არჩეულ მასალაზე გადასვლა

ანასტასია გუზევა და მისი მეუღლე, კონსტანტინე

2021 წლის 2 აპრილი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

ანასტასია გუზევას რწმენის გამო პატიმრობა ემუქრება

ანასტასია გუზევას რწმენის გამო პატიმრობა ემუქრება

განახლებული ინფორმაცია | რუსეთის სასამართლომ არ დააკმაყოფილა ანასტასია გუზევას საჩივარი

2021 წლის 2 დეკემბერს ებრაელთა ავტონომიური ოლქის სასამართლომ არ დააკმაყოფილა და ანასტასია გუზევას საჩივარი და ძალაში დატოვა თავდაპირველი სასჯელი. მისთვის გამოტანილი განაჩენი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.

2021 წლის 19 აგვისტოს ებრაელთა ავტონომიურ ოლქში მდებარე ბირობიჯანის რაიონულმა სასამართლომ ანასტასია დამნაშავედ ცნო და 30-თვიანი პირობითი სასჯელი შეუფარდა.

ზოგადი ინფორმაცია

ანასტასია გუზევა

  • დაბადების წელი: 1979 (ბირობიჯანი)

  • ბიოგრაფია: აღზარდა მარტოხელა დედამ ორ ძმასთან ერთად. ბავშვობაში უყვარდა კითხვა, სპორტული თამაშები და სამეჯლისო ცეკვა. ათი წლის იყო, როცა ბებიასთან სახლში ბიბლია ნახა. მას შემდეგ სურვილი გაუჩნდა, მეტი გაეგო ღვთის შესახებ. მოგვიანებით დედასთან ერთად ბიბლიის შესწავლა დაიწყო იეჰოვას მოწმეებთან. ორივენი 1995 წელს მოინათლნენ. 2001 წელს დაქორწინდა კონსტანტინეზე.

სასამართლო საქმე

რუსმა სამართალდამცავებმა ანასტასიასა და კონსტანტინეს ბინა 2018 წლის მაისში გაჩხრიკეს. 2019 წლის ივლისში კონსტანტინეს წინააღმდეგ აღიძრა საქმე „ექსტრემიზმის“ ბრალდებით, 2020 წლის თებერვალში კი — ანასტასიას წინააღმდეგ. ებრაელთა ავტონომიურ ოლქში, მთლიანობაში, 19 საქმეა აღძრული 23 მოწმის წინააღმდეგ.

სასამართლო პროცესებმა ბევრი სირთულე შეუქმნა ანასტასიასა და კონსტანტინეს. „ექსტრემისტების“ იარლიყის გამო ორივე გაათავისუფლეს მუსიკალური სკოლიდან, სადაც ისინი მუშაობდნენ. 2021 წლის თებერვალში კონსტანტინეს ორწელიწადნახევრიანი პირობითი სასჯელი შეუფარდეს.

ანასტასია გვიამბობს, რა ეხმარება განსაცდელის მოთმინებით ატანაში: „უკეთესია, გონებაში დაუშვა, რომ დევნის ობიექტი გახდები და იფიქრო იმაზე, თუ როგორ მოიქცევი სხვადასხვა სიტუაციაში. მაგალითად, როცა კითხულობ იმ მოვლენების შესახებ, რომლებიც იესოს დედამიწაზე მსახურების ბოლო დღეს განვითარდა, აშკარად ხვდები, რომ იესოს ნაფიქრი ჰქონდა, როგორ მოიქცეოდა, როცა დააპატიმრებდნენ ... როდის უნდა ელაპარაკა, რა უნდა ელაპარაკა და როდის უნდა ყოფილიყო ჩუმად“.

ანასტასიასთვის რომაელების 8:38, 39-ში ჩაწერილმა სიტყვებმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. ის ამბობს: „სიხარულის მიზეზი ნამდვილად მაქვს. სამყაროში ორ უძლიერეს პიროვნებას ვუყვარვარ და ამ სიყვარულს წინ ვერაფერი დაუდგება. ამის გააზრება მხნეობას და მოთმინებისთვის საჭირო ძალას მაძლევს“.