არჩეულ მასალაზე გადასვლა

ძმა დიმიტრი მიხაილოვი ინტერვიუს დროს. ის 2018 წლის 29 მაისს დააკავეს რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა; მან 171 დღე გაატარა წინასწარი პატიმრობის იზოლატორში.

2019 წლის 18 ივნისი
რუსეთი

გაეროს ექსპერტთა ჯგუფი აცხადებს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ უკანონოდ დააკავა ძმა დიმიტრი მიხაილოვი

გაეროს ექსპერტთა ჯგუფი აცხადებს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ უკანონოდ დააკავა ძმა დიმიტრი მიხაილოვი

თვითნებურად დაკავების საკითხებზე მომუშავე გაეროს ექსპერტთა ჯგუფი აქვეყნებს დასკვნას, რომლის თანახმადაც რუსეთის ხელისუფლების მიერ ძმა დიმიტრი მიხაილოვის დაპატიმრება არის ადამიანის „რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია“ და საერთაშორისო კანონის უხეში დარღვევა. მათ მოუწოდეს რუსეთის ხელისუფლებას, მოუხსნან დიმიტრი მიხაილოვს სისხლის სამართლის ბრალდებები.

თვითნებურად დაკავების საკითხებზე მომუშავე გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა აღნიშნული საქმის თაობაზე 12-გვერდიანი დასკვნა გამოაქვეყნა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დიმიტრი მიხაილოვის ქმედებები „ყოველთვის მშვიდობიანი იყო“. გარდა ამისა, მასში ნათქვამია, რომ „არცერთი ფაქტი არ არსებობს იმის დასამტკიცებლად, რომ მას ან თუნდაც რუსეთის ფედერაციაში მცხოვრებ რომელიმე იეჰოვას მოწმეს, მიემართა ძალადობისთვის ან ვინმე წაექეზებინა ძალადობისკენ“.

თვითნებურად დაკავების საკითხებზე მომუშავე გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა დაასკვნა, რომ ძმა დიმიტრი მიხაილოვს „არანაირი ბრალი არ მიუძღვის. ის უბრალოდ სარგებლობდა რელიგიური თავისუფლების უფლებით. ამის გამო არ უნდა დაეკავებინათ და არ უნდა მოეთავსებინათ წინასწარი პატიმრობის იზოლატორში“. ამას გარდა, ექსპერტთა ჯგუფმა აღნიშნა, რომ მთავრობამ ძმა დიმიტრის უნდა აუნაზღაუროს როგორც მორალური, ისე ფინანსური ზარალი გაცდენილი სამუშაო საათების შესაბამისად.

ზემოხსენებულმა ჯგუფმა აგრეთვე აღნიშნა, რომ დიმიტრი მიხაილოვი „რწმენის გამო უსამართლოდ დაპატიმრებული ერთადერთი ადამიანი არ არის. ის ერთ-ერთია იმ იეჰოვას მოწმეთა მზარდი რიცხვიდან, რომელთაც რუსეთის ფედერაციაში აკავებენ, აპატიმრებენ და სისხლის სამართლის დანაშაულში სდებენ ბრალს მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი სარგებლობენ თავიანთი რელიგიური თავისუფლების უფლებით“ — უფლებით, რომელიც საერთაშორისო კანონმდებლობითაა დაცული. აქედან გამომდინარე, აღნიშნულმა ჯგუფმა დაგმო ჩვენი თანამორწმუნეების წინააღმდეგ მიმართული მასტშაბური დევნა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე და მკაფიოდ დააფიქსირა საკუთარი აზრი, რომ არა მხოლოდ ძმა დიმიტრი იყო დაპატიმრებული უკანონოდ, არამედ — „მსგავს სიტუაციაში მყოფი ყველა იეჰოვას მოწმე“.

დიმიტრი მიხაილოვმა ბიბლიის შესწავლა მოზარდობის ასაკში დაიწყო და 1993 წელს 16 წლის მოინათლა. 2003 წელს ის დაქორწინდა ელენაზე და მას შემდეგ მათ ერთად განაგრძეს იეჰოვასადმი მსახურება.

2018 წელს ცოლ-ქმარმა მიხაილოვებმა შენიშნეს, რომ მათი ტელეფონები ისმინებოდა ხელისუფლების მიერ; ამასთანავე, რამდენიმე თვის განმავლობაში უთვალთვალებდნენ და ფარულად უღებდნენ ვიდეოებს. 2018 წლის 19 აპრილს რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა ივანოვოს ოლქში ძმა მიხაილოვის წინააღმდეგ აღძრა სისხლის სამართლის საქმე; კბილებამდე შეიარაღებულმა პოლიციელებმა მისი სახლი გაჩხრიკეს. ერთი თვის შემდეგ კი ის დააპატიმრეს ექსტრემისტული საქმიანობის დაფინანსების ბრალდებით და წინასწარი პატიმრობის იზოლატორში მოათავსეს. 171 დღის შემდეგ ის გაათავისუფლეს. თუმცა მას შეზღუდული აქვს გადაადგილება და კომუნიკაცია, ვინაიდან მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე ჯერ არ დახურულა.

რუსეთის ხელისუფლებამ 6 თვის ვადაში უნდა მოახდინოს რეაგირება თვითნებურად დაკავების საკითხებზე მომუშავე გაეროს ექსპერტთა ჯგუფის შენიშვნებზე და აცნობოს ამ ჯგუფს, დახურეს თუ არა მიხაილოვის წინააღმდეგ აღძრული საქმე, გადაუხადეს თუ არა კომპენსაცია და აღძრეს თუ არა საქმე მისი უფლებების დამრღვევთა წინააღმდეგ.

თვითნებურად დაკავების საკითხებზე მომუშავე გაეროს ექსპერტთა ჯგუფის დასკვნამ შეიძლება ცვლილებები გამოიწვიოს ყაზახეთში მცხოვრები ძმა თეიმურ ახმედოვის საქმეშიც. ის 2017 წელს დააპატიმრეს და ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს იმის გამო, რომ საკუთარ მრწამსზე სხვებს ესაუბრებოდა. მას შემდეგ, რაც თეიმურ ახმედოვის ადვოკატებმა ყაზახეთის ყველა ინსტანციის სასამართლოში წააგეს საქმე, დახმარებისთვის მიმართეს თვითნებურად დაკავების საკითხებზე მომუშავე გაეროს ექსპერტთა ჯგუფს. 2017 წლის 2 ოქტომბრით დათარიღებულ დასკვნაში გაეროს ექსპერტთა აღნიშნულმა ჯგუფმა დაგმო ყაზახეთის ხელისუფლების ქმედება და მოითხოვა თეიმურ ახმედოვის გათავისუფლება. ექვსი თვის შემდეგ ძმა თეიმურს ყაზახეთის პრეზიდენტის ამნისტია შეეხო და 2018 წლის 4 აპრილს ციხიდან გათავისუფლდა.

იმისდა მიუხედავად, გამოეხმაურება თუ არა რუსეთის ხელისუფლება თვითნებურად დაკავების საკითხებზე მომუშავე გაეროს ექსპერტთა ჯგუფის მოწოდებას, ჩვენ ბოლომდე ვართ დაიმედებული შემდეგ დაპირებაზე: „ბედნიერია კაცი, ვინც თავს აფარებს [იეჰოვას]“. ჩვენ ვლოცულობთ, რომ იეჰოვამ მზრუნველობა არ მოაკლოს რუსეთში მცხოვრებ იმ და-ძმებს, რომელთაც უსამართლოდ სდებენ ბრალს კრიმინალურ ქმედებებში, რათა მათ კვლავაც დაინახონ, რომ იეჰოვას მოიმედეს „არაფერი მოაკლდება“ (ფსალმუნი 34:8, 10).