არჩეულ მასალაზე გადასვლა

ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომა ჰოფბურგის სასახლეში (ვენა)

11 აგვისტო, 2020
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

ამერიკელი და ევროპელი დიპლომატები გმობენ რუსეთის მთავრობის მიერ იეჰოვას მოწმეთა დევნას

ამერიკელი და ევროპელი დიპლომატები გმობენ რუსეთის მთავრობის მიერ იეჰოვას მოწმეთა დევნას

ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპის დაახლოებით 30 ქვეყანა მკაცრად გმობენ რუსეთის მთავრობის მიერ იეჰოვას მოწმეთა დევნასა და მათ მიმართ სასტიკი ზომების მიღებას. საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკა რუსეთის მისამართით ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) მუდმივმოქმედი საბჭოს a შეხვედრაზე გაჟღერდა. ეს შეხვედრა 2020 წლის 23 ივლისს გაიმართა.

შეერთებულ შტატებში ეუთოს მისიის წარმომადგენელთა პოლიტიკურმა მრჩეველმა, ლეინ დარნელ ბალმა იქ შეკრებილთ მიმართა: „შეერთებული შტატებისა და სხვა არაერთი ქვეყნის წარმომადგენლებმა ხმა აიმაღლეს რუსეთში მიმდინარე მოვლენების წინააღმდეგ და მომავალშიც დააფიქსირებენ თავიანთ პოზიციას. მათ დაგმეს იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ მიმართული რუსეთის ხელისუფლების ძალადობრივი ქმედებები: ჩხრეკა, უკანონო დაკავება, წამება და ზოგ შემთხვევაში ექვსწლიანი ვადით თავისუფლების აღკვეთა“.

დიპლომატები განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოთქვამდნენ ბოლო დროს მომხდარ უსამართლობაზე, კერძოდ იმ ფაქტზე, რომ ვორონეჟის ოლქში სამართალდამცავები იეჰოვას მოწმეების 100-ზე მეტ სახლში შეიჭრნენ. ლეინ დარნელ ბალმა დასძინა: „მშვიდობიანი რელიგიური ჯგუფის მიმართ ასეთი მასშტაბური მკაცრი ზომების გატარება ნამდვილად შემაშფოთებელია“.

შეშფოთებას გამოთქვამს გაერთიანებული სამეფოს დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე ნიკოლა მარიც: „გახშირებული რეიდებისა და სახლების ჩხრეკის ფაქტების საფუძველზე იქმნება შთაბეჭდილება, რომ რუსეთის მთავრობა ორგანიზებულ კამპანიას ეწევა იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ. ეგრეთ წოდებული ფაქტები, რომელთა საფუძველზეც მოწმეებს ასამართლებენ, ამ ხალხის რელიგიურ საქმიანობას უკავშირდება“.

ლეინ დარნელ ბალმა მკაცრად გააკრიტიკა უფლებამოსილი პირები ვორონეჟში, რომლებიც დაკავებულ იეჰოვას მოწმეებს „კონსპირაციული მეთოდების“ გამოყენებაში ადანაშაულებდნენ. „კონსპირაციულ მეთოდებში“ ისინი გულისხმობდნენ ელექტრონული სახით ანგარიშებისა თუ სხვა დოკუმენტების შენახვას, ჯგუფების ორგანიზებასა და ვიდეოკონფერენციით შეხვედრების ჩატარებას. ლეინ დარნელ ბალმა რუსეთის ხელისუფლების ამ ბრალდებას „სამარცხვინო და აბსურდული“ უწოდა. მან დასძინა: «ასეთ „კონსპირაციულ მეთოდებს“ მე ყოველდღე მივმართავ». შემდეგ კი თქვა, რომ რუსეთის დელეგაციის წევრებიც გამოდიან დამნაშავეები, რადგან ეუთოს სხდომას დისტანციურად ესწრებიან.

ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნისა და 8 არაწევრი ქვეყნის ერთობლივ განცხადებაში აღნიშნული იყო: „ჩვენ მოვისმინეთ რუსეთის დელეგაციის მხრიდან მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომებზე არაერთგზის გაკეთებული განცხადებები, რომ იეჰოვას მოწმეები სარგებლობენ და მომავალშიც ისარგებლებენ რელიგიისა ან რწმენის თავისუფლების უფლებით და ეს უფლება ხელშეუხებელია. თუმცა ჩვენ კვლავაც გვესმის ცნობები იეჰოვას მოწმეთა სახლებში ჩატარებული რეიდების, დაკავებებისა და მათ მიმართ სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების ფაქტების შესახებ. ეს სრულიად ეწინააღმდეგება იმას, რასაც რუსეთის დელეგაცია აცხადებს“.

განცხადებაში აგრეთვე ნათქვამი იყო: „როგორც ყველა ადამიანის, ისე იეჰოვას მოწმეების უფლებებიც უნდა იყოს დაცული: მათ შორის რელიგიის ან რწმენის თავისუფლების უფლება, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების უფლება და გამოხატვის თავისუფლების უფლება ისე, რომ არ მოხდეს არანაირი დისკრიმინაცია, რასაც საერთაშორისო სამართალი ავალდებულებს ეუთოს წარმომადგენლებს რუსეთში და რაც რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციითაა გარანტირებული“.

ნიკოლა მარიმ გაერთიანებული სამეფოს დელეგაციის განცხადების დასასრულს რუსეთის ხელისუფლებას მოსთხოვა, რომ შეწყვიტოს იეჰოვას მოწმეების დევნა.

ლეინ დარნელ ბალმა რუსეთის მთავრობას მოუწოდა: 1) შეწყვიტოს იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიება; 2) დააბრუნოს იეჰოვას მოწმეთა მთავარი სამმართველოს კუთვნილი უძრავი ქონება და 3) დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა დაპატიმრებული იეჰოვას მოწმე.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა საერთაშორისო ორგანიზაციები ჩვენი და-ძმების დასაცავად ხმას იმაღლებენ რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ. ის ფაქტი, რომ საერთაშორისო საზოგადოებისთვის ცნობილია ამ უმოწყალო დევნის შესახებ, ერთგვარი გაფრთხილებაა რუსეთის ხელისუფლებისთვის. რაც ყველაზე მთავარია, დარწმუნებულები ვართ, რომ იეჰოვამ კარგად იცის, რისი ატანა უწევთ ჩვენს რუს და-ძმებს (ფსალმუნი 37:18). ჩვენი ზეციერი მამა კვლავაც დააჯილდოებს თავის ერთგულ მსახურებს გაბედულებისა და მოთმინებისთვის (ფსალმუნი 37:5, 28, 34).

a მთელი რიგი საკითხების მოგვარებასთან ერთად ეუთოს მიზანი ადამიანის უფლებების დაცვაა. გადაწყვეტილებებს, ძირითადად, ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭო იღებს.