2020 წლის 8 სექტემბერი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
ახალგაზრდა მოწმეები, იგორ ბარანოვი და დარია დულოვა, რწმენასა და გაბედულებას ავლენენ
რუსეთში მცხოვრები ჩვენი ორი ძვირფასი თანაქრისტიანი, ძმა იგორ ბარანოვი და და დარია დულოვა, სიმხნევეს არ კარგავენ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი შეიძლება დამნაშავეებად ცნონ და ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯონ. ძმა იგორ ბარანოვი, რომელიც ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული, მხოლოდ 19 წლისაა. და დარია დულოვა კი, სულ რაღაც 18 წლის იყო, როცა სამართალდამცავებმა მის სახლში რეიდი მოაწყვეს. იგორი და დარია ყველაზე ახალგაზრდები არიან იმ 380-ზე მეტ იეჰოვას მოწმეთა შორის, რომლებსაც რუსეთში რწმენის გამო აქვთ ბრალი წაყენებული.
ძმა იგორ ბარანოვი 2020 წლის 27 მაისიდან იმყოფება წინასწარი დაკავების იზოლატორში. დარია დულოვა კი სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინშია. მათი სასამართლო საქმეები ცალ-ცალკე განიხილება. რთული მდგომარეობის მიუხედავად, ორივე მათგანს გადაწყვეტილი აქვს, ბოლომდე იეჰოვას ერთგული დარჩეს.
27 მაისს ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის შეიარაღებულმა თანამშრომლებმა რეიდი მოაწყვეს სახლში, სადაც ძმა იგორი დედასთან ერთად ცხოვრობდა. იმავე დღეს მოსამართლე ალექსეი შატილოვმა მიიღო გადაწყვეტილება იგორის დაპატიმრების თაობაზე იმის საფუძველზე, რომ იმ მხარეში ის იეჰოვას მოწმეთა „ერთი-ერთი ლიდერი იყო“.
ძმა იგორი ამბობს, რომ, როდესაც რეიდის დროს სამართალდამცავები მის დაშინებას ცდილობდნენ, მან ლოცვით იეჰოვას მიმართა და შეძლო სიმშვიდის შენარჩუნება. მან თქვა: „ერთმა ოფიცერმაც აღნიშნა, რომ ჩხრეკის დროს ისე მშვიდად ვიყავი, თითქოს ველოდი მათ მოსვლას“.
იგორი ამბობს: „გამუდმებით შევახსენებ საკუთარ თავს, რომ, თუ იეჰოვა უშვებს ამ სიტუაციას, ესე იგი შემიძლია ავიტანო“. შემდეგ კი დასძენს: „მხურვალე ლოცვები და წმინდა სული მეხმარება, არ შევშინდე. გარდა ამისა, ვიცი, რომ დამნაშავე არ ვარ. სინდისი სუფთა მაქვს, რადგან რწმენის გამო ვიდევნები“.
როგორც ძმა იგორი აღნიშნავს, იზოლატორში მას ცუდად არ ექცევიან. პატიმრები პატივს სცემენ და ისე ეპყრობიან, როგორც უმცროს ძმას. „ისინი ხვდებიან, რომ ჩემი ადგილი აქ არ არის“, — თქვა იგორმა.
2018 წლის 1-ლ აგვისტოს, ოფიცრებმა ის ბინა გაჩხრიკეს, სადაც დარია დულოვა და დედამისი ცხოვრობენ. როგორც და დარია ამბობს, სამართალდამცავების მათ ბინაში შეჭრამ და დაპატიმრებამ მას დიდი ემოციური ტკივილი მიაყენა, მაგრამ რწმენა ვერ შეუსუსტა. „გადაწყვეტილი მაქვს, იეჰოვას ერთგული დავრჩე. რაც არ უნდა მოხდეს, სიკვდილამდე მისი მსახური ვიქნები“, — თქვა მან.
დარია დულოვას საქმეზე სასამართლო მოსმენა 2019 წლის სექტემბერში დაიწყო კარპინსკის საქალაქო სასამართლოში (სვერდლოვსკის ოლქი). ერთ-ერთი ბოლო მოსმენის დროს, დარიამ სასამართლოს წინაშე განაცხადა, რომ ჩვეულებრივ, ადამიანები ერთმანეთს უყვებიან იმ სასიხარულო მოვლენების შესახებ, რაც მათ ცხოვრებაში ხდება. მან თქვა: „მაგალითად, მე ვიცი, რომ ღმერთი მალე დედამიწას სამოთხედ გადააქცევს და ადამიანებს მხოლოდ სიხარულის ცრემლები მოადგებათ თვალზე. ნუთუ არ უნდა ვუამბო ამ სასიხარულო ამბის შესახებ სხვებს?!“.
ლოგიკური მსჯელობისა და გაბედული თავდაცვის მიუხედავად, დარია დულოვა 2020 წლის 27 იანვარს დამნაშავედ ცნეს. მას ერთწლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდეს. დაცვის მხარემ აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა.
2020 წლის 6 აგვისტოს სვერდლოვსკის საოლქო სასამართლომ გააუქმა ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე კვლავ კარპინსკის საქალაქო სასამართლოს დაუბრუნა, რათა ის ახალი მოსამართლის ხელმძღვანელობით განეხილათ. სასამართლო მოსმენის თარიღი ჯერ არ ჩანიშნულა. ამ საქმის პარალელურად, და დარია დულოვას, დედამისის და სხვა სამი იეჰოვას მოწმის წინააღმდეგ კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
იგორმა და დარიამ ბევრი რამ ისწავლეს სასამართლო პროცესების დროს.
და დარია გვიყვება, რა ეხმარება მას ამ სიტუაციაში: „ბიბლიას ვკითხულობ, ვემზადები კრების შეხვედრებისთვის, ვიმახსოვრებ სიმღერის ტექსტებს. ეს ყველაფერი რწმენის გაძლიერებაში მეხმარება. ბიბლიიდან წაკითხულ აზრებზე ღრმა ფიქრი გვეხმარება, უარყოფითი აზრები და შიში თავიდან ამოვიგდოთ“.
ძმა იგორი აღნიშნავს: „ასეთ სირთულეებს რომ გაუძლო, ღმერთთან ახლო ურთიერთობა გჭირდება. ფუჭად ნუ გაფლანგავთ დროს. დღესვე განიმტკიცეთ იეჰოვასთან მეგობრობა“.
ბიბლიაში უამრავი შემთხვევაა ჩაწერილი, საიდანაც ჩანს, როგორ ეხმარებოდა იეჰოვა თავის ახალგაზრდა მსახურებს გაბედულებისა და სიმტკიცის გამოვლენაში. დარწმუნებული ვართ, იეჰოვა კვლავაც დაეხმარება რუსეთში თუ სხვაგან მცხოვრებ ჩვენს ძვირფას ახალგაზრდა თანაქრისტიანებს, რომლებიც რწმენის გამო იდევნებიან (1 სამუელი 1:20; 16:18; 2 მეფეები 5:1—3; დანიელი 1:14—17; 3:17—27).