2021 წლის 25 თებერვალი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
ანა ლოხვიცკაიას, მის მეუღლესა და დედამთილს ბოროტმოქმედებაში ედებათ ბრალი
განახლებული ინფორმაცია | რუსეთის სასამართლო არ აკმაყოფილებს ანას საჩივარს
2021 წლის 16 დეკემბერს ებრაელთა ავტონომიური ოლქის სასამართლომ არ დააკმაყოფილა და ანა ლოხვიცკაიას საჩივარი. მისთვის გამოტანილი სასჯელი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.
2021 წლის 20 ივლისს ებრაელთა ავტონომიურ ოლქში მდებარე ბირობიჯანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო ანა ლოხვიცკაია და ორწელიწადნახევრიანი პირობითი სასჯელი შეუფარდა.
ზოგადი ინფორმაცია
ანა ლოხვიცკაია
დაბადების წელი: 1993 (ბირობიჯანი)
ბიოგრაფია: გაზარდა დედამ, რომელმაც ასწავლა ბიბლიური პრინციპებით ცხოვრება. მოინათლა 2012 წელს. გახდა დახელოვნებული მკერავი. დაქორწინდა არტურზე 2018 წელს. ცოლ-ქმარს უყვარს თევზაობა, მოგზაურობა და ფრენბურთის თამაში.
სასამართლო საქმე
2020 წლის 6 თებერვალს ბირობიჯანის სამართალდამცავებმა ანას და ხუთ დას ბრალად წაუყენეს „ექსტრემისტულ“ საქმიანობაში მონაწილეობა. აღნიშნულ ოლქში სულ 19 სისხლის სამართლის საქმეა აღძრული იეჰოვას მოწმეთა წინააღმდეგ. მათ რიცხვში შედიან ანას მეუღლე არტური და დედამთილი ირინა.
სამართლებრივმა დევნამ დიდი სირთულეების წინაშე დააყენა ეს ახალგაზრდა წყვილი. მათ არ შეუძლიათ საცხოვრებელი ტერიტორიის დატოვება, საბანკო ანგარიშების გამოყენება და ზოგიერთი მომსახურებით სარგებლობა. შექმნილი მდგომარეობის გამო ანას ემოციური გადაღლილობა აწუხებს, რისთვისაც ის დროდადრო მკურნალობას საჭიროებს.
ანა გვიზიარებს, რა ეხმარება ამ რთულ სიტუაციაში: „ემოციურ შვებას მგვრის ჩვენი მაუწყებლობის სიმღერების მოსმენა. სიმღერები იმაშიც მეხმარება, რომ სხვა თვალით შევხედო განსაცდელებს. ფიზიკური აქტიურობაც მიწყობს ხელს იმაში, რომ გონება დადებითი აზრებით მქონდეს დაკავებული“.
ანა და არტური ცდილობენ, სხვები დააყენონ საკუთარ თავზე წინ. „მიზნად დავისახეთ, რომ სხვებს ყოველთვე გავუკეთოთ საჩუქრები, თუნდაც პატარა საჩუქრები. ვცდილობთ სხვებზე ვიფიქროთ და მხოლოდ საკუთარ საწუხარზე ფიქრით არ ვიყოთ მოცული“, — აღნიშნავს ანა.
განაჩენის მოლოდინში ანა საკუთარ მდგომარეობას ისე უყურებს, როგორც იმის შესაძლებლობას, რომ იეჰოვას საქმით დაუმტკიცოს ერთგულება (ფსალმუნი 18:25).