არჩეულ მასალაზე გადასვლა

ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე მომუშავე გაეროს ექსპერტთა ჯგუფის განცხადებით ეს ათი და-ძმა, სხვა რვა და-ძმასთან ერთად, უკანონოდ დააკავეს და დააპატიმრეს რუსეთში: ანდრეი მაგლივი, იგორ ეგოზარიანი, რუსლან კოროლევი, ვლადიმერ კულიასოვი და ვალერი როგოზინი (ზემოთ, მარცხნიდან მარჯვნივ); ვალერი შალევი, ტატიანა შამშევა, ოლგა სილაიევა, ალექსანდრე სოლოვიევი და დენის ტიმოშინი (ქვემოთ, მარცხნიდან მარჯვნივ).

2020 წლის 18 მაისი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

გაეროს ექსპერტთა ჯგუფი აცხადებს, რომ 18 იეჰოვას მოწმის დაკავებით რუსეთი არღვევს საერთაშორისო სამართალს

გაეროს ექსპერტთა ჯგუფი აცხადებს, რომ 18 იეჰოვას მოწმის დაკავებით რუსეთი არღვევს საერთაშორისო სამართალს

ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე მომუშავე გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა გამოსცა 15-გვერდიანი დასკვნა, სადაც აღნიშნულია, რომ 2018 წლის მაისიდან 2019 წლის ივლისამდე 18 იეჰოვას მოწმის დაკავებისა და დაპატიმრების ფაქტებით რუსეთის ხელისუფლებამ დაარღვია საერთაშორისო სამართალი.

ექსპერტთა ჯგუფის მიერ გაკეთებული დასკვნის თავდაპირველი ეგზემპლარი 2020 წლის 15 მაისს გამოიცა. დასკვნის სრული ვერსია კი მალე გაეროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდება.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში თვითნებური დაკავების საკითხებზე მომუშავე გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა უკვე მესამედ გამოსცა დასკვნა იეჰოვას მოწმეთა სასარგებლოდ. ბოლო დასკვნაში ზემოაღნიშნული ჯგუფი გმობს რუსეთში ჩვენი და-ძმების წინააღმდეგ განხორციელებულ არაერთ უსამართლო ქმედებას.

თვითნებური დაკავების საკითხებზე მომუშავე გაეროს ექსპერტთა ჯგუფი აცხადებს, რომ იეჰოვას მოწმეების დაკავებისას უფლებამოსილი პირები „განსაკუთრებულ ძალაუფლებას“ იყენებენ და ასკვნის, რომ „არ არსებობს არანაირი გამამართლებელი საფუძველი პოლიციის მიერ განხორციელებული მსგავსი ქმედებებისთვის“. დასკვნაში აგრეთვე აღნიშნულია: „ადგილი არ უნდა ჰქონოდა არცერთი [იეჰოვას მოწმის] დაკავებისა და წინასწარი დაკავების იზოლატორში მოთავსების ფაქტს; არ უნდა გაიმართოს ან არ უნდა გამართულიყო სასამართლო პროცესები რომელიმე მათგანის საქმეზე“.

ექსპერტთა ჯგუფი კატეგორიულად გამორიცხავს, რომ მოწმეების მხრიდან ადგილი ჰქონდა რაიმე „ექსტრემისტულ“ ქმედებას. მათი განმარტებით, ჩვენი და-ძმები მხოლოდ და მხოლოდ „თავიანთი რელიგიური თავისუფლების უფლებით სარგებლობდნენ მშვიდობიან გარემოში“.

გარდა ზემოაღნიშნულისა, დასკვნაში ექსპერტებმა დაგმეს მეთოდები, რომელთა გამოყენებითაც ცდილობდნენ ჩვენი და-ძმების გატეხვას სასამართლო პროცესზე. მაგალითად, როცა მოსმენები იმართებოდა ორი დის წინასწარი დაკავების ვადის გახანგრძლივების თაობაზე, ორივე მათგანი სასამართლო დარბაზში მდგარ სპეციალურ საკანში ჰყავდათ მოთავსებული. ექსპერტთა ჯგუფის განმარტებით, საერთაშორისო სამართლის თანახმად, ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, „ითვლებოდეს უდანაშაულოდ, სანამ კანონის საფუძველზე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება“. ამ მიზეზის გამო ჩვენი დები „სასამართლო პროცესების დროს არ უნდა ყოფილიყვნენ ბორკილდადებულნი და არც დარბაზში მდებარე საკანში მოთავსებულნი ან სხვა რაიმე სახით ისე წარმოჩენილნი, რომ თითქოს საშიშ დამნაშავეებს წარმოადგენდნენ“.

თვითნებური დაკავების საკითხებზე მომუშავე გაეროს ექსპერტთა ჯგუფი რუსეთის ხელისუფლებისგან მოითხოვს, რომ გააუქმოს 18-ვე იეჰოვას მოწმის ნასამართლეობის სტატუსი და მოახდინოს მათი კომპენსირება საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. გარდა ამისა, რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებენ, „სრულად და ობიექტურად გამოიძიოს ყველა ის გარემოება, რაც საფუძვლად დაედო თავისუფლების თვითნებური აღკვეთის ფაქტებს“ და „მიიღოს სათანადო ზომები იმ პირთა წინააღმდეგ, რომელთაც [იეჰოვას მოწმეთა] უფლებების დარღვევის პასუხისმგებლობა ეკისრებათ“.

დასკვნაში აღნიშნული იყო, რომ ეს 18 იეჰოვას მოწმე არის მხოლოდ „ნაწილი იეჰოვას მოწმეთა იმ მზარდი რიცხვისა რუსეთში, რომლებიც არიან დაკავებულნი, დაპატიმრებულნი და დამნაშავეებად გამოცხადებულნი მხოლოდ და მხოლოდ თავიანთი რელიგიის თავისუფლების უფლებით სარგებლობის გამო“. მიუხედავად იმისა, რომ ეს დასკვნა უპირველესად ეხება 18 იეჰოვას მოწმეს, ექსპერტთა ჯგუფი ცალსახად აცხადებს, რომ აღნიშნული რეკომენდაციები „ვრცელდება მსგავს სიტუაციაში მყოფ ყველა სხვა იეჰოვას მოწმეზე“.

მართალია, თვითნებური დაკავების საკითხებზე მომუშავე გაეროს ექსპერტთა ჯგუფის მიმართვა არ არის იმის გარანტია, რომ რუსეთში დაკავებულ ყველა ჩვენს და-ძმას გაათავისუფლებენ, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ეს ცოტათი მაინც გააუმჯობესებს მდგომარეობას. ველით უფლებამოსილი პირების გამოხმაურებას. რუსეთში მცხოვრები ჩვენი და-ძმები გაბედულად იტანენ დევნას ღვთის დახმარებით. გვჯერა, რომ ჩვენი მზრუნველი მამა კვლავ მისცემს მათ სიხარულსა და მშვიდობას, რათა ყოველთვის მასზე დაამყარონ იმედი (რომაელები 15:13).