2019 წლის 13 ნოემბერი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
გაერო მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ძმა ალუშკინი
თვითნებური დაკავების საკითხებზე მომუშავე გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა გამოსცა 12-გვერდიანი მიმართვა, სადაც გმობს რუსეთის ხელისუფლების უკანონო ქმედებას ვლადიმერ ალუშკინის დაკავებასა და დაპატიმრებასთან დაკავშირებით. ხელისუფლებას მოუწოდებენ, გაათავისუფლოს ძმა ალუშკინი და გადაუხადოს მას სათანადო კომპენსაცია მისი უფლებების ხელყოფისთვის.
ძმა ალუშკინი 2018 წლის 15 ივლისს დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც თორმეტამდე შეიარაღებული პოლიციელი მის ბინაში შეიჭრა. თითქმის ოთხსაათიანი ჩხრეკის შემდეგ მათ ძმა ვლადიმერს ჩამოართვეს მობილური ტელეფონები, ელექტრონული მოწყობილობები, ბიბლიები და სხვა ლიტერატურა, შემდეგ კი განყოფილებაში გადაიყვანეს დასაკითხად.
ადგილობრივმა სამართალდამცავებმა ის ორი დღით დროებითი დაკავების იზოლატორში მოათავსეს, შემდეგ კი, პენზის რაიონული სასამართლოს ბრძანებით, ორი თვით წინასწარი დაპატიმრების ცენტრში გადაიყვანეს. სასამართლომ ორჯერ გაუხანგრძლივა ძმა ალუშკინს წინასწარი პატიმრობის ცენტრში ყოფნის ვადა. დაახლოებით ექვსი თვის შემდეგ ის შინაპატიმრობაში გადაიყვანეს. იგი დღემდე აღნიშნული სასჯელის ქვეშ რჩება.
დანაშაულის მოხსნისა და გათავისუფლების მიზნით ძმა ალუშკინმა განცხადებით მიმართა თვითნებური დაკავების საკითხებზე მომუშავე გაეროს ექსპერტთა ჯგუფს. ადამიანის უფლებების დამცველი ექსპერტებისგან შემდგარი ეს ჯგუფი, რომელიც გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერაა უფლებამოსილი, აგვარებს ცალკეულ პირებთან დაკავშირებულ საქმეებს, რომლებიც ეხება უკანონო დაკავების, შინაპატიმრობის, წინასწარი პატიმრობისა და დაპატიმრების ფაქტებს.
თვითნებური დაკავების საკითხებზე მომუშავე გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა დეტალურად განიხილა რუსეთის ხელისუფლების ბრალდება ძმა ალუშკინის წინააღმდეგ ექსტრემისტულ საქმიანობაში მონაწილეობასთან დაკავშირებით და დაასკვნა: „საქმიანობა, რომლითაც ბატონი ალუშკინი იყო დაკავებული, ეხებოდა აბსოლუტურად მშვიდობიან რელიგიურ მსახურებას. თვითნებური დაკავების საკითხებზე მომუშავე გაეროს ექსპერტთა ჯგუფი დარწმუნებულია, რომ აღნიშნული ქმედებებით ბატონი ალუშკინი უბრალოდ სარგებლობდა რელიგიის თავისუფლების უფლებით პაქტის („საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ“) მე-18 მუხლის საფუძველზე“. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიმართვაში ნათქვამი იყო: „თვითნებური დაკავების საკითხებზე მომუშავე გაეროს ექსპერტთა ჯგუფი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბატონი ალუშკინი არ უნდა დაეპატიმრებინათ და არ უნდა ჩაესვათ წინასწარი დაკავების იზოლატორში და, რომ საერთოდ არ არსებობს მისი გასამართლების რაიმე მიზეზი“. გარდა ამისა, თვითნებური დაკავების საკითხებზე მომუშავე გაეროს ექსპერტთა ჯგუფი რუსეთის ხელისუფლებისგან მოითხოვს, რომ „დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები და აღკვეთოს ბატონი ალუშკინის წინააღმდეგ მიმართული უსამართლობა“. მიმართვაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ „ერთადერთი სამართლიანი ქმედება მდგომარეობის გამოსასწორებლად, ბატონი ალუშკინის დაუყოვნებლივ გათავისუფლებაა“.
თვითნებური დაკავების საკითხებზე მომუშავე გაეროს ექსპერტთა ჯგუფს კარგად ესმის, რომ ძმა ალუშკინის საქმე არ არის გამონაკლისი. „რუსეთის ფედერაციაში დღითი დღე იზრდება იმ იეჰოვას მოწმეთა რიცხვი, რომელთაც უსამართლოდ აკავებენ, აპატიმრებენ და სისხლის სამართლის ბრალდებებს უყენებენ მხოლოდ და მხოლოდ იმის საფუძველზე, რომ ისინი თავიანთი რელიგიის თავისუფლების უფლებით სარგებლობენ“. ესაა უფლება, რომელსაც საერთაშორისო სამართალი იცავს. აქედან გამომდინარე, თვითნებური დაკავების საკითხებზე მომუშავე გაეროს ექსპერტთა ჯგუფი თავის მიმართვაში გმობს არა მხოლოდ ძმა ალუშკინის წინააღმდეგ განხორციელებულ უსამართლო ქმედებებს, არამედ რუსეთის ფედერაციაში მცხოვრებ ყველა იეჰოვას მოწმის წინააღმდეგ მიმართულ ფართომასშტაბიან დევნას.
რუსეთის ხელისუფლება ჯერ არ გამოხმაურებია თვითნებური დაკავების საკითხებზე მომუშავე გაეროს ექსპერტთა ჯგუფის რეკომენდაციებს. ნაცვლად ამისა, 2019 წლის აგვისტოში პენზის უფლებამოსილმა პირებმა ძმა ალუშკინის საქმე სასამართლოს წარუდგინეს განსახილველად. სასამართლო მოსმენები გაიმართება 2019 წლის 15, 19 და 22 ნოემბერს.
ვიმედოვნებთ, რომ რუსეთის სასამართლო გაითვალისწინებს თვითნებური დაკავების საკითხებზე მომუშავე გაეროს ექსპერტთა ჯგუფის მიმართვას ძმა ალუშკინის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას. ამ გადაწყვეტილების მოლოდინში, ფსალმუნმომღერლის მსგავსად, ბოლომდე იეჰოვაზე ვართ მინდობილნი: „არ შემეშინდება ... იეჰოვაა ჩემ გვერდით ჩემ დამხმარეებთან ერთად ... იეჰოვასთან თავის შეფარება სჯობია ადამიანზე მინდობას“ (ფსალმუნი 118:6—9).