არჩეულ მასალაზე გადასვლა

მარცხნიდან მარჯვნივ: ალექსანდრე და ნადეჟდა შამოვები; ანდრეი და ქსენია შჩეპინები; ევგენი და ელიზავეტა უდინცევები

2021 წლის 29 აპრილი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

ალექსანდრე შამოვი, ანდრეი შჩეპინი და ევგენი უდინცევი გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინში არიან

ალექსანდრე შამოვი, ანდრეი შჩეპინი და ევგენი უდინცევი გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინში არიან

განახლებული ინფორმაცია | რუსეთის სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩვენი სამი ძმის საჩივარი

2021 წლის 2 დეკემბერს კიროვის საოლქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ძმების, ალექსანდრე შამოვის, ანდრეი შჩეპინის და ევგენი უდინცევის, საჩივარი და ძალაში დატოვა თავდაპირველი განაჩენი. მათთვის გამოტანილი სასჯელი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.

2021 წლის 19 ივლისს ლენინსკის რაიონულმა სასამართლომ (კიროვის ოლქი) დამნაშავედ ცნო ჩვენი სამი ძმა და მათ ფულადი სახის ჯარიმა დააკისრა, ალექსანდრე შამოვს — 420 000 რუბლი (5 618$), ანდრეი შჩეპინს — 500 000 რუბლი (6 688$), ხოლო ევგენი უდინცევს — 200 000 რუბლი (2 675$).

ზოგადი ინფორმაცია

ალექსანდრე შამოვი

  • დაბადების წელი: 1960 (კომაროვო, კიროვის ოლქი)

  • ბიოგრაფია: აღიზარდა ექვსშვილიან ოჯახში. მშობლები რომ გარდაეცვალა, ჯერ კიდევ მოზარდი იყო. ექვსი წლის ასაკიდან ოჯახის ფერმაში მუშაობდა. დაამთავრა ტექნიკური სასწავლებელი და გახდა ტელევიზორების ხელოსანი. 1986 წელს დაქორწინდა ნადეჟდაზე. ჰყავთ სრულწლოვანი ქალიშვილი. ბოლო პერიოდში ინვალიდის პენსიას იღებს, რადგან გულის შეტევის გამო ოპერაცია ჩაუტარდა. მეუღლესთან ერთად ბიბლიის შესწავლა 1990-იან წლებში დაიწყო. მოინათლა 2000 წელს.

ანდრეი შჩეპინი

  • დაბადების წელი: 1991 (კოროლიოვი, მოსკოვის ოლქი)

  • ბიოგრაფია: ჭეშმარიტება მშობლებისგან გაიგო. 2015 წელს დაქორწინდა ქსენიაზე. მუშაობს ინჟინერ-მშენებლად. მოინათლა 2010 წელს.

ევგენი უდინცევი

  • დაბადების წელი: 1949 (კიროვი)

  • ბიოგრაფია: ბავშვობაში გულის დაავადება აწუხებდა. პროფესიით ინჟინერ-მშენებელი და ზეინკალია. 1970 წელს იქორწინა ელიზავეტაზე. ოჯახმა ჭეშმარიტება 1991 წელს გაიგო ელიზავეტას დისგან. იეჰოვას სიყვარულმა აღძრა ევგენი, თავი დაენებებინა თამბაქოსა და ალკოჰოლისთვის. მოინათლა 1996 წელს.

სასამართლო საქმე

2019 წლის 26 მარტს რუსმა სამართალდამცავებმა ქალაქ კიროვში იეჰოვას მოწმეთა 12 სახლი გაჩხრიკეს. ჩხრეკისა და ფართომასშტაბიანი სათვალთვალო ოპერაციის შედეგად პროკურატურამ საქმე აღძრა ალექსანდრეს, ანდრეისა და ევგენის წინააღმდეგ. ანდრეი ორი დღით დროებითი დაკავების იზოლატორში ჩასვეს. პროკურორმა ღვთის უბრალო რელიგიური საქმიანობა ექსტრემიზმთან გააიგივა. მაგალითად, ძმების, ეგრეთ წოდებული, დანაშაულებრივი ქმედებები გულისხმობს ბიბლიის კითხვასა და სამეფოს სიმღერების მღერას.

მოთმინების გამოვლენაში ძმებს ეხმარება იეჰოვასა და მის ორგანიზაციაზე ბოლომდე მინდობა და ბიბლიის კითხვა. მაგალითად, ალექსანდრეს ძალიან ამხნევებს ებრაელების მე-12 თავში მოხსენიებული „მოწმეთა … დიდი ლაშქარი“. ის ამბობს: „წარსულში მცხოვრები ღვთის მსახურები ხვდებოდნენ, რომ რწმენა სიმამაცესა და მოთმინებას მოითხოვდა. როცა ძალიან მიჭირს, მათ მაგალითებზე ვფიქრობ. ისინი უფრო მეტ უსამართლობასა და ძალადობას შეხვდნენ. ეს მეხმარება, კვლავაც „ვიბრძოლო რწმენისთვის“ (იუდა 3).

ანდრეის ძალიან ამხნევებს იმ ერთგული მოწმეების ისტორიები, რომლებიც ნაცისტურ გერმანიასა და ყოფილ საბჭოთა კავშირში იდევნებოდნენ. „აღტაცებული ვარ მათი სიმამაცით“,— აღნიშნა მან. მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა აგრეთვე იმ ფაქტმა, თუ როგორ პასუხობდა იეჰოვა ძმების ლოცვებს და საბოლოოდ, როგორ დააჯილდოვა მათი ერთგულება. მათ მსგავსად ანდრეიმ გადაწყვიტა, რომ იეჰოვასთვის კონკრეტული ლოცვებით მიემართა. ის გვიხსნის: „ვლოცულობდი და იეჰოვას მხნეობას ვთხოვდი, დიახ მხნეობას, მხნეობას და ისევ მხნეობას. … ვიცით, რომ განსაკუთრებულ დროში ვცხოვრობთ. ეს გვაძლევს იეჰოვასადმი მსახურების, გამოცდილების მიღების და იეჰოვაზე მინდობის უნიკალურ შესაძლებლობებს“.

ვლოცულობთ ამ სამი ძმისა და მათი ოჯახებისთვის. ვიცით, რომ იეჰოვა კვლავაც ანუგეშებს და განამტკიცებს მათ, „რათა ყოველთვის კარგს“ აკეთებდნენ და ამბობდნენ (2 თესალონიკელები 2:17).