყობას ინარჩუნებს. ის ამბობს: „მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელი სირთულეები, რომლებიც თავს გვატყდება, მცირე პრობლემებად მივიჩნიოთ, მაშინაც კი, როცა ადვილი არ არის მათი ატანა“.
სერგეის ძალებს მატებს 1 კორინთელების 15:58, სადაც ნათქვამია, რომ „ფუჭად არ ვშრომობთ“ უფლისთვის. სერგეი ამბობს: „იეჰოვას ყველაფერი ახსოვს, მას არასოდეს დაავიწყდება ჩვენი კარგი საქმეები“.
ვლოცულობთ რუსეთში მცხოვრები ჩვენი და-ძმებისთვის, რომლებიც უკვე წლებია, რაც მოთმინებით იტანენ დევნას. გვჯერა, რომ მათ ძალიან ანუგეშებს ღვთის სიტყვაში ჩაწერილი შემდეგი სიტყვები: „იეჰოვას თავისი მოშიშები ჰგვრიან სიხარულს, ისინი, ვისაც მისი ურყევი სიყვარულის იმედი აქვთ“ (ფსალმუნი 147:11).