27 ᲗᲔᲑᲔᲠᲕᲐᲚᲘ, 2023
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
ანდრეი ანდრეევი ციხიდან გაათავისუფლეს
2023 წლის 22 თებერვალს ძმა ანდრეი ანდრეევი დაახლოებით სამწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხიდან გაათავისუფლეს.
ანდრეი 2019 წლის 16 ოქტომბერს რამდენიმე ძმასთან ერთად დააპატიმრეს. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც კურსკში იეჰოვას მოწმეების მისამართით მასობრივი ჩხრეკები და დაკითხვები განხორციელდა. ანდრეი თითქმის 20 თვე ჰყავდათ დროებითი მოთავსების იზოლატორში. 2021 წლის 3 ივნისს მას თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს.
პატიმრობის პერიოდში ანდრეი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ თავისი მეუღლის, სვეტლანას, და ქალიშვილების, ანჟელიკასა და ალბინას, სულიერ კეთილდღეობაზე ეზრუნა. წერილების მეშვეობით ის რეგულარულად აძლევდა ოჯახს ბიბლიურ რჩევა-დარიგებას. მან ქორწინების მოხსენებაც კი დაწერა ანჟელიკასთვის, რომელიც მამის ციხეში ყოფნის დროს დაქორწინდა. ანჟელიკა ამბობს: „მან შესანიშნავი, ემოციური თემა დაგვიწერა, რომელმაც არცერთი მსმენელი არ დატოვა გულგრილი. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ მამა იქვე იყო, ჩვენ გვერდით“.
ანდრეის მოსანახულებლად მის ოჯახს ავტობუსით რვა საათი უნდა ემგზავრა და ისიც მხოლოდ ერთი გზა. სვეტლანა აღნიშნავს, რომ ფინანსურად რთული პერიოდი ედგათ, მაგრამ ის და მისი ქალიშვილები ყოველთვის გრძნობდნენ ადგილობრივი და-ძმების მხარდაჭერას. ისინი ეხმარებოდნენ მათ საკვებით, აგრეთვე ეხიდებოდნენ ქირისა და ტრანსპორტირების ხარჯების დაფარვაში. სვეტლანასა და მისი ქალიშვილებისთვის ანდრეის მოსანახულებლად ადგილი რომ დაეკავებინა, ზოგი და-ძმა მნახველების გრძელ რიგში მთელი ღამეც კი დგებოდა.
მართალია, ციხის მკაცრმა პირობებმა ანდრეის ჯანმრთელობაზეც ცუდად იმოქმედა, მაგრამ ამას ვერ ვიტყვით მის სულიერ ჯანმრთელობაზე. მისი რწმენა კვლავაც ძლიერია. ქრისტიანული თვისებებისა და კარგი რეპუტაციის წყალობით ანდრეიმ ციხის ზედამხედველების პატივისცემა მოიპოვა. შედეგად მას სტუმრების მიღებასთან დაკავშირებით დამატებითი შეღავათებით სარგებლობის უფლება მისცეს. ანდრეი აღნიშნავს: „არავითარი წყენა, სიბრაზე და, რა თქმა უნდა, არც სიძულვილი არ გამაჩნია ვინმეს მიმართ. იეჰოვას დახმარებით ეს რთული პერიოდი გადავიტანე და ბედნიერი ვარ“.
გვჯერა, იეჰოვა კვლავაც უხვად დააჯილდოებს ანდრეის, რომელიც ქრისტიანულ სიყვარულს ავლენს სხვების მიმართ (1 იოანე 4:16).