არჩეულ მასალაზე გადასვლა

2017 წლის 20 დეკემბერი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

რუსეთში ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ კვლავ აკრძალულია

რუსეთში ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ კვლავ აკრძალულია

დღეს ლენინგრადის საოლქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა იეჰოვას მოწმეების საჩივარი, რომელიც ეხებოდა ვიბორგის საქალაქო სასამართლოს მიერ აგვისტოში მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც რუსულ ენაზე შესრულებული „ბიბლიის ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ექსტრემისტულ პუბლიკაციად გამოცხადდა და აიკრძალა. სასამართლო პროცესს დაახლოებით 30 ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის ბრიტანეთის, ნიდერლანდების, შვეიცარიისა და შეერთებული შტატების საელჩოების წარმომადგენლები.

სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ რამდენჯერმე წარმოადგინა იმის აშკარა მტკიცებულებები, რომ სასამართლოს მიერ დანიშნული ექსპერტები, რომლებმაც განაცხადეს, რომ „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ბიბლია არ არის, არაკვალიფიციურები და მიკერძოებულები იყვნენ. დაცვის მხარის განცხადებით, სწორედ ამ ექსპერტების დასკვნამ განაპირობა ის, რომ „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ექსტრემისტულად გამოცხადდა.

ეგრეთ წოდებული ექსპერტები ამტკიცებდნენ, რომ „ახალი ქვეყნიერების თარგმანს“ არ შეიძლება ბიბლია ვუწოდოთ, რადგან მასში პირდაპირ არ არის ნათქვამი, რომ ის ბიბლიაა. ამ არგუმენტის გასაბათილებლად დაცვის მხარემ მოიყვანა 2007 წელს რუსულ ენაზე გამოცემული ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ მეხუთე გვერდზე მოცემული ციტატა: „ეს არის რუსულ ენაზე შესრულებული ბიბლიის ახალი თარგმანი“. დაცვის მხარემ გააკრიტიკა ეგრეთ წოდებული ექსპერტები იმის გამო, რომ ისინი 287 დღე იკვლევდნენ ამ წიგნს და ამის მიუხედავად, მხედველობიდან გამორჩათ მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ წინასიტყვაობის მესამე აბზაცშია მოცემული.

სასამართლოს მიერ დანიშნულმა ერთ-ერთმა ექსპერტმა დაკითხვისას განაცხადა, რომ „ახალი ქვეყნიერების თარგმანს“ ბიბლიას ვერ ვუწოდებთ, რადგან მასში არ არის აღნიშნული, რომ ის პატრიარქის მიერ არის კურთხეული და სიტყვასიტყვით არ მიჰყვება ამგვარ თარგმანებს. „ექსპერტებისთვის“ აგრეთვე მიუღებელი იყო ღვთის სახელის, იეჰოვას, გამოყენება. ისინი ამტკიცებდნენ, რომ „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ეკლესიის სწავლებებს ეწინააღმდეგება. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის არცერთი შუამდგომლობა, რომ „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ შესახებ მიუკერძოებელი ექსპერტების აზრი მოესმინათ.

იეჰოვას მოწმეებმა რუსეთში უკვე ყველა სასამართლო ინსტანციას მიმართეს. ამიტომ ისინი ზემოაღნიშნული საქმის თაობაზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეიტანენ საჩივარს.

მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეები დარწმუნებული არიან, რომ ვერცერთი მთავრობა ვერ გაიმარჯვებს ღვთის სიტყვის წინააღმდეგ ბრძოლაში და ყველა ეს მცდელობა საბოლოოდ მარცხს განიცდის (ესაია 40:8).

საკონტაქტო პირი:

საერთაშორისო: დეივიდ სიმონიანი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1-845-524-3000