არჩეულ მასალაზე გადასვლა

2018 წლის 31 მაისი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

რუსეთში ექსტრემიზმის ბრალდებით დაკავებული კიდევ ერთი იეჰოვას მოწმის საქმის განხილვა მიმდინარეობს

რუსეთში ექსტრემიზმის ბრალდებით დაკავებული კიდევ ერთი იეჰოვას მოწმის საქმის განხილვა მიმდინარეობს

70 წლის პენსიონერი, არკადია აკოფიანი, რომელიც იეჰოვას მოწმეა, ექსტრემისტულ საქმიანობაში მონაწილეობის ბრალდებით დააპატიმრეს და უკვე ერთი წელია, მისი საქმის განხილვა მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას დიდი ფულადი ჯარიმა დაეკისრება ან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

პროკურორის განცხადებით, არკადია აკოფიანი წლების განმავლობაში ადგილობრივ სამეფო დარბაზში რეგულარულად ატარებდა შეხვედრებს და „რელიგიურ შუღლს აღვივებდა“. სასამართლო დაეყრდნო ექვსი ცრუმოწმის ჩვენებას, რომლებიც არ არიან იეჰოვას მოწმეები. მათ სასამართლოს ცრუ ჩვენება მისცეს და აღნიშნეს, რომ აკოფიანი რელიგიური მსახურების დროს ცილისმწამებლურ განცხადებებს აკეთებდა და „ექსტრემისტულ“ ლიტერატურას აძლევდა მათ, რათა შემდგომ თვითონაც გაევრცელებინათ.

აკოფიანი და მისი ნაცნობები ამ ბრალდებებს უარყოფენ. აკოფიანის ადვოკატმა სასამართლოს წარუდგინა მტკიცებულება, რომ ზემოაღნიშნულმა ექვსმა მოწმემ ცრუ ჩვენება მისცა. ისინი იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზის ახლოსაც კი არ ყოფილან მისული. უფრო მეტიც, იეჰოვას მოწმეები არ აძლევენ რელიგიურ ლიტერატურას  გასავრცელებლად მათ, ვინც არ არიან იეჰოვას მოწმეები. არკადია აკოფიანის მეუღლემ, სონიამ, რომელიც არ არის იეჰოვას მოწმე, ჯვარედინი დაკითხვის დროს აღნიშნა, რომ ის და არკადია უკვე ორმოცი წელია, დაქორწინებულები არიან და ბედნიერად ცხოვრობენ. ამ ხნის განმავლობაში მის მეუღლეს არცერთი ნათესავისთვის არ დაუძალებია, გამხდარიყო იეჰოვას მოწმე.

მოსამართლე ოლეგ გოლოვაშკომ ექსპერტებს დაავალა, დაედგინათ, აღვივებდა თუ არა აკოფიანი შეხვედრების ჩატარების დროს რელიგიურ შუღლს. 2018 წლის 15 მაისს გამართულ აკოფიანის საქმის მოსმენაზე მოსამართლემ ექსპერტებს მოსთხოვა, რომ საქმეზე მუშაობა 2018 წლის სექტემბრისთვის დაასრულონ, თუმცა მანამდე სასამართლო პროცესი გაგრძელდება. საქმის შემდეგი მოსმენა ჩანიშნულია 5 ივნისს; დაგეგმილია აკოფიანის ჯვარედინი დაკითხვა. მიუხედავად იმისა, რომ აკოფიანი წინასწარ პატიმრობაში არ იმყოფება, მას პრახლადნის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით 2017 წლის მაისიდან აკრძალული აქვს ქვეყნის დატოვება.

გრეგორ ალენი, იეჰოვას მოწმეების მთავარი მრჩეველი იურიდიულ საკითხებში, აღნიშნავს: „აკოფიანი რუსეთის ხელისუფლების მორიგი მსხვერპლია. რუსეთი არასწორად იყენებს ექსტრემიზმთან დაკავშირებულ კანონს იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ. აკოფიანი მშვიდობიანი და კანონმორჩილი მოქალაქეა, რომელსაც მხოლოდ ის სურს, რომ ღმერთს მშვიდობიან პირობებში ემსახუროს. იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ ხელისუფლების მიზანმიმართული ქმედებები თითოეული მოწმის უფლებებს ზღუდავს და იწვევს არსებული საზოგადოებრივი წყობის დაშლას“.

არკადია აკოფიანი, მეორე იეჰოვას მოწმეა რუსეთში, რომელსაც ექსტრემისტულ საქმიანობაში უსამართლოდ დასდეს ბრალი. 2018 წლის თებერვალში, ორიოლში აღნიშნული ბრალდებით დენის კრისტენსენი დააკავეს, რომელიც ერთი წელია წინასწარ პატიმრობაში იმყოფება და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ათწლიანი თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. a დანარჩენი შვიდი იეჰოვას მოწმისთვის, რომლებიც რუსეთის სხვადასხვა რეგიონში წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან, ჯერ ბრალი ოფიციალურად არ წაუყენებიათ.

a ეს ორი იეჰოვას მოწმე გასამართლდა სისხლის სამართლის კოდექსის საფუძველზე, თუმცა მათ ბრალი სხვადასხვა მუხლით წაუყენეს. აკოფიანს სისხლის სამართლის კოდექსის 282-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ბრალი ედება რელიგიური შუღლის გაღვივებაში. ხოლო დენის კრისტენსენი დაადანაშაულეს სისხლის სამართლის კოდექსის 282-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი პუნქტის საფუძველზე; მას ბრალად ედება ექსტრემისტულად გამოცხადებული რელიგიური ორგანიზაციის საქმიანობის ორგანიზება, რაც შედარებით მძიმე სასჯელს ითვალისწინებს.